წყვილები. ჯულია რობერტსი და დენი მოუდერი - კვირის პალიტრა

წყვილები. ჯულია რობერტსი და დენი მოუდერი

მორჯულებული ჯულია და ლამაზი, ნამდვილი ზღაპარი

ჰოლივუდის ლამაზმანი 1967 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ სმირნაში. მამა მტვერსასრუტებსა და გასაბერ ლეიბებს ყიდდა, მოგვიანებით კი მფლობელი გახდა "მსახიობისა და მწერლის" მაღაზიისა, სადაც ხშირად მიდიოდნენ ცნობილი ადამიანები. განათლებული და ნიჭიერი კაცი იყო და ხანდახან ფილმებში ეპიზოდურ როლებშიც იღებდნენ. ჯულიას დედა კი ეკლესიაში მდივნად მუშაობდა. მათ ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა, ჯულიას უფროსი ძმა, ერიკი (ისიც ცნობილი მსახიობია), ლიზი და პატარა ჯულია. ერთი შეხედვით, იდილიური ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ბზარი მაინც გაჩნდა. ჯულია 4 წლის გახლდათ, როცა მშობლები გაიყარნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მამა გარდაიცვალა. შვილებმა, განსაკუთრებით კი ჯულიამ, მამის სიკვდილი მძიმედ გადაიტანეს,Mჯულიას სიგიჟემდე უყვარდა მამა, რომელიც ნაბოლარა შვილს განსაკუთრებით ანებივრებდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯულიამ გადაწყვიტა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა და სწავლა ატლანტის უნივერსიტეტში განაგრძო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ კინო მეტად იზიდავდა და ისიც ძმასა და დასთან გადაბარგდა ნიუ-იორკში. თავიდან მანჰეტენზე, სპორტულ მაღაზიაში მუშაობდა. 1986 წელს ერიკმა დას თხოვნა შეუსრულა და ერთ-ერთ ფილმში პატარა როლის მიღებაში დაეხმარა. ფილმი უღიმღამო გამოდგა. ეპიზოდური როლის შემსრულებელი მაღალფეხება გოგოსთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ამის შემდეგ ჯულიამ ითამაშა ფილმში "შუშის მაგნოლიები" (ზოგან ფილმს "ფოლადის მაგნოლიებსაც" უწოდებენ). თავიდან ფილმი და ჯულიაც (იგი უკვე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა) კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა დადგა "ოსკარების" გადაცემის ცერემონიის დღე და ჯულია "ოსკარის" ნომინანტი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან, 1989 წლიდან დაიწყო ჯულიას კინოკარიერის აღმავლობა.

ნამდვილი წარმატება ფილმმა "ლამაზმანი" მოუტანა. იგი აქ მეძავის როლს ასრულებს. სიუჟეტი რომანტიკული და ლამაზია, რითაც მთელი ამერიკა (და არა მარტო ამერიკა) მოიხიბლა... "ლამაზმანის" შემდეგ ჯულიაზე მოთხოვნა გაიზარდა. რეჟისორები პროდიუსერებს რამდენიმე თვით ადრე აგზავნიდნენ მასთან და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით როლზე ითანხმებდნენ. მისმა პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. პაპარაცები უკან დასდევდნენ და არა მარტო თაყვანისმცემლებთან ერთად, არამედ ვინც ახალგაზრდა მსახიობს გვერდით ჩაუვლიდა და ხელს ჩამოართმევდა, იმასაც იღებდნენ. ყვითელ პრესაში ჯულიაზე ისეთი მყვირალა სათაურებით იბეჭდებოდა სტატიები, ერთხანს ყველაფრის მიტოვებას და გაქცევასაც აპირებდა მთელი ამ ორომტრიალით გაბრუებული ლამაზმანი... რაღაცნაირი შიში დასჩემდა წარმატებულ მსახიობ ქალს. ეს შიში განსაკუთრებულად ქორწინებაში გამოვლინდა.

პირველმა საქმრომ, დილან მაკდერმოტმა, ვერა და ვერ მიიყვანა საკურთხევლამდე. იმ პერიოდში დადიოდა ჭორები, რომ ჯულიასა და რიჩარდ გირს ერთმანეთი უყვარდათ და ეს იყო ლამაზმანის ყოყმანის მიზეზი. ვერც კიფერ საზერლენდმა დაითანხმა იგი ქორწინებაზე. მართალია, ნიშნობა გადაიხადეს, საზერლენდმა ჯულიას გამო საცოლეც მიატოვა, მაგრამ ჯულიამ ქორწილამდე ოთხი დღით ადრე გამოაცხადა, რომ აღარ სურდა ეს ქორწინება. საზოგადოება შოკში იყო, კიფერ საზერლენდზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, ამ გზით ჯულიამ კიფერზე შური იძია, რადგან გადაღებებზე დაკავებულს გამუდმებით მისდიოდა ხმები, რომ საზერლენდი ღალატობდა. ჯულია მითქმა-მოთქმას გაერიდა და მსახიობ ჯეისონ პატრიკთან ერთად ირლანდიაში გაიქცა.

ჰოლივუდი მიეჩვია ჯულიას "ხუშტურებს", ამიტომაც იყო, რომ როცა მსახიობის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯულია KvirisPalitra.Geრობერტსი ქანთრის შემსრულებელს, გარეგნობით არაფრით გამორჩეულ ლაილ ლოვეტს გაჰყვა ცოლად, მორიგი სპექტაკლი ეგონათ და არც დაიჯერეს... თუმცა, მალე მათი ფოტოებით ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა და ხალხი გაკვირვებას ვერ მალავდა - როგორ გაჰყვა მშვენიერი ჯულია ასეთ ულამაზოსო! მათმა ქორწინებამ მხოლოდ ორი წელი გაძლო. ლოვეტთან განქორწინების შემდეგ ჯულია უფრო დაკავდა გადაღებებით. იგი ცხოვრობდა ფილმის გმირების ცხოვრებით და წარმატებული კარიერით ძალიან ბედნიერი იყო.

2002 წელს მან კინოოპერატორი დენი მოუდერი გაიცნო. ჯულიამ ტრადიციულად აღარ გააჭიანურა ურთიერთობა და პირველსავე წინადადებაზე დათანხმდა დენს. ისინი იმავე წლის ივლისში დაქორწინდნენ. ჯულიას ძალიან უნდოდა დედობა, ამიტომაც, როცა ექიმებმა პირველი ორსულობის შეწყვეტა მოსთხოვეს, უსაზღვროდ განიცადა. საქმე ის გახლდათ, რომ ექიმებმა სისხლში უიშვიათესი საშიში დაავადება აღმოუჩინეს, რომელიც სისხლის შედედებას ხელს უშლის. მათ მიაჩნდათ, რომ ჯულია მშობიარობას ვერ გადაიტანდა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. მიუხედავად ამისა, ჯულიამ გარისკა და შემდეგი ორსულობისას აღარ დაემორჩილა ექიმებს: "მე დედა გავხდები და მეყოლება ძალიან კარგი და ჯანმრთელი ბავშვები", - ასე განუცხადა მან ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს. მართლაც, ჯულიამ ჯერ ტყუპი - გოგონა, ჰეიზელ პატრისია და ბიჭი, ფინეუს უოლტერი გააჩინა, მოგვიანებით კი ისევ ბიჭი - ჰენრი დენიელ მოუდერი შეეძინა.

ჯულია რობერტსი და დენი მოუდერი ისევ ერთად არიან და ბედნიერად გრძნობენ თავს. ამჯერად ჯულიამ საზოგადოებას იმედი გაუმტყუნა - ყველას ეგონა, რომ ლამაზმანი დენსაც მალე გაშორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯულია ამბობს, რომ შეხვდა ისეთ მამაკაცს, რომელმაც უსაზღვრო სიყვარული აჩუქა და ისინი ნამდვილ ზღაპარში ცხოვრობენ.

(სპეციალურად საიტისათვის)