წყვილები: ოდრი ჰეპბერნი და რობერტ უოლდერსი - კვირის პალიტრა

წყვილები: ოდრი ჰეპბერნი და რობერტ უოლდერსი

მშვენიერი ლედის ერთადერთი სიყვარული

იგი შეუდარებელი იყო იმ კაშკაშა ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც 50-60-იანი წლების კინემატოგრაფიაში ეპოქა შექმნეს. მას ჰოლივუდის პრინცესას ბემბის თვალებით უწოდებდნენ. იყო თუ არა ბედნიერი ეს ულამაზესი ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, - ფულიც, დიდებაც, ხალხის სიყვარულიც, ვარსკვლავურ ქედმაღლობას კი არასოდეს შეუწუხებია! სამწუხაროდ, მშვენიერი ლედი პირად ცხოვრებაში საკმაოდ უიღბლო გახლდათ. მის გვერდით მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე მამაკაცი იყო, არადა, ძალიან უნდოდა, ერთადერთი ჰყოლოდა. მან იცოდა, რა იყო ოჯახის დანგრევა და ამის გამო უდანაშაულო ბავშვის გაუნელებელი ტკივილი. ამიტომაც ოჯახს სერიოზულად ეკიდებოდა. დიდ სიყვარულზე ოცნებობდა, მაგრამ მისი ცხოვრების მამაკაცები ისეთ ქალსაც კი, როგორიც ოდრი იყო, ღალატობდნენ, ის კი ღალატს ვერ ეგუებოდა.

მშვენიერ ლედის ბავშვობა ბედნიერი არ ჰქონია. ოდრის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ჰემესტრა გახლდათ, მამა კი ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ-რამსტონი. ბარონესა ამპარტავანი და ძალაუფლების მოყვარული ქალი იყო (ქალიშვილმა მისგან მემკვიდრეობით მხოლოდ დახვეწილი მანერები მიიღო, დანარჩენი მამისგან ერგო წილად, მასავით თბილი და გულმოწყალე გახლდათ). ცოლ-ქმარი ვერ შეეწყო ერთმანეთს. ხშირად კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, რასაც მწვავედ განიცდიდა პატარა ოდრი. ერთხელ, როცა მამა ლაბადით, შლაპითა და ჩემოდნით დაინახა, მივარდა და აკანკალებული ხმით უთხრა: მამიკო, შენ, ალბათ, იმაზე გაბრაზდი, რომ სუფრა კარგად ვერ გავშალე. გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ გინდაო. მამამ კი მიუგო: ჩემო გოგონავ, რაც უნდა გააკეთო, აქედან წასვლას ვერაფერი გადამაფიქრებინებსო და წავიდა. მამის წასვლით გამოწვეული ტკივილი მთელი ცხოვრება თან სდევდა ოდრის. ბარონესამ ოდრის პატარაობიდანვე ჩააგონა: ნამდვილი ლედი 46 კგ-ზე მეტს არ უნდა იწონიდეს, დამპირდი, რომ ამ წონას შეინარჩუნებ, აი, რა დამემართა, როგორც კი გავსუქდიო და ოდრიც მთელი სიცოცხლე ცდილობდა, დედისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა.Aქმართან განქორწინების KvirisPalitra.Geშემდეგ დედამ ის ნიდერლანდში წაიყვანა და კერძო სკოლაში მიაბარა. მალე ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და ყველას გაუჭირდა, მათ შორის - ბარონესასაც. გერმანელებს რომ ყურში ცუდად არ მოხვედროდათ ინგლისური სახელი, დედამ შვილს ტევტონური ედათი შეუცვალა და ომის წლებში ასეც ეძახდა. ოდრის სხვა გოგონებთან ერთად ჰოლანდიელი ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმელში ჩადებული წერილები მიჰქონდა ხოლმე. პატარა გოგონას ხან ციოდა, ხან შიოდა, მაგრამ მოთმენის საოცარი უნარი ჰქონდა. ყველაფერს აიტანდა, ოღონდ ეცეკვა. ცეკვა ხომ სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ ამის დრო არ იყო, ომი მძვინვარებდა. წამოიზარდა და ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდა. ომის დასრულებისთანავე ინგლისში გაემგზავრა და ბალეტის სკოლაში შევიდა. თავდავიწყებით შეუდგა ცეკვის სწავლას, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ დიდ სცენაზე სოლო პარტიებს მაინც სხვებს აძლევდნენ. მას სიმაღლის გამო იწუნებდნენ. როცა პირველ ფილმში, "მონტე-კარლო", აიყვანეს რიგით მოცეკვავედ, იგი უმალ შეამჩნია ცნობილმა ამერიკელმა სცენარისტმა და ოდრის ბროდვეის სცენაზე ჟიჟის როლი შესთავაზა. ჯერ კიდევ ნორჩმა ოდრიმ ფრანგი მეძავის როლი ისე შეასრულა, ყველა აღაფრთოვანა. ეს იყო და ეს,…ამის შემდეგ თავბრუდამხვევი წარმატება მოვიდა. 1953 წელს ოდრი "რომაულ არდადეგებში" გადაიღეს და ოსკარითაც დააჯილდოეს. მას პარტნიორობას უწევდა უკვე სახელგანთქმული და ქალების გულთამპყრობელი გრეგორი პეკი.

50-იანი წლების დასაწყისში ოდრი ჰეპბერნი ჯეიმს ჰანსონზე დაქორწინდა, რომელსაც ერთ წელიწადში გაშორდა. სრულიად სხვადასხვა, ერთმანეთის შეუფერებელი ადამიანები აღმოჩნდნენ.

ერთ დღეს გრეგორი პეკმა წვეულება გამართა და ჰეპბერნიც დაპატიჟა. იქ ოდრიმ მელ ფერერი გაიცნო. ცოტა ხანში მათი სიყვარულისა და KvirisPalitra.Geქორწილის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. მალე ოდრი დედა გახდა, გააჩინა ვაჟი - შონი. დიდ დროს უთმობდა ოჯახს და შვილს. ბავშვი რომ წამოიზარდა, ოდრი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა. სწორედ მაშინ იღებდნენ "ომსა და მშვიდობას" და ოდრიმ ბრწყინვალედ შეასრულა ნატაშა როსტოვას როლი. ფილმის უდიდეს წარმატებას სწორედ ოდრის მიაწერენ. მელ ფერერიც ამ ფილმში თამაშობდა. გადაღების დროს თვალში საცემი გახდა ფერერის ზღვარგადასული კონტროლი. კაცი ქალზე გაცილებით უფროსი იყო, ატყობდა ოდრის უპირატესობას და გამუდმებით ცდილობდა დაემცირებინა. "განა, ასეთი ცუდი ვარ?"- ჩაილაპარაკებდა ხოლმე ოდრი, სმენაგამახვილებული ქმარი კი სასხვათაშორისოდ გასცემდა პასუხს: "არა, მაგრამ არც ისე კარგი ხარ, როგორიც თავი გგონია". მას ეშინოდა, ახალგაზრდა და ლამაზ ოდრის საყვარელი არ გაეჩინა, ამ დროს თავად არც ფლირტს იკლებდა, არც ხანმოკლე რომანებს. ოდრის სხვა მსახიობების დარად არ შეეძლო სკანდალების მოწყობა, დარდს გულში იკლავდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო მელის ღალატს და გაშორდა...

დეპრესია დაეუფლა. ამ პერიოდში გაიცნო ცნობილი იტალიელი ფსიქიატრი ანდრეა დოტი, რომელმაც განაცხადა, რომ ოდრის დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა მიღებული, ომისდროინდელი განცდები და მშობლების განშორებით მიღებული ტკივილი ტანჯავდა, ამას თან დაერთო ოჯახის დანგრევა და დეპრესიამაც ამიტომ იჩინა თავიო. მათი ურთიერთობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. დიდ და წრფელ სიყვარულს დანატრებულმა ოდრიმ კიდევ ერთხელ გარისკა და გათხოვდა. ოდრის მეორე ვაჟი შეეძინა, ლუკასი, მაგრამ ვერც ანდრეა დოტიმ შეასრულა პირობა, რომელიც ოდრის ყველა ოცნების შესრულებას ჰპირდებოდა ქორწინებამდე. ფერერის მსგავსად, ისიც მექალთანე აღმოჩნდა. ოდრი დოტისაც გაშორდა. ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელზეც ოდრი დარდის გასაქარვებლად იყო მისული, ერთმა ახალგაზრდამ როგორც კი მოჰკრა თვალი, შენიშნა, ალბათ, ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ, სადაც ცნობილი მშვენიერი ლედი ანგელოზის როლს შეასრულებსო. ეს მსახიობი რობერტ უოლდერსი აღმოჩნდა, რომელთანაც ოდრიმ სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა. აღიარებდა, რომ რობერტი მისი ერთადერთი სიყვარული იყო.Mრობერტს მართლაც უსაზღვროდ უყვარდა ოდრი და მზად იყო, მისთვის ყველა სურვილი შეესრულებინა. ჰეპბერნს ყოველ ნერვიულობაზე კუჭის ტკივილი უმძაფრდებოდა, რობერტთან ყოფნისას კი ერთხანს ჩაუწყნარდა. როგორც იქნა, უბედნიერეს ქალად იგრძნო თავი და აი, ლამის მივიწყებულმა ტკივილმა კვლავ შეახსენა თავი. კლინიკაში გამოსაკვლევად მისულს ექიმმა არ დაუმალა სიმართლე: "თქვენ კუჭის კიბო გაქვთ". შეცბა ოდრი, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ექიმს გულწრფელობისათვის მადლობა გადაუხადა. კარგა ხანს იბრძოდა, მაგრამ მოურჩენელმა სენმა სილამაზე და მშვენიერება არ იცის. სიცოცხლის ბოლო წლები ოდრი ჰეპბერნმა შვეიცარიის ლამაზ ქალაქში, ძველებურ სახლში გაატარა. მას ერთი წუთითაც არ მოშორებია რობერტ უოლდერსი. ოდრიმ ერთ-ერთ ბოლო საგაზეთო KvirisPalitra.Geინტერვიუში განაცხადა: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ერთგულ და საყვარელ ადამიანს, რობერტს, რომელმაც ფილმებში ნათამაშევი ჩემი ყველა რომანი ერთ დიდ სიყვარულში გააერთიანა და რეალური გახადა".

ჰოლივუდის პრინცესა, მშვენიერი ლედი ბემბის თვალებით მოდელიერ იუბერ ჟივენშის მუზა იყო მრავალი წლის განმავლობაში.

ყველასათვის სათაყვანო ოდრი ჰეპბერნი 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ყველა ის მამაკაცი ესწრებოდა, რომლებიც ოდრის ეტრფოდნენ და თაყვანს სცემდნენ.

(სპეციალურად საიტისათვის)