წყვილები. მარინა ვლადი და ვლადიმირ ვისოცკი - კვირის პალიტრა

წყვილები. მარინა ვლადი და ვლადიმირ ვისოცკი

რუსი ბარდის საოცნებო ქალი

ამ ორი ადამიანის ურთიერთობა ბრძოლის ველს ჰგავდა. ორივე საბჭოთა კავშირის მთავრობას ებრძოდა, ქალი კი, ამასთან ერთად, საკუთარ ქმარსაც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ვლადიმირ ვისოცკი ხომ სასმელდამოკიდებული იყო, არ შეეძლო ალკოჰოლის გარეშე. ორივე ხელოვანი იყო. მარინა ვლადი მსახიობი და მომღერალი, ვლადიმერ ვისოცკი კი - მსახიობი, მომღერალი და პოეტი გახლდათ. ვისოცკის ქალების გულთამპყრობელს ეძახდნენ. მართლაც საოცრად კარგად გამოსდიოდა მანდილოსნების მოხიბვლა. ერთი შეხედვით, სულაც არ იყო მომხიბვლელი მამაკაცი. საშუალოზე ოდნავ დაბალ, მკაცრი სახის ვლადიმირს ხრინწიანი ხმა ჰქონდა, სამაგიეროდ, ისეთი მამაკაცური ხიბლი ჰქონდა, რომ მის წინაშე სუსტი სქესის წარმომადგენლები კიდევ უფრო "სუსტდებოდნენ".

ვლადიმირ ვისოცკი მოსკოვში დაიბადა, 1938 წლის 25 იანვარს. მამა, სემიონი, პოლკოვნიკი გახლდათ, დედა კი, ნინა მაქსიმოვნა - გერმანული ენის სპეციალისტი და მთარგმნელი. ვოვა ჩვეულებრივ კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, ომი რომ დაიწყო, ორი წლის განმავლობაში იგი დედასთან ერთად ურალის ქალაქ ბუზულუკში ცხოვრობდა. 1943 წელს დედა-შვილი მოსკოვში დაბრუნდა. ბიჭი ერთხანს მამასა და მის მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაში, ქალაქ ებერსვალდეში, სადაც კარგად დაეუფლა ფორტეპიანოზე დაკვრას, KvirisPalitra.Geმაგრამ ვერ გაძლო უცხო ქვეყანაში და მოსკოვში დაბრუნდა.Aერთხანს დრამატულ წრეზე დადიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ახლობლების დაჟინებული თხოვნით, სწავლა გააგრძელა კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც პირველი სემესტრის ბოლოს მიატოვა.

ცნობილია, თუ როგორ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება: გამოცდების მზადების დროს (ეს 1955 წლის დეკემბრის მიწურული იყო), ვალოდია თავის სკოლის მეგობართან, იგორ კოხანოვსკისთან ერთად ახალი წლის საზეიმო განწყობის ნაცვლად, საგამოცდო ნახაზებს ჩაუჯდა და ღამის 2 საათისთვის უკვე მომთავრებულიც ჰქონდა. ფანჯარასთან მდგომმა უცებ მიიღო გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ უინტერესო საქმიანობისთვის, მომავალი წლიდან კი ბედი ეცადა თეატრალურ სასწავლებელში. ხელი დაავლო ტუშით სავსე ქილას და დასრულებულ ნახაზებს გადაასხა. ამით დაესვა წერტილი მის საინჟინრო კარიერას. ვისოცკიმ წარმატებით ჩააბარა გამოცდები... 1956-60 წლებში ნემიროვიჩ-დანჩენკოს სამსახიობო სკოლა-სტუდიის სამსახიობო განყოფილების სტუდენტია. პირველ კურსზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე იზა ჟუკოვსკაია, თუმცა მასთან დიდხანს არ გაჩერებულა. შემდეგ ლიუდმილა აბრამოვა შეირთო. პირველიც და მეორე ცოლიც ძალიან ლამაზები იყვნენ, მაგრამ ვლადიმირს მხოლოდ გარეგნული ხიბლი არ აკმაყოფილებდა. მას ყველანაირად ლამაზი და სრულქმნილი ქალი უნდოდა გვერდით. 1967 წელს ვისოცკიმ გაიცნო ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა.

მარინა 50-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ანდრე მიშელის ფილმში "ჯადოქარი" და მაშინვე პოპულარობა მოიხვეჭა. მარინას 15 წლიდან იღებდნენ ფილმებში, მაგრამ საყოველთაო აღიარება სწორედ "ჯადოქრით" მოიპოვა. მაშინ უცებ შემოვიდა მოდაში გრძელი, ქერად შეღებილი სწორი თმა. ვლადის თაყვანისმცემელი გოგონები ყველაფერში მას ბაძავდნენ - ვარცხნილობაშიც, სიარულშიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრმა კოსმეტიკაზეც კი თქვა უარი. "ჯადოქრის" შემდეგ ბუნებრიობას მეტი უპირატესობა მიენიჭა. სანამ ამ ფილმში გადაიღებდნენ, ორი წლით ადრე მარინას მამა გარდაეცვალა. გოგონამ გადაწყვიტა, მამის პატივსაცემად თავის ფსევდონიმში მისი სახელის წინა ოთხი ბგერა აეღო. ასე გახდა რუსი ემიგრანტების შვილი მარია პოლიაკოვა-ბაიდაროვა მარინა ვლადი. მან რუსული კარგად იცოდა, ამიტომ რუს რეჟისორებს სიამოვნებით თანხმდებოდა ფილმებში გადასაღებად. 1967 წელს სერგეი იუტკევიჩმა მთავარ როლზე მიიწვია ფილმში "სიუჟეტი პატარა მოთხრობისათვის". მაშინ შეხვდა ვლადიმირ ვისოცკის. იმ ხანებში რუსი ბარდი ალკოჰოლთან მიჯაჭვული იყო, ამიტომაც არსად არ იღებდნენ. ერთი დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი მარინას და ვლადიმირს. მალე ხელიც მოაწერეს. 1970 წლის ზაფხულში ისინი საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ საქართველოში. ბათუმსა და თბილისში გატარებული ორი კვირა ვლადისათვის დაუვიწყარია. იგი დღემდე იხსენებს საქართველოს და აღიარებს, რომ ის 14 დღე მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო იყო. რომ არა ვლადისადმი უზომოდ დიდი სიყვარული, ვისოცკი 1980 წლამდეც ვერ იცოცხლებდა და გაცილებით ადრე დაემშვიდობებოდა ამ ქვეყანას.

KvirisPalitra.Geმარინას პირველი ქმარი ანჟელიკას ლეგენდარული ქმრის, ჟოფრეის როლის შემსრულებელი რობერ ოსეინი გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავდა. ვისოცკიც ცოლშვილიანი იყო, მაგრამ ის ხომ მთელი სიცოცხლე მშვენიერების ძიებაში იყო... მარინას ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს იპოვა ქალი, რომელსაც ეძებდა, რომელთანაც ყოფნა სიკვდილამდე არ მოსწყინდებოდა. საბჭოთა კავშირის მთავრობა ვალოდიას საზღვარგარეთ სიარულს მკაცრად აკონტროლებდა, ხშირად საფრანგეთში გამგზავრებაზეც უარსაც ეუბნებოდა. მარინა კი, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მუდამ მოსკოვისაკენ მიიჩქაროდა. შეხვედრის შემდეგ განშორება უჭირდათ, მაგრამ ქმარი ეუბნებოდა ცოლს: ამ საღორეში ყოფნა როგორ გაიძულო, მე ხომ შენ ძალიან მიყვარხარო. მაშინ შენ წამოდიო, -სთავაზობდა მარინა, რაზეც ვისოცკი პასუხობდა: "არ შემიძლია ურუსეთოდ. შვილი ხომ არ მიატოვებს დედას იმისათვის, რომ იგი მეძავია? მე რუსეთის შვილი ვარ და მომწონს თუ არა, აქ უნდა ვიყო!"

1980 წელს მოსკოვში ოლიმპიადა ტარდებოდა. მთავრობას არ უყვარდა ვისოცკი, ამიტომ საკმაოდ უღიმღამოდ გამოაქვეყნეს ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა. მხოლოდ ერთმა, არცთუ ისე ცნობილმა გაზეთმა მიუძღვნა მას დიდი სტატია. ეს კი რედაქტორს სამსახურის ფასად დაუჯდა, - იგი გაათავისუფლეს რედაქტორობიდან.

მოგვიანებით მარინა ვლადი იხსენებდა: მე მინახავს მეფის დაკრძალვაც, პრინცისა და დიდი საზოგადო მოღვაწის დასაფლავების ცერემონიაც, მაგრამ რაც იმ ზაფხულს მოსკოვში ვნახე, ასეთი რამ არასოდეს მინახავსო. ვისოცკი 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე გარდაიცვალა. ექიმების ნაწილი მიიჩნევდა, რომ იგი გულის მიოკარდიტით გარდაიცვალა, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ მან დასამშვიდებელი წამლების დიდი დოზა მიიღო, რამაც ასფიქსია გამოიწვია. ასეა თუ ისე, ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე არაა ცნობილი. ელვისებურად გავრცელდა ვისოცკის გარდაცვალების ამბავი. რამდენიმე სტადიონი, სადაც კი ტარდებოდა შეჯიბრებები, ერთბაშად დაიცალა. რუსეთის ბარდი ხალხმა გულწრფელად დაიტირა.

ვლადის იმავე დილით გააგებინეს ქმრის სიკვდილი. იგი რამდენიმე საათში ჩამოფრინდა და გვერდიდან არ მოსცილებია ქმრის ცხედარს. ვისოცკიმ მარინა ვლადის სიყვარული გაიყოლა "ვარდისფერ გზაზე". ცოლმა კი მის ხსოვნას მიუძღვნა წიგნი "ვლადიმირი ანუ შეწყვეტილი გაფრენა".

(სპეციალურად საიტისათვის)