ალექსანდრე მიქაბერიძის წიგნებით ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან - კვირის პალიტრა

ალექსანდრე მიქაბერიძის წიგნებით ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან

დღე ისე არ გავა, რომ მედიაში უცხოეთში მყოფი ქართველების უმსგავსო საქციელისა თუ დანაშაულის შესახებ ცნობა არ გამოქვეყნდეს... საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ქართველი ემიგრანტიც, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თავიანთი მოღვაწობით არიან გამორჩეულნი.

გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთი ქართველები გაგაცნოთ ხოლმე პერიოდულად. მადლობლები ვიქნებით, თუკი მკითხველიც ითანამშრომლებს ჩვენთან და გვაცნობებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ღირსეული თანამემამულეების შესახებ.

ალექსანდრე მიქაბერიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსია. მისი წიგნები ერთ-ერთი უძვირესია მსოფლიოში და ამერიკის უნივერსიტეტებში ისწავლება. საქართველო რომ მსოფლიოსთვის გაეცნო, 750-გვერდიანი ლექსიკონი გამოსცა საქართველოს ისტორიის შესახებ.

ალექსანდრე მიქაბერიძეს ინტერვიუსთვის ამერიკაში დავუკავშირდით:

- როდის, როგორ და რატომ აღმოჩნდით ამერიკაში?

- ამერიკაში ჩამოვედი 2000 წელს, როდესაც ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტში მიმიწვიეს, რომელიც ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ინსტიტუტი ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია, რომელიც რევოლუციურ ეპოქას იკვლევს და მას დიდი რესურსები აქვს მკვლევრებისათვის. ინსტიტუტში სამი წელი გავატარე, დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია, შემდგომ პროფესორად დავიწყე მუშაობა ჯერ მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად ლექციებს ვკითხულობდი ამერიკის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო კოლეჯში.

- გვიამბეთ თქვენს წიგნებზე. ერთ-ერთს, თუ არ ვცდები, ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან.

- ჩემი სპეციალობა რევოლუციური ეპოქის (1789-1815) პოლიტიკურ-სამხედრო ისტორიაა და ამ თემაზე რამდენიმე წიგნი მაქვს დაწერილი. The Russian Officer Corps of the Revolutionary and napoleonic Wars იყო პირველი საფუძვლიანი გამოკვლევა ამ საკითხზე. მან კრიტიკოსთა აღიარება და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრიზი მოიპოვა.

2007 წელს დავიწყე ტრილოგია, რომელიც ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობას შეეხება. ახლა ვმუშაობ მესამე ტომზე, რომელიც ამ ომის 200 წლისთავზე გამოვა მომავალ წელს. ორივე ტომმა  აღიარება მოიპოვა - პირველ ტომს ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრიზიც მიანიჭეს. ამ წიგნებს რამდენიმე უნივერსიტეტში იყენებენ ნაპოლეონის ომების სწავლებისას.

თებერვალში ფრანგულმა ორგანიზაცია La Renaissance Francaise-მა ოქროს მედლით დამაჯილდოვა. ეს ორგანიზაცია  1916 წელს დააფუძნა პრეზიდენტმა რაიმონდ პუანკარემ და დღესაც საფრანგეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება უწევს პატრონაჟს. საზოგადოების მიზანია ფრანგული ენის, ისტორიისა და კულტურის გავრცელება-პოპულარიზაცია.

პარალელურად ვმუშაობ მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის საკითხებზეც. წელს გამოვეცი ორი მნიშვნელოვანი წიგნი: ოცდაერთტომეული World History Encyclopedia, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მეცნიერმა, ისტორიკოსმა, სოციოლოგმა, ანთროპოლოგმა, ლინგვისტმა და ა.შ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო მე რედაქტორის მოვალეობას ვასრულებდი. წელსვე გამოვიდა ორტომეული ისლამური სამყაროს სამხედრო ისტორიაზე, რომელიც პირველი ენციკლოპედიაა ამ საკითხზე და მასში 750-მდე სტატიაა, მათ შორის რამდენიმე საქართველოს შესახებ.

- ცდილობთ საქართველო მსოფლიოს გააცნოთ...

- მართალია, მე სპეციალობით არა ვარ საქართველოს ისტორიის სპეციალისტი, მაინც ვცდილობ პატარა წვლილი შევიტანო დასავლეთში საქართველოს ისტორიაზე ინფორმაციის გავრცელებაში. ამიტომაც გამოვეცი პირველი ინგლისურენოვანი ლექსიკონი საქართველოს ისტორიაზე, რომლის 700-ზე მეტ გვერდზე მიმოხილულია ჩვენი ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, კულტურა და სხვ. ბუნებრივია,  წიგნი ზოგადი ხასიათისაა და მიზნად მკითხველისათვის ადვილად გასაგები ენით საქართველოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის წარმოჩენას ისახავს.

- როგორც ვიცი, ახლაც საინტერესო წიგნზე მუშაობთ.

- ახლახან დავასრულე ნაპოლეონის მამლუქის მემუარების პირველი ქართულენოვანი თარგმანი, რომელიც გამომცემლობა "არტანუჯმა" უნდა გამოსცეს შემოდგომაზე.

ნაპოლეონის პიროვნება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ზედმიწევნით არის შესწავლილი დასავლეთში. ერთ-ერთი გამოთვლით, ნაპოლეონის შესახებ ნახევარ მილიონზე მეტი წიგნია დაწერილი. ამიტომ ჩემი მიზანია ამ კარგად გაკვალულ გზას გადავუხვიო და ახალი მასალების საფუძველზე სხვა თვალით შევხედო ამ ეპოქას. ჩემდა საბედნიეროდ, რუსეთის მონაწილეობა ნაპოლეონის ომებში არ არის სავსებით გაშუქებული დასავლეთში და ჩემი წვლილი სწორედ ამ საკითხის გაშუქებაში მდგომარეობს. ენობრივი ბარიერის გამო ძალიან ცოტა ისტორიკოსი მუშაობს რუსეთის ისტორიაზე (ჩემ გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულ პირთა რიცხვი ერთ ხელზე შეიძლება ჩამოვთვალო,  მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ბრიტანელი ისტორიკოსია, ჯანეტ ჰარტლი და დომინიკ ლივენი. ამ უკანასკნელმა შარშან ძალიან კარგი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით რუსეთი ნაპოლეონის წინააღმდეგ", რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ჩემი კვლევითი საქმიანობა ორი სახისაა: ერთის მხრივ, ვცდილობ აკადემიური გამოკვლევებით ახლებურად განვიხილო არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ ვთარგმნო და გამოვცე საარქივო და სხვა მასალა, რაც ხელს შეუწყობს დასავლელი ისტორიკოსების კვლევით საქმიანობას.

KvirisPalitra.Ge- ზოგჯერ ამბობენ, რომ ამდენი წარმატებული ქართველი არ გვეყოლებოდა საზღვარგარეთ, რომ არა გაჭირვებული 90-იანი წლები.

- რას ბრძანებთ, აბა, სად წავიდოდა ამდენი ნიჭიერი ადამიანი? საქართველოში მშვიდობა რომც ყოფილიყო, ბევრ სფეროში არ იარსებებდა საკმარისი მასალა ან პირობები, რათა საფუძვლიანი კვლევითი საქმიანობა გვეწარმოებინა. ვთქვათ, ჩემს სფეროში, რევოლუციური ეპოქის კვლევისათვის, მასალებია საჭირო და მათ მოსაპოვებლად მაინც საჭირო იქნებოდა უცხოეთში წასვლა.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

- მყავს მეუღლე - ინა და წლინახევრის ბიჭი ლუკა-გიორგი.  ორი თვეა, საქართველოშია ბაბუა-ბებიასთან და მე და ჩემს მეუღლეს ერთი სული გვაქვს, როდის დაბრუნდება.

- ქართველებთან თუ გაქვთ ამერიკაში ურთიერთობა?

- სოციალური ქსელების მეშვეობით მაქვს კავშირი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებთან. ბუნებრივია, ჩვენს ოჯახებთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს ინტერნეტით. მე ლუიზიანის შტატის ჩრდილო-დასავლეთში ვცხოვრობ და ჩემ გარდა, აქ ქართველი არ მინახავს. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების წესს რაც შეეხება, შინ ქართულად ვსაუბრობთ, ხშირად ქართულ კერძებს ვამზადებთ (მაგალითად, გუშინწინ აჭარული ხაჭაპური გამოვაცხვეთ) და ქართულ სუფრებსაც ვშლით. ყოველ შემოდგომაზე, საქართველოში რომ რთველია, მე ჩურჩხელებს ვამზადებ, ხოლო საახალწლოდ ტრადიციულ ქართულ სუფრას ვშლით. მეგობრები უმეტესწილად რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან არიან და ერთად ვატარებთ დროს. უახლოეს მომავალში კვლავ უცხოეთში ვიქნები, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს საქართველოში დაბრუნება. ვნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)