წყვილები. პოლინა ვიარდო და ივან ტურგენევი. ყველაზე იდუმალი და რომანტიკული სიყვარული - კვირის პალიტრა

წყვილები. პოლინა ვიარდო და ივან ტურგენევი. ყველაზე იდუმალი და რომანტიკული სიყვარული

ბევრი რომანტიკული სიყვარული გახმაურებულა და ცნობილი წყვილის მიმართ ინტერესი დიდხანს, ზოგჯერ მათი სიკვდილის შემდგომაც არ განელებულა. სწორედ ასეთი ამაღლებული, მაგრამ იდუმალებით აღსავსე გახლდათ რუსი მწერლის, ივანე ტურგენევისა და ოპერის მომღერალ პოლინა ვიარდოს სიყვარულიც. ალბათ, მსგავსი ურთიერთობა იშვიათია სასიყვარულო ისტორიებს შორის. პოლინას ქმარ-შვილი ჰყავდა, როცა რუსი თავადი, მწერალი ივან ტურგენევი გაიცნო. იმ დღიდან ივანს პოლინა 40 წელი უყვარდა.

პოლინა სულაც არ გახლდათ ლამაზი, როგორიც მწერალს თავის ნაწარმოებებში ქალები ჰყავდა აღწერილი, მაგრამ გარეგნული ხიბლი როდი იყო ახალგაზრდა მწერლის დატყვევების მთავარი მოტივი. პოლინას საოცარი ხმა ჰქონდა, ისეთი, ზღაპრებში ურჩხულს რომ აატირებს... პოლინა განურჩევლად ყველას ატყვევებდა. თვით უმკაცრესი და გოროზი ვარვარა ტურგენევაც კი, მწერლის დედა, აღიარებდა - "რა საოცარი ხმით მღერის ეს ბოშა!"

არადა, პოლინა სულაც არ გახლდათ ბოშა, იგი ესპანელი იყო. ჟორჟ სანდის გახმაურებული რომანის "კონსუელოს"Aმთავარი გმირის პროტოტიპს სწორედ  პოლინა ფერნანდა გარსია ვიარდო წარმოადგენდა. იგი არც მაღალი იყო, არც მომხიბვლელი, დანახვისთანავე რომ თვალს მოსტაცებს კაცს, მაგრამ როგორც კი სიმღერას იწყებდა, ისეთი სხივი დასთამაშებდა სახეზე, ცით მოვლენილი ფერია ეგონა მსმენელს. ესპანელ პოლინას მშობლებიც მომღერლები ჰყავდა, რომლებიც ნიჭიერ გოგონას ბავშვობიდანვე ვოკალში ამეცადინებდნენ. პოლინას დაც მშვენივრად მღეროდა, მაგრამ მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ მშობლებმა მთელი ყურადღება უმცროს გოგონაზე გადაიტანეს.

KvirisPalitra.Geფორტეპიანოზე დაკვრას თავად ფერენც ლისტი ასწავლიდა. პოლინა 16 წლის იყო, როცა დეზდემონას პარტია შეასრულა პარიზში, იტალიური ოპერის სცენაზე. ეს გახლდათ მისი დებიუტი, რომლის შემდეგაც წარმატება თავბრუდამხვევი სისწრაფით მოვიდა. მალე იგი ცოლად გაჰყვა იტალიური ოპერის დირექტორს ლუი ვიარდოს. მეუღლე მასზე 21 წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს სულაც არ უქმნიდა დისკომფორტს, პირიქით, პოლინა თავს ყოველთვის დაცულად და იმედიანად გრძნობდა. მეუღლე მას ენდობოდა, პოლინა ხომ საოცრად ჭკვიანი და თავდაჭერილი იყო, ამიტომაც ვიარდო ახალგაზრდა ცოლს ეჭვიანობის სცენებს მაშინაც კი არ უმართავდა, როცა მამაკაცების დიდი ნაწილი ფანატიკური შეძახილებით ხვდებოდნენ  გასასვლელთან ან პოლინას სახლს ნარ-ნაირი თაიგულით ავსებდნენ.

სწორედ მაშინ გამოჩნდა პოლინას ცხოვრებაში რუსი თავადი ივან ტურგენევი, რომელმაც პოლინა მაშინ გაიცნო, როცა იტალიური ოპერის თეატრი პეტერბურგში იყო გასტროლებზე. დაინახა, მოისმინა და მომღერლის ტყვე გახდა. მოხიბლულმა ივანმა იმდენი მოახერხა, რომ ნადირობისას გაიცნო ლუი ვიარდო, მან კი შინ მიიწვია რუსი თავადი და ცოლს ასე წარუდგინა: "გაიცანი, ეს რუსი თავადია, შესანიშნავად იცის ნადირობა და მდარე ნაწარმოებებს წერს". ასეთმა წარდგენამ სულაც არ აღაფრთოვანა პოლინა, ის ხომ მაღალი გემოვნების დახვეწილი ქალბატონი იყო, მაგრამ ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა. ვინ იფიქრებდა, რომ "მონადირე და მდარე მელექსე" დიდი მწერალი გახდებოდა, თანაც მთელ ევროპაში ცნობილი? რომ იგი დაწერდა ლიბრეტოს პოლინას რამდენიმე ოპერისათვის? რომ პოლინა ტურგენევის გამო რუსულ ენას შეისწავლიდა და კამერულ კონცერტებში აუცილებლად ჩართავდა რუსულ რომანსებს? მაშინ ტურგენევი 25 წლის ჭაბუკი იყო, წარმოსადეგი და სიმპათიური, მის დიდ სიყვარულზე უარის თქმა ძნელი იყო. პოლინასა და ივანს ხშირად ხედავდნენ ერთად, მაგრამ ჭორაობას ვერავინ ბედავდა. მათ ურთიერთობას თავად ოპერის დირექტორი საქმით ამართლებდა, ლუი ვიარდოს სჯეროდა, რომ პოლინა უკადრებელს არ ჩაიდენდა, ივანთან მეგობრობა კი, სხვა თუ არაფერი, ლიბრეტოების დაწერითაც იყო გამართლებული.

ვარვარა ტურგენევას იმის დაჯერება არ სურდა, რომ მის შვილს ოპერის მომღერალი უყვარდა. დედამ შვილის განათლებასთვის არაფერი დაიშურა, თუმცა ყველა შესაძლებელ სარძლოს ალმაცერად უყურებდა. ვარვარა "მუმუს" მრისხანე ქალბატონის ასლი იყო, ანჩხლი, პრეტენზიული, ქედმაღალი და დამცინავი. თავის ტოლად არავინ მიაჩნდა. მას შემდეგ, რაც ჩააწვეთეს ივანისა და პოლინას გასაიდუმლოებული სიყვარულის შესახებ, ყურადღება ერთიათად გაზარდა. ამჩნევდა, რომ ივანი საყვარელ ქალთან ურთიერთობას ასაიდუმლოებდა, თუმცა სულ პოლინას კვალს დაჰყვებოდა, ამიტომაც ისე, სასხვათაშორისოდ, შვილის გასაგონად ხშირად იმეორებდა: ჩემი რძალი უცხოელი არასოდეს გახდებაო. არავინ იცის, მკაცრ დედას დაუჯერებდა თუ არა ოდესღაც მორჩილი შვილი, რომ არა პოლინას სიმტკიცე და ოჯახის შენარჩუნების სურვილი. ქალი ისევ ლუი ვიარდოს ცოლად რჩებოდა, ის ხომ ლუის წინაშე დავალებულიც იყო. სწორედ ვიარდომ გაუკვალა მას გზა დიდებისაკენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პოლინამ ივანს შესთავაზა, - შენს შვილს მე წავიყვან და გავზრდი, გოგონას დედაშენთან  ყოფნა უჭირსო. ტურგენევს გლეხი ქალისგან უკანონო შვილი ჰყავდა. ეს მისი ახალგაზრდობის გატაცების ნაყოფი იყო. ბავშვს მართლაც მკაცრად ექცეოდა ბებია, ამიტომაც ივანი საყვარელ ქალს ამ წინადადებაზე მაშინვე დათანხმდა, თანაც მასთან სიახლოვის უფრო მეტი საბაბი ექნებოდა... და პოლინამაც თავისთან წაიყვანა პელაგია, რომელმაც მომღერლის სიყვარულით თავადაც პოლინა დაირქვა. მომღერალმა გოგონას საუკეთესო განათლება მისცა და თავისთან ამყოფა, სანამ სრულწლოვანი არ გახდა.

რაც შეეხება ტურგენევს, ის აღარ დაქორწინებულა. მას ბევრჯერ მოსწონებია მშვენიერი რუსი "ბარიშნები", მაგრამ გატაცება მალევე გამქრალა. იგი განხიბლული რჩებოდა, რადგან მათში ვერ პოულობდა იმ ცეცხლს და სულიერ სიღრმეს, რაც პოლინას გააჩნდა და რამაც ის დიდ მწერლად აქცია. წლები გავიდა, პოლინასა და ივანის ურთიერთობა გასცდა ჩვეულებრივ საქმიანსა და მეგობრულ ურთიერთობას და KvirisPalitra.Geორივეს სატანჯველად ექცა. პოლინა 36 წლის გახლდათ, როცა ტურგენევი პარიზში მიიპატიჟა. იქ რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტურგენევის რუსეთში გამომგზავრების შემდეგ კი პოლინამ ვაჟი გააჩინა და სახელად პოლი დაარქვა. ვისი შვილი იყო პოლი, ეს მხოლოდ პოლინამ იცოდა. ბავშვის დაბადების შემდეგ ქალმა ყველაფერი შვილს ანაცვალა, თვით უსაზღვროდ დიდი გრძნობაც კი. დედობრივმა ინსტინქტმა ამ სიყვარულზე უარი ათქმევინა, მის გულში ტურგენევისთვის ადგილი აღარ დარჩა.

რამდენიმე წლის შემდეგ პოლინამ დატოვა ოპერის სცენა, მაგრამ ბევრი მომღერლის ცხოვრებისგან განსხვავებით არ გამქრალა. ისევ მუსიკის სამყაროში ცხოვრობდა, წერდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, ჰყავდა უამრავი მოწაფე და ვოკალსა და ფორტეპიანოში ამეცადინებდა. კამერულ კონცერტებს  იგი კიდევ 20 წლის განმავლობაში ატარებდა. ტურგენევი კი, მოკლებული საყვარელ ქალთან ურთიერთობას, მარტოსული იყო, სიხარულს მხოლოდ მაშინ განიცდიდა, როცა პოლინას ახლოს იყო. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, კვლავ პოლინასკენ გაუწია გულმა. ჩავიდა მასთან პარიზში და მის სახლში განუტევა სული. მის ნეშტს სამშობლოსაკენ მიაცილებდა პოლინას ქალიშვილი კლაუდია. პოლინამ კიდევ 30 წელი იცოცხლა და თავის მამულში გარდაიცვალა შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში, სამაგიეროდ დღემდე ცოცხლობს ლეგენდა ამ ორი ადამიანის რომანტიკულ და იდუმალებით აღსავსე სიყვარულზე.

(სპეციალურად საიტისათვის)