წყვილები: მიშელ მერსიე და რობერ ოსეინი - კვირის პალიტრა

წყვილები: მიშელ მერსიე და რობერ ოსეინი

მას სიყვარულის ქალღმერთმა აკოცა

არა, ისინი ცოლ-ქმარი არ ყოფილან, მიშელი და რობერი კინომ, უფრო სწორად კი გახმაურებულმა ფილმმა "ანჟელიკამ" გახადა წყვილი და მაყურებელმა ისე შეიყვარა ორივე, რომ მათი დაშორება წარმოუდგენლად მიაჩნდა ყველას. ამიტომაც რეჟისორები "ანჟელიკას" მერეც ერთად იწვევდნენ ფილმებში, არადა, ერთსაც ოჯახი ჰყავდა და მეორესაც. მართალია, მეუღლეებს დროდადრო შორდებოდნენ და ახალ ოჯახს ქმნიდნენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მიშელი და რობერი ცოლ-ქმარი არასოდეს ყოფილან. იქნებ იმიტომ, რომ იზიარებდნენ ცნობილ გამონათქვამს: "ქორწინება კლავს სიყვარულს". არიან ქალები, რომელთა სილამაზე მართალია თვალისმომჭრელი და მაცდურია, ხშირად პირად ცხოვრებაში არ არიან ბედნიერები.

ფრანგული კინოს მშვენება, მიშელ მერსიე პატარაობიდანვე განსაცვიფრებლად ლამაზი იყო, მის იტალიელ დედას კი ნერვები ეშლებოდა, ქუჩაში სეირნობისას ყველა გამვლელი ერთი ციცქნა გოგოს რომ მიაჩერებოდა. მიშელს ჟოზელინი ერქვა, მაგრამ მოგვიანებით მან თავისი გარდაცვლილი დის სახელი აიღო, რადგან მიაჩნდა, რომ ჟოზელინი მის გვარს არ ერითმებოდა. მიშელის მამა ფრანგი იყო, ფარმაცევტი, დედა კი იტალიელი გახლდათ, ძალიან ეჭვიანი და ექსცენტრიკული ქალი, რომელსაც მას შემდეგ უფრო დაუმძიმდა ხასიათი, რაც ხუთი წლის შვილი მოუკვდა, მიშელ-ჟოზელინის უმცროსი და. დედას უფროსი ქალიშვილის სილამაზეც ნერვებს უშლიდა, ურთიერთობაც თანდათან უფრო იძაბებოდა დედა-შვილს შორის. ქალს მიაჩნდა, რომ მიშელის სილამაზე დამღუპველი იყო, რომ იგი ბედნიერი არასოდეს იქნებოდა, რადგან თავისი გარეგნობის წყალობით აუცილებლად მეძავი გახდებოდა. ამიტომ გოგონას მამასთან ყოფნა ერჩივნა.

ერთხელაც, როცა მიშელი მამასთან ერთად პარკში სეირნობდა, იგი პროდიუსერებმა შეამჩნიეს და კინოში მიიწვიეს. გოგონა ამ წინადადებამ აღაფრთოვანა. მამა და ქალიშვილი შეთანხმდნენ, რომ ამას დედას არ ეტყოდნენ. თავიდან მიშელი ეპიზოდურ როლზე მიიწვიეს, მისმა გარეგნობამ მართლაც ფურორი მოახდინა, ამის შემდგომ 16 წლის გოგონა ზედიზედ მიიწვიეს სხვადასხვა ფილმში გადასაღებად, ოღონდ მხოლოდ ქარაფშუტა ქალების როლს ასრულებდა. ამის გამო მიშელს გული სწყდებოდა, მიაჩნდა, რომ გაცილებით მეტი შეეძლო. დედამ კი, შვილის როლები რომ ნახა, ნიშნისმოგებით განუცხადა ქმარს: "მე ვამბობდი, რომ მეძავი გახდებოდა და გამართლდა ჩემი სიტყვები. ხომ ხედავ, რომ რეჟისორები მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლების მეტს ვერაფერს იმეტებენ მისთვის".

და აი, დადგა ლეგენდარული "ანჟელიკას" გადაღების დროც. ქასთინგზე მრავალი ლამაზი, ნიჭიერი და უკვე ცნობილი მსახიობი მივიდა. პროდიუსერ ფრანკ კოსნეს ანჟელიკას როლზე ბრიჟიტ ბარდოს დამტკიცება სურდა, მაგრამ თავად მსახიობმა რატომღაც უარი განაცხადა როლზე. ქასთინგზე იყვნენ ანეტ სტროიბერგი, კეტრინ დენევი და თვით ამერიკელი ჯეინ ფონდაც, მაგრამ კონკურსში მიშელმა ყველა უკან ჩამოიტოვა და გაიმარჯვა. იგი სიხარულისა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, ის კი არ იცოდა, რომ მოგვიანებით ანჟელიკას "ტყვეობიდან" გამოძრომას მაქსიმალურად შეეცდებოდა, მაგრამ ვეღარ მოახერხებდა. მას რეალურ ცხოვრებაშიც კი ანჟელიკად აღიქვამდნენ კაცები და ფეხთით ეგებოდნენ. მიშელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიც, რომელმაც მიშელის სილამაზით აღფრთოვანებულმა თქვა: "ამ გოგოს სიყვარულის ქალღმერთმა აკოცა".

მიშელი ორჯერ გათხოვდა და ორივე ქმარს მალევე გაშორდა. საზოგადოებას მიაჩნდა, რომ იგი თავის ჟოფრეისთან უნდა ყოფილიყო. არავინ იცის, რა ხდებოდა მათ შორის სინამდვილეში, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ რობერის ცოლი ყოველთვის ეჭვიანობდა მშვენიერ მიშელზე და ამას არც მალავდა.

უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მიშელს, მაგრამ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ანჟელიკას - წარმტაცს, დაუმორჩილებელს, თავისუფალს... ერთ-ერთ ინტერვიუში მერსიემ განაცხადა: "მე ყველა ანჟელიკად აღმიქვამს, იმას ელიან, რასაც წიგნისა და ეკრანისეული გმირისგან, არადა, ერთი ჩვეულებრივი მომხიბვლელი ფრანგი ქალი ვარ. ადრე, გადაღებების დროს, ბედნიერი ვიყავი ამ როლით, მერე მივხვდი, რომ ანჟელიკას ჩრდილში მომიწევდა ცხოვრება. ვეცადე მისგან გათავისუფლება, მაგრამ ვერ მოვახერხე და ბედს შევურიგდი. ახლა მე ანჟელიკას ისე ვუცქერი, როგორც ჩემს უმცროს დას. ჩვენ ერთად გავიზარდეთ".

მიშელ მერსიესა და რობერ ოსეინისადმი ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. საზოგადოებას მიაჩნდა (და მოითხოვდა კიდეც), რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად ყოფილიყვნენ. თუკი ერთად დაინახავდნენ, მაშინვე აგორდებოდა ჭორი და გაფაციცებული თვალყურს ადევნებდნენ წყვილს.

KvirisPalitra.Ge1983 წელს მიშელ მერსიემ განაცხადა, რომ ტოვებდა კინოს, რათა ორი იმედგაცრუების შემდეგ პირადი ცხოვრება უნდა მოეწესრიგებინა. წავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბედი არ სწყალობდა... 14-წლიანი პაუზის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა კინოს. სულ 50-მდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ დღემდე მაინც იმ ლეგენდარულ ანჟელიკად რჩება, რომელიც ხალხმა უზომოდ შეიყვარა. გამართლდა მიშელის დედის წინათგრძნობა. აკი სულ ამბობდა, რომ გოგონას მისი სილამაზე დაღუპავდა და არ იქნებოდა ბედნიერი.

მიშელ მერსიეს პირველი ქმარი, ანდრე სმაგი, რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა. იგი ალკოჰოლიკი აღმოჩნდა, დალევდა და მიშელს სცემდა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფრანგი ხალხის საყვარელ ანჟელიკას ცხვირი გაუტეხა და ლოყაც დანით გაუჭრა. მიშელს პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციის მერეც ბრწყინავდა მიშელის მშვენიერება. მიშელი ანდრეს 4 წელიწადში გაშორდა. 1970 წელი მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა ავტომრბოლელს, კლოდ ბურილოს. ერთ მშვენიერ დღეს მიშელმა აღმოაჩინა, რომ კლოდთან ერთად გამქრალიყო მისი ფულიც (სოლიდური თანხა) და ძვირფასეულობაც. ბედის ირონიით ულამაზესი მიშელი ქმარმა მიატოვა, თან გაქურდა. ეს მისთვის დიდი შოკი იყო. ამის შემდგომ მიშელს დიდ სიყვარულზე აღარც უოცნებია.  თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა და მათგან ხანმოკლე დროით იღებდა იმ გრძნობასა და ყურადღებას, რაც სურდა მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთი საყვარელი მამაკაცისგან მიეღო.

სიბერის ჟამს მიშელ მერსიემ მემუარების წერა დაიწყო. იგი ყველა იმ მამაკაცს იხსენებს, ვინც კი მის გვერდით ოდესმე ყოფილა, მაგრამ რობერ-ჟოფრეის მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს. ამ რამდენიმე წლის წინ მიშელს ისე გაუჭირდა, რომ ანჟელიკას ტანსაცმელი გასაყიდად გაიტანა. ჟურნალისტებთან კი თქვა, ძალიან მინდოდა ლამაზი ოჯახი მქონოდა, მყოლოდა შვილები და სიბერეში ბავშვების ჟრიამულით დავმტკბარიყავი, მაგრამ ეტყობა, ანჟელიკამ ისე მომნუსხა, რომ სამუდამოდ დამატყვევაო.

სპეციალურად საიტისთვის