სტალინი ჩვენს გულებში - კვირის პალიტრა

სტალინი ჩვენს გულებში

"სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალია" განაცხადეს კარნეგის ცენტრის მკვლევარებმა, როდესაც ოთხ პოსტაბჭოთა ქვეყანაში, რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგები შეაჯამეს.

მკვლევარების განსაკუთრებული გაოცება და განგაში ქართული საზოგადოების სტალინის მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომლის 45%–ი საბჭოთა ბელადისადმი პოზიტიურ განწყობას ადასტურებს.

ვისაც ჯერ ეს მონაცემები არ გინახავთ, გირჩევთ გაეცნოთ. განსაკუთრებით ლაშა ბაქრაძის ძალიან საინტერესო ანალიზს საქართველოში სტალინის ფენომენის ღრმა რელიგიური, სოციალური, პოლიტიკური და ეთნიკური საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზოგადი დასკვნა კი შეიძლება ასე გამოიხატოს:

საქართველოში სტალინი უფრო მეტად ნაციონალურ სიმბოლოსთან ასოცირდება, როგორც ჩაგრული ქვეყნის შვილი, რომელმაც შეძლო დამპყრობელი სახელმწიფოს სათავეში მოქცევა და სამი ათწლეულის განმავლობაში რუსი ხალხის მართვა.

სტალინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს საბჭოთა სისტემის აღდგენის სურვილს და უფრო მეტად სტაბილურობის ნოსტალგიას უკავშირდება, რომელიც ადამიანებს 90–იანი წლებიდან განვითარებულმა არეულობამ და მომავლის ბუნდოვანებამ გაუღრმავა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული ანტისაბჭოტა და ანტისტალინური კამპანია იყო გამაღიზიანებელი და ზედაპირული, შესაბამისად უკუეფექტის მომტანი.

პირადად მე ამ კვლევის შედეგებამდეც მიმაჩნდა, რომ არც სტალინის ძეგლის ჩამოგდებაა საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება და არც მისი აღდგენაა რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. საკითხის ამგვარად დაყენება იაფფასიანი დემაგოგიაა და ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფს, მაგრამ ჩატარებულ კვლევას გარდა ზემოთ აღნიშნული თეზისებიდან, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ, რომელზეც მის ავტორებს ალბათ უფრო პოლიტკორექტულობის გამო ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

არადა ჩემი აზრით, ამ კვლევაში მთავარი სწორედ ეს არის.

ჩვენი უახლოესი წარსული სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებთან ბრძოლის, ისტორიის ფალსიფიკაციის და პიროვნების კულტის შექმნის გამოცდილებაა.

მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება სიმბოლოებთან მისი მმართველობისათვის დამახასიათებელი შტრიხი იყო. იგი ან ქმნიდა ახალ სიმბოლოებს, ან მათ უტოლდებოდა ან ებრძოდა. მოსიარულე ძეგლები, დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება, სტალინის ძეგლის ღამით, ქურდულად მოპარვა. ეს მხოლოდ რამდენიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პიარაქციაა, იმ გრძელი სიიდან, რომლებმაც საბოლოო შედეგად, პირადად მიხეილ სააკაშვილის პერსონის მიმართ ნეგატივი გააღრმავა საზოგადოებაში.

აღიარებული ფაქტია. ისტორიულ ფიგურებს, ისტორია ქმნის და ხელოვნურად მათთან გატოლების მცდელობა კომიკურობით სრულდება.

მიხელ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, რეალურად არასდროს უბრძოლიათ სტალინის კულტთან. პირიქით, მთელი მათი 9 წლიანი მოღვაწეობა საბჭოთა სისტემის ჩანაცვლებას და სტალინისგან გათავისუფლებულ პიედესტალზე, საკუთარი ძეგლის აღმართვას ემსახურებოდა.

რადგან:

–თუ შენ ნამდვილად გინდა სტალინისგან გათავისუფლება, საზოგადოება შენიანებად და მტრებად არ უნდა დაყო. შუახანს გადაცილებული თანამოქალაქეები უფუნქციოდ არ უნდა დატოვო. ინტელიგენცია (თუნდაც საბჭოთა წარსულის) ჩარეცხილებად, ხოლო პოლიტიკური მოწინააღმდეგები აგენტებად არ უნდა გამოაცხადო.

–თუ შენ ნამდვილად გინდა სტალინისგან გათავისუფლება ტოტალური მოსმენებზე, დაჭერებზე და სიცრუეზე დამყარებული რეჟიმი არ უნდა შექმნა. მართლმსაჯულება ფიქციად არ უნდა გადააქციო და უსამართლობა არ უნდა დაამკვიდრო.

–თუ შენ ნამდვილად გინდა სტალინისგან გათავისუფლება, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო შეგნება უნდა აამაღლო, რომელიც ადამიანებს მონური მორჩილების და მტკიცე ხელისადმი ნოსტალგიას კი არ გაუღვივებს, თავისუფლებისგან მინიჭებულ თავდაჯერებულობას და ხვალინდელი დღისადმი რწმენას გაუჩენს.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრალი არ არის.

ეს შენი ბრალიც არის მეგობარო.

რადგან:

ეს შენ ხვდებოდი ხბოს აღტკინებით, როცა სააკაშვილის ჟანდარმები ვაგონებით იჭერდნენ ადამიანებს და მილიონებს ახევდნენ.

ეს შენ გიხაროდა, როცა სააკაშვილი დაძრულ მატარებელში გეპატიჟებოდა.

ეს შენ გჯეროდა, როცა სააკაშვილი ურცხვად გპირდებოდა დაკარგული ტერიტორების დაბრუნებას.

ეს შენ გეშინოდა, როცა ტელეფონს შლიდი ოჯახის წევრებთან ლაპრაკისას.

ეს შენ ვერ ამოიღე ხმა, როცა სააკაშვილმა ომი წააგო და მეგობრები ომში დაგეღუპა.

ეს შენ ასწიე თავი, როცა სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა,

და

ეს შენ გახრჩობს ეხლა რევანშის წყურვილი და ერთი სული გაქვს ყველა ნაციონალი ქვეყნის მტრად გამოაცხადო.

ხოდა ვიდრე მეც შენთან ერთად, და შენზე მეტი დამნაშავე ვარ ამ ყველაფერში, ვიდრე მეც შენთან ერთად და შენზე მეტად მიხაროდა, მჯეროდა, მეშინოდა და რევანშის წყურვილი მკლავს,

სტალინი,

მუდამ ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში!