"თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა" - ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო...
"თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა" - ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო...
მათ რუსთაველის თეატრში გაიცნეს ერთმანეთი. დაუახლოვდნენ და ბევრი აღარ უფიქრიათ, დაქორწინება გადაწყვიტეს... ასე შეიქმნა კიდევ ერთი თეატრალური ოჯახი, თუმცა ორივესათვის ეს მეორე ქორწინება იყო. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ცოლქმრული ურთიერთობა, სხვების მსგავსად, დიდხანს არ გასტანდა, მაგრამ შეცდნენ, - ორ ათეულზე მეტი გავიდა და დღემდე ერთად არიან, თანაც ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს.

- თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა, - იხსენებს ჟანრი ლოლაშვილი.
იგი არ მალავს, რომ დანახვისთანავე მოიხიბლა ამ მშვენიერი ქალით. მათ ჯერ "კავკასიურ ცარცის წრეში" ითამაშეს ერთად, მოგვიანებით კი ლუარსაბი და დარეჯანიც გახდნენ.

ალბათ, მსახიობურთან ერთად, მანამდეც ჰქონდათ კულინარიის ნიჭი, ფაქტია, რომ საკმაოდ კარგად უძღვებიან ''რუსთავი 2"-ს დილის ეთერში "სამზარეულოს", მეტიც, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უკეთ გამოუვა ესა
თუ ის კერძი. თათული ამბობს: "ჟანრი ცნობილი გურმანი და KvirisPalitra.Geკულინარია და თავისი კულინარიული შესაძლებლობებით სამართლიანად ტრაბახობს კიდეც, მე კი ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. ჩვენ თანამედროვე ლუარსაბი და დარეჯანი ვართ, რომლებსაც საჭმლის გაკეთებაც უყვართ და ჭამაც".

ჟანრის და თათულის საერთო შვილიც ჰყავთ, ვაჟი. მთელი წლის განმავლობაში თათულის ხელს უწყობენ ოჯახის წევრები, საოჯახო საქმეს არ აკარებენ, რადგან სანამ თეატრალური სეზონი დამთავრდება, ოჯახის დიასახლისი სპექტაკლებითაა დაკავებული. სამაგიეროდ, როგორც კი თეატრში "საზაფხულო არდადეგები" ცხადდება, როლები იცვლება და ახლა თათული აქტიურობს ოჯახში. აღიარებს, რომ ქმარმა ოდნავ გააზარმაცა, რადგან სამზარეულოში სულ ჟანრი ფუსფუსებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თათული მეუღლეზე ნაკლები კულინარია.

- ჩვენს ოჯახში არ არის დაყოფილი ქალისა და კაცის საქმე. ვისაც დრო აქვს და შესაძლებლობა, ის აკეთებს საქმეს. სანამ გავთხოვდებოდი, ბევრი რამ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მიკვირდა იმ ქალების, რომლებიც კაცის ტვირთს წამოიკიდებდნენ და ეზიდებოდნენ. გავიდა დრო და ახლა მე ვიტვირთე ბევრი რამ, მაგრამ ტყუილსაც ვერ ვიტყვი, ჟანრი ძალიან მეხმარება. ხშირად გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც სხვა კაცი თითსაც არ დააკარებს. ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე, რა არის თქვენი შეხმატკბილებული ურთიერთობის საიდუმლოო. რა არის და ერთმანეთის გვერდით დგომა, ოჯახის საკეთილდღეოდ ბევრ უსიამოვნო წვრილმანზე (ურომლისოდაც არ არსებობს არც ერთი ოჯახი) თვალის დახუჭვა და, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი - სიყვარული, - ამბობს ქალბატონი თათული.


თათული 1952 წელს დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. მისი პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ვანო გოგიტიძე, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. რაც ჟანრის ცოლია, მასთან ერთად ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.

ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს დაიბადა. დაამთავრა 23-ე სკოლა. გამორჩეული მოსწავლე იყო. ყველა საგანი ერთნაირად იტაცებდა, მაგრამ ხატვა მაინც მეტად უყვარდა. ერთხანს ქართულ კინოსტუდიაში მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა, შემდეგ სწავლა მოსკოვში განაგრძო, მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსებზე. თბილისის თეატრალური ინსტიტუტიც დაამთავრა და ერთი წელი ზუგდიდის თეატრში მუშაობდა, შემდეგ რუსთაველში გადაინაცვლა. 1976 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 1981 წელს კი - სახალხო არტისტისა.

ამ თეატრალური წყვილისთვის თეატრი მეორე ოჯახია, სადაც კარგად გრძნობენ თავს.

თათული: - მიმაჩნია, რომ ჟანრი ძალიან კარგი მსახიობია. იგი გამომგონებელია, ერთი და იგივე როლი შეუძლია სხვადასხვანაირად შეასრულოს, სულ ძიებაშია და ამითაცაა საინტერესო მასთან, როგორც პარტნიორთან თანამშრომლობა. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. იგი ხელოვანი ადამიანია, ძალიან კარგად ხატავს. ერთი სიტყვით, მასთან ვერ მოიწყენ.


როცა ჟანრი ლოლაშვილს ინტერვიუსთვის შინ ვეწვიე, მან ჯერ თავისი ნახატები დამათვალიერებინა, მერე კი ლუარსაბსა და დარეჯანზე მელაპარაკა:

- თათული ისეთი დარეჯანია, ვგიჟდები მასზე. თუკი ილიას პერსონაჟები კრიტიკას იმსახურებენ, ჩვენი ლუარსაბი და დარეჯანი KvirisPalitra.Geეროვნულები არიან, საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრობენ, მისი მომავალი ადარდებთ. რა ქნან, ჭამა უყვართ და გურმანები არიან, განა ეს დანაშაულია? მეც გურმანი ვარ და თათულიც. როცა სამზარეულოში ვარ, იქ სხვის ჩარევას ვერ ვეგუები. მიყვარს კერძების მომზადება და მერე მათი გაფორმება. ჩემი აზრით, გემრიელ კერძს ფერადი და მოხატული თეფში არ სჭირდება. იგი თეთრ, ქათქათა თეფშზე უნდა დაიდოს, მომზადებისას კი მხოლოდ ხის კოვზი უნდა გამოიყენო. მეკითხებიან ხოლმე, სად ისწავლე ასე კარგად საჭმლის მომზადება, რომელი კულინარიული წიგნით სარგებლობო? არანაირი წიგნით არ ვსარგებლობ. იმ ქალს ან კაცს რა ვუთხარი, რომელიც წიგნით სწავლობს კერძის მომზადებას. ჩემთვის მთავარი ჩემი ენაა... ასე პასუხობდა მიტროფანე ლაღიძე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მისი წყლის დაგემოვნებისას მსგავს კითხვას აძლევდნენ. მეც ვიზიარებ ლაღიძის აზრს. თათული მიეჩვია ჩემს კერძებს, გემრიელად მიირთმევს, მაგრამ ზოგჯერ მსაყვედურობს, რად გინდა, ამდენ დროს რომ უთმობ სამზარეულოსო... რა ვქნა, რაც მიყვარს, ყველაფერს დიდი დროს ვუთმობ.…განა ხატვას არ ვუთმობ დიდ დროს? რომ დავიწყებ, ყველაფერი მავიწყდება, ჭამაც კი... თათული რომ მიყვარს, მასაც უდიდეს დროს ვუთმობ, მისთვის არაფერი დამენანება, სულიც კი...

აი, ასე უყვართ ჟანრისა და თათულის ერთმანეთი, საერთო ბევრი აქვთ: შვილი, საყვარელი საქმე, ოჯახი და მეგობრები, ერთმანეთი სულაც არ სწყინდებათ, რადგან ერთსაც და მეორესაც სიურპრიზების მოწყობა უყვარს, რაღაც პატარა "საიდუმლოს", იდუმალსა და საინტერესოს, თავისთვის ინახავენ, რომ საჭირო დროს გამოავლინონ და ამდენი ხნის მერეც მიმზიდველი გახადონ ცოლქმრული ურთიერთობა.

(სპეციალურად საიტისათვის)
ტოტო
07 ივნისი 2021 19:49
ბატონი ჟანრი უნიჭიერესი მსახიობი,შემომქმედი ბუნების მქონე ადამიანი.მხატვარი,რომელიც საოცრად ხედავს გარშემომყოფთ.თათული უნიჭიერესი,უსაყვარლესი...ბედნიერებას გისურვებთ და ძალიან დიდხანს სიცოცხლეს.
nana
30 დეკემბერი 2015 20:31
ისეთი ბუნებრივია ბატონი ჟანრი ნებისმიერ როლში, რომ სიტყვები არ მყოფნის! ყოველთვის მგონია, რომ მხოლოდ იმ როლისთვის დაიბადა, რასაც იმ დროს ანსახიერებს!
ღმერთმა ბევრ ხანს უმყოფოს საქართველოს და ქართველებს თქვენი თავი, ბატონო ჟანრი!
...
30 დეკემბერი 2015 20:28
ვგიჯდები ორივეზე. დიდხანს იცოცხლეთ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები