ბიძინა ივანიშვილის შესასრულებელი მისია ანუ თქვენი შანსი გახდეთ მილიარდერი. - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის შესასრულებელი მისია ანუ თქვენი შანსი გახდეთ მილიარდერი.

 

დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც ცხოვრებაში გიოცნებიათ ყოფილიყავით მილიარდერი. ნუ, თუ, მილიარდერი არა, იმდენი ფული მაინც გქონოდათ, რომ ყველა თქვენი პრობლემა გადაგეჭრათ. ყველა მიზანი განგეხორციელებინათ. ყველა სურვილი აგესრულებინათ. ყველაფერი გეყიდათ რაც მოგწონთ და გიხდებათ. ყველგან გემოგზაურათ სადაც გიოცნებიათ. დილით პარიზში, ეიფელის კოშკთან დაგელიათ მავრიტანიულად მოდუღებული ყავა, შუადღისას კანში გარუჯულიყავით და საღამოს კი ჯეიმს ბონდივით ან მისი მეგობარი ქალივით რომელიმე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩამავალი მზის ფონზე რომანტიული ვახშამი მოგეწყოთ. არ დაგეტოვებინათ არც ერთი ოცნება აუხდენელი და არც ერთი მიზანი განუხორციელებელი. მეგობრებისათვის ბედნიერება გეჩუქებინათ, მტრებისთვის მიუწვდომელი ყოფილიყავით და მოგეპოვებინათ აბსოლიტური თავისუფლება, რაც ალბათ ცხოვრების ძირითადი მიზანი და ფულის, როგორც პიროვნული ბარიერების გადალახვის უმთავრესი დანიშნულებაა.

ვიღაც შეიძლება შემომედავოს და თქვას, რომ ეს სულაც არ არის მისი ოცნება და მილიარდებს იგი სხვაგვარად (ანუ უფრო მაღალი მატერიებისთვის) გამოიყენებდა, მაგრამ აქ მთავარი ფულის ხარჯვის ტექნიკა არ არის. სიამოვნებას ყველა თავისებურად ღებულობს და ნირვანაც ყველას თავისი აქვს.

მე უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენ განგებამ 7 მილიარდ დედამიწელში გამოგარჩიათ და იმ ათასამდე რჩეულში მოხვდით, რომელთა ქონებაც ცხრა ნიშნა ციფრით გამოიხატება. აქვე ისიც წარმოიდგინეთ, რომ კიდევ უფრო მეტად გამოგარჩიათ განგებამ და მიეკუთვნებით გამონაკლისს ამ ათასიდან, რომელმაც შეძლო პრაქტიკულად დაუჯერებელი რამ და პირველივე ცდაზე, 5 მილიონიანი, უკიდურესად ეკლექტური, პატივმოყვარე და ათასწლოვანი ისტორიის მქონე საზოგადოების მართვის სადავეები აიღო ხელში.

მე ზოგადად ჩემი მსოფლმხედველობით უფრო კრიტიკოსი ვარ. ნახევრად ცარიელ ჭიქასაც უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე სავსეს და პროფესიიდან გამომდინარე (ადვოკატი გახლავართ) სამწუხაროდ აღარც ადამიანების იდეალურობის მჯერა, მაგრამ რა ვქნა რომ ამ მილიარდიანი ფაქტების კონსტატაციის შემდეგ, ასევე არ მჯერა რამდენიმე შეთქმულების თეორიის, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის სპიკერები მთავაზობენ, აი ისინიც:

-ბიძინა ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დაკვეთას და მიგვაქანებს გაყინულ რუსეთში, რათა გადაგვაქციოს მის ერთ–ერთ, გონჩაროვის მოთხრობებში აღწერილ გუბერნიად.

-ბიძინა ივანიშვილს არ სურს საქართველოს სტაბილურობა. ცდილობს საზოგადოება ერთმანეთს გადაკიდოს, გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება და ამით უფრო ადვილად ჩაუგდოს ხელში ჩვენი ქვეყანა რუსებს.

-ბიძინა ივანიშვილს ასევე არ სურს ჩვენი ქვეყნის წარმატება საგარეო ასპარეზზე. უარს ამბობს თითქმის უკვე შეღებულ ევროპის და ნატოს კარზე და ამით პირისპირ გვტოვებს პირდაღებულ მშიერ დათვთან (ამ შემთხვევაში რუსეთთან).

-ბიძინა ივანიშვილს სურს ურთიერთობა გაგვიფუჭოს მეზობელ სახელმწიფოებთან, რითიც ნაციონალური ხელისუფლების მიერ მოპოვებული ლიდერის პოზიცებს თმობს კავკასიაში და ამით რუსეთის ინტერესებს ახორციელებს.

-და ბოლოს, ყველაზე მთავარი. ბიძინა ივანიშვილს სურს სტალინის ძეგლის აღდგენა, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთის იმპერიის აღდგენასთან და პუტინის მოსაზრებებთან საბჭოთა იმპერიის დანგრევის გლობალურ კატასტროფად მიჩნევის შესახებ.

როგორც ვხედავთ, ყველა მესიჯი, საბოლოოდ ერთ მარტივ თეორიას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილი, არის რუსეთის აგენტი. აი ასე, ძალიან მარტივად და მოჭრილად. პუტინის დავალებების შემსრულებელი და მისი იდეების გამტარებელი. ხოლო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", მთელი მისი შემადგენლობით, პოლიტსაბჭოთი, დელეგატებით და მხარდამჭერებით, რუსეთის მე-5 კოლონაა ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანაში.

არადა რა სჭირდება მართლა ამ ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს. დაღლილს კვაზიტირანებით, გამყიდველებით, ფსევდოპატრიოტებით და შლეგებით. არც არაფერი განსაკუთრებული, თუ არა ერთი ნორმალური, წესიერი ადამიანი, ვისაც იგი უბრალოდ ეყვარება და ისევე მოუფრთხილდება, როგორც საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს მოუფრთხილდებოდა.

ხოდა თუ თქვენც ჩემო მეგობრებო ნაციონალური მოძრაობდან, თუნდაც ერთი წუთით წარმოდგენთ, რომ განგებამ 7 მილიარდ დედამიწელში გამოგარჩიათ და იმ ათასამდე რჩეულში მოხვდით, რომელთა ქონებაც ცხრა ნიშნა ციფრით გამოიხატება. აქვე იმასაც წარმოიდგინთ, რომ კიდევ უფრო მეტად გამოგარჩიათ განგებამ და მიეკუთვნებით გამონაკლისს ამ ათასიდან, რომელმაც შეძლო პრაქტიკულად დაუჯერებელი რამ და პირველივე ცდაზე, 5 მილიონიანი, უკიდურესად ეკლექტური, პატივმოყვარე და ათასწლოვანი ისტორიის მქონე საზოგადოების მართვის სადავეები აიღო ხელში. ამ ყველაფრის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ასე მარტივად და უბრალოდ, ვინმეს მარიონტად გადაიქცევით, მისი დავალებების უპირობო შემსრულებელი გახდებით და ისტორიაში, შთამომავლობის სალანძღავ სახელად ჩაეწერებით?

მე მაინც მგონია რომ არა!

თუ გნებავთ ინფანტილიზმი დამწამეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებიდან გამომდინარე, იყოს უფრო უკეთესი ვიდრე იყო გუშინ და მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე უკვე მიაღწია, თქვენ აუცილებლად შეეცდებოდით, ღვთისგან ბოძებული ეს შანსი გამოგეყენებინათ და საკუთარი თავის წინაშე დასახული ყველაზე დიდი ჯილდოც მოგეპოვებინათ. ჯილდო, რომელიც მხოლოდ ქვეყნის წინაშე ვალმოხდილმა დიდმა მამულიშვილებმა დაიმსახურეს და რასაც მშობლიური ხალხის მარადიული სიყვარული ეწოდება. რადგან თქვენ ხომ ისედაც უკვე გაქვთ ყველაფერი, რაზეც უბრალო მოკვდავები ოცნებობენ, რისთვისაც თქვენც უამრავი მსხვერპლი გაიღეთ და რითიც შეგეძლოთ აუღელვებლად გაგერძელებინათ ცხოვრებით ტკობა, ისე რომ არც აგენტი ეძახა ვინმეს და არც პიროვნული თავისუფლება დაგეყენებინათ საფრთხის წინაშე. თქვენ ხომ მილიარდელი ხართ. უკვე გამორჩეული რჩეულთა შორის.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკური თავისუფლების ცენტრის თავმჯდომარე