წყვილები.მერილ სტრიპი და დონ ჰამერი - კვირის პალიტრა

წყვილები.მერილ სტრიპი და დონ ჰამერი

ქალი, რომელსაც ერთგულების ნიჭი აქვს

1949 წელი ამერიკული კინოს დიდი წარმატებით აღინიშნა. ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა ფილმები: "ადამის ნეკნი", "ტყის იქით" და "ყველაფერი ევას შესახებ". ფილმებში თამაშობდნენ ცნობილი მსახიობები: კეტრინ ჰეპბერნი, სპენსერ ტრეისი, ბეტ დევისი... იმდროინდელი ვარსკვლავები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სწორედ იმ წელს, ნიუ-ჯერსის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა გოგონა, რომელიც მათ დიდებას დაჩრდილავდა.

მერი ლუიზა სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს დაიბადა ქალაქ სამიტში. მამამისი ჰარი სტრიპი ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა, დედა, მერი კი მხატვარი გახლდათ და მთელ დროს ქმარ-შვილის მოვლაში ატარებდა, მხოლოდ რამდენიმე საათი თუ იცლიდა საყვარელი საქმისთვის, თუმცა ეს სულაც არ ადარდებდა, რადგან ოჯახი მისთვის ყოველთვის წინა პლანზე იყო.

ოჯახში პირველი გოგონა გაჩნდა, რომელსაც მერი-ლუიზა დაარქვეს. მოგვიანებით კიდევ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ უფროსის მიმართ მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებს, რადგან საოცრად ნიჭიერი, თბილი და მოსიყვარულე იყო.

მერი-ლუიზას ოჯახში ყველა მღეროდა: დედა, მამა, და-ძმა და თვითონ. სკოლაში, მუსიკალურ საღამოებსა და კონცერტებში ხშირად მონაწილეობდა, ერთხანს საოპერო მომღერლობაზეც ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დრამატულმა ხელოვნებამ გადასძალა. ჯერ "ვასარის" სამსახიობო კოლეჯში სწავლობდა. პედაგოგები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მისი ნიჭის გამო, მერე იელის უნივერსიტეტის დრამატულ სკოლაში გადაინაცვლა. იქაც ყველასგან გამოირჩეოდა, სამწლიანი სტიპენდია დაუნიშნეს.

1975 წელს მერილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. ბროდვეიზე თავბრუდამხვევი წარმატება უცებ მოვიდა. მის მიერ შესრულებული თეატრალური როლი მაყურებელსაც მოსწონდა და კრიტიკოსებსაც. ამიტომაც მერილმა იოლად მოიპოვა უმაღლესი ამერიკული ჯილდო "ტონი". სულ ცოტა დრო რჩებოდა ახალგაზრდა თეატრალური ვარსკვლავისგან კინოვარსკვლავის დაბადებამდე.

1977 წელს ფილმში "ჯულია" ეპიზოდური როლი ითამაშა, ჯეინ ფონდას უწევდა პარტნიორობას. 1978 წელს კი "ირმებზე მონადირეში" გადაიღეს, საიდანაც დაიწყო მისი კინოკარიერის აღმასვლა. ფილმმა "ოსკარი" დაიმსახურა, ამას მოჰყვა ტელესერიალი "ჰოლოკოსტი", აქ ერთი ჩვეულებრივი გოგოს, ინგას როლის შესრულებისთვის მერილს "ემი" გადასცეს, მაგრამ არ უნდოდა ამ საპატიო ჯილდოს მიღება. KvirisPalitra.Geსაქმე ის იყო, რომ ტელესერიალის გადაღების დროს მერილი ავსტრიაში იმყოფებოდა, საკმაოდ შორს თავისი შეყვარებულისგან. მისი რჩეული მსახიობი ჯონ კაზალე იყო, ცნობილი ფრედო კორლეონე ფილმ "ნათლიიდან". მათ ჯერ კიდევ თეატრში მუშაობისას გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ. გადავიდნენ კიდეც ცალკე საცხოვრებლად. მათზე ამბობდნენ, ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც რომეოსა და ჯულიეტასო. მართლაც ასე იყო. საოცრად უგებდნენ ერთმანეთს. შემდეგ დაიწყო ოსკარმინიჭებული ფილმის "ირმებზე მონადირე" გადაღება. რობერტ დე ნიროსა და მერილ სტრიპთან ერთად ჯონ კაზალეც თამაშობდა, მაგრამ მას ძლიერი ტკივილი დაეწყო. ექიმებმა ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ეს დიდი დარტყმა იყო მერილისათვის. ჯონი თვალსა და ხელშუა იფერფლებოდა, რის გამოც პროდიუსერებმა მისი შეცვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მერილი და რობერტი მათ წასვლით დაემუქრნენ, რის შემდეგაც პროდიუსერებმა უკან დაიხიეს და ჯონი დატოვეს, თუმცა ფილმის დამონტაჟების დროს ბევრი ეპიზოდი ამოჭრეს კაზალეს მონაწილეობით. შემდეგ იყო ზემოხსენებული სერიალი "ჰოლოკოსტი"... მერილს აღარ უნდოდა ჯონის დატოვება, მაგრამ კონტრაქტზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი და უარის თქმის შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევის გამო დიდი თანხის გადახდა მოუწევდა. ეს თანხა მას არ გააჩნდა, სხვა გზა არ იყო და ევროპაში გაემგზავრა. მისთვის დიდი ტანჯვა იყო ჯონისგან შორს ყოფნა, ამიტომაც სულაც არ გახარებია ჯილდოს გადაცემა. ერთი სული ჰქონდა, სანამ ჯონთან ჩავიდოდა. კაზალე მერილის ჩასვლიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. უსაზღვრო იყო მსახიობი ქალის დარდი. იმ პერიოდში გამოჩნდა დონ ჰამერი, ნიჭიერი და ელეგანტური მოქანდაკე. მათ 1978 წლის 15 სექტემბერ იქორწინეს. ოთხი შვილი შეეძინათ, დღემდე სიამტკბილობით ცხოვრობენ.

სწორედ მათი ხანგრძლივი თანაცხოვრების გამო ჰოლივუდში მერილს ერთგულების ნიჭით დაჯილდოვებული ქალი შეარქვეს. მერილმა მხოლოდ ერთხელ გაუმხილა ჟურნალისტებს: "რომ არა დონი, ჯონის დაკარგვას ვერ გადავიტანდი და მას გავყვებოდი უკან. ღმერთს ვყვარებივარ, რადგან ისეთი პიროვნება მომივლინა გადამრჩენელად, როგორიც ჩემი შვილების მამაა. სიყვარულისა და ზრუნვისთვის მისი დიდი მადლიერი ვარ... და რა შემიძლია  სამაგიეროდ მივცე მას, თუ არა ისევ და ისევ დიდი სიყვარული და ერთგულება?"

მერილი და დონი ამერიკისთვის სამაგალითო წყვილია. მერილს ჰოლივუდი უსაზღვროდ ნიჭიერ ქალად მიიჩნევს, რომელმაც ოთხი შვილი გააჩინა და დიდი ოჯახის პარალელურად რთულ და ბარიერებით აღსავსე კინოხელოვნებაში არნახულ წარმატებას მიეღწია.

 

(სპეციალურად საიტისათვის)