ქართულ-სომხური საჭადრაკო პარტია - რა წერია ენების ევროპულ ქარტიაში? - კვირის პალიტრა

ქართულ-სომხური საჭადრაკო პარტია - რა წერია ენების ევროპულ ქარტიაში?

"გამბიტი–დებიუტის დასახელება, როდესაც მომგებიანი პოზიციის მისაღებად, მოთამაშე საჭადრაკო ფიგურას (როგორც წესი პაიკს) მსხვერპლად სწირავს"

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!"

ზურაბ ჟვანია. ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომა.

"ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია"

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 31 მარტი 2013 წელი.

ახალქალაქის საკრებულოს მიმართვამ საქართველოს პარლამენტისადმი "ევროპული ქარტიის რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენების შესახებ" რატიფიცირების თაობაზე, კიდევ ერთხელ გამოაშკარავა ერთიანი ევროპული ოჯახის წევრობისათვის ჩვენი მოუმზადებლობა და სტრატეგიული უსაფრთხოების სუსტი პოზიციები.

მაინც რა წერია ევროპულ ქარტიაში რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ და არის თუ არა ის საშიში ჩვენთვის?

ჩემი ღრმა რწმენით არც ამ მიმართვაზე ხელმომწერი პირების და არც ჩვენი პოლიტიკოსების თუ ვაი ექსპერტების უდიდეს ნაწილს წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ და ეს ყბადაღებული დოკუმენტი თვალითაც არ უნახავთ. ეს პოლიტიკოსები და ექპერტები ძირითადად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნაწილი ყოფილი ნაციონალური ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, რომლებიც სომხურ სეპარატიზმზე უპასუხისმგებლო განცხადებებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერას ცდილობენ, ანუ როგორ კარგად იყო მანამდე ყველაფერი და როგორ აურია დალაგებული ქვეყანა ახალმა ხელისუფლებამ.მეორე ნაწილი "ნამდვილი ქართული სახელმწიფოს" იდეით შემპყრობილი მოფუნდამენტალისტო ჯგუფია, ვისთვისაც ყველაფერი ევროპული, როგორც წესი ანტიქრისტესთან და ეშმაკეულთან, მაშასადამე ანტიქართულთან ასოცირდება.

რაც შეეხება მმართველ კოალიციას, მათი წარმომადგენლები, უმეტეს შემთხვევაში დელიკატურად ცდილობენ დასმულ კითხვაზე თავის არიდებას ან მარტივ გამოსავლად პრობლემის მიხეილ სააკაშვილისათვის, როგორც ქარტიის რატიფიცირებაზე ვალდებულების აღების შესახებ ხელმომწერი პირისათვის გადაბრალებას ცდილობენ. ვინაიდან არც ერთი ზემოთმოყვანილი არგუმენტი არ ვარგა, ხოლო პრობლემა არსებობს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას თუ არა, მინიმუმ კითხვებზე პასუხის გაცემას მაინც საჭიროებს, მოდით რეალურად ვთქვათ სად ვართ ამჟამად, სად გვინდა ვიყოთ და რით ემუქრება "ენის ქარტია" როგორც მას უწოდებენ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფთხოებას.

ერთიანი ევროპული ოჯახის შექმნის უმთავრესი იდეა, მრავალეთნიკური საზოგადოების ყველა წევრის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მდგომარეობს. ამის გარეშე, თვით ამ იდეის არსებობა ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელი იქნებოდა. ევროპელობა სხვადასხვა ლინგვისტურ, კულტურულ და რელიგიურ სოციუმს ნიშნავს, სადაც შენ, მიუხედავად იმისა მილიონობით ითვლები თუ ერთეულებით, ათასწლოვანი ისტორიის მატარებელი ხარ, თუ ახლა ქმნის საკუთარ ტრადიციებს, თავს ამ ოჯახის სრულფასოვან და დაცულ წევრად გრძნობ.

რა თქმა უნდა ეს ერთგვარად უტოპიური და იდეალისტური ხედვაა ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა. ფინანსური და პოლიტიკური კრიზისებით გადაღლილი ევროპა დღესაც დენთის კასრზე ზის და ბებერი კონტინენტის ძიძად ქცეული გერმანია, ხვალ შეიძლება მის ყველაზე დიდ პრობლემად გადაიქცეს, მაგრამ ვიდრე ჩვენი უალტერნატივო და გენეტიკური არჩევანი დასავლეთია და ვიდრე ჩვენი ფიზიკური გადარჩენა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ევროპელობასთან, შემოთავაზებულ წესებზე მსჯელობას კი არ უნდა გავექცეთ და ბნელ კუთხეში დავემალოთ, არამედ ეს წესები ჩვენს ისტორიულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, რეალობას მოვარგოთ და ცხოვრების თანამგზავრად ვაქციოთ. მით უმეტეს "ენის ქარტია" ამის ფართო საშუალებას იძლევა.თვითონ დოკუმენტი გაჟღენთილია ჰუმანურობის პრინციპებით. ეს არის მოწოდება ყველა მონაწილე სახელმწიფომ წაახალისოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობის სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესი. ძალიან მარტივი პარალელები რომ გავავლოთ, როგორც ქვეყნაში არსებულ ისტორიულ ძეგლებს, მიუხედავად მათი წარმოშობისა ესაჭიროება სახელმწიფოს პროტექტორატი პირველადი სახის შესანარჩუნებლად, ასევე ენას, როგორც იდენტობის განმსაზღვრელ უმთავრეს ფაქტორს, უნდა გააჩნდეს ეფექტური გარანტიები წამყვან ლინგვისტური ჯგუფებთან ღირსეული თანაცხოვრებისათვის.

ამასთან ქარტია პრეამბულიდან მოყოლებული არაერთგზის და ხაზგასმით იმეორებს, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების დაცვამ და წახალისებამ

ზიანი არ უნდა მიაყენოს ოფიციალურ ენებსა და მათი შესწავლის აუცილებლობას. შესაბამისად დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა მონაწილე სახელმწიფომ, საკუთარი ინტერესებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე გააკეთოს მთელი რიგი დათქმები მის ზოგიერთ პუნტქებთან მიმართებაში და გამოიყენოს მხოლოდ ისინი, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის მის სტრატეგიულ ინტერესებს.

სახელმწიფოთა უმრავლესობამ, რომელმაც "გაბედა" და ენის ქარტიის რატიფიცირება მოახდინა, წინასწარ გარკვეული ტიპის სპეციფიკური მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა, როგორიცაა: საზოგადოებრივი დისკუსიები, კვლევები, საგანმანათლებლო პროგრამები, საპილოტე პროექტების განხორციელება, ეთნიკურ ჯგუფებზე გავლენის მქონე მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმებების მიღწევა, შესაძლო საფრთხეების, მათ შორის სეპარატაზმის გამოვლინების პრევენეცია და აღკვეთა.

რა გავაკეთეთ ჩვენ ქარტიის რატიფიცირების შესახებ ვალდებულების აღებიდან, ანუ 1999 წლიდან დღემდე?

პრაქტიკულად ბევრი არც არაფერი. თუ არ ჩავთვლით ქარტიის დემონიზაციას და ვაჰაგნ ჩახალიანის მსგავსი კომიკური პერსონაჟებისგან მართვადი ფიგურების შექმნას, რომელსაც არავინ იცის ვინ და როგორ გამოიყენებს ქართულ-სომხურ საჭადრაკო პარტიაში.

ამ ხნის მანძილზე, ჩვენ ისიც კი ვერ მოვახერხეთ ევროპელი პარტნიორებისათვის ყოველგვარი პათეტიკის, სადღეგრძელოების და კვეხნის გარეშე აგვეხსნა, რომ ევროპულ ქარტიაში ისედაც დიდი ხანია ვცხოვრობთ. ზუსტად მას შემდეგ, რაც ამ მიწაზე პირველი სახელმწიფო ერთეული ჩამოყალიბდა. მას შემდეგ რაც მეფე ფარნავაზმა ქართული ანბანი შექმნა და მას შემდეგ რაც ქრისტიანობა, როგორც შემწყნარებლობის საწყისი, ქართველმა ერმა სახელმწიფო რელიგიად აღიარა.

ქარტიაში ვცხოვრობთ დღესაც, რადგან მისი მოთხოვნების ძირითადი ნაწილის შესრულება სახეზეა:

ქვეყანაში არსებობს არაერთი რეგიონალური და უმცირესობის ინტერესების გამომხატველი საგანმანათლებლო დაწესებულება და სახელმწიფო მათ მიმართ პერმანენტულ ზრუნვას ახორციელებს.

ფაქტები, რეგიონალურ და უმცირესობათა ენების მიმართ ნებისმიერი გაუმართლებელი გამორჩევის, გამორიცხვის, შეზღუდვის ან უპირატესობის მინიჭების, რომელიც მიზნად ისახავს ამ ენების დაცვისა და განვითარებისათვის ხელის შეშლას ან საფრთხეში ჩაგდებას არ არსებობს.

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის დონეზეა გარანტირებული თარჯიმნის მომსახურება.

საინფორმაციო გამოშვებები რეგიონალურ და უმცირესობის ენებზე საზოგადოებრივი მაუწყებლობით გადაიცემა.

მეზობელი ქვეყნებიდან რეგიონალურ და უმცირესობის ენის იდენტური რადიო და ტელემაუწყებლობის პირდაპირი მიღების თავისუფლება არ იზღუდება.

რეგიონალური და უმცირესეობის ენებზე შეუფერხებლად ფუნქციონირებს თეატრები და კულტურული დაწესებულებები.

გვყავს რეგიონალური და უმცირესობის წარმომადგენელი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები.

სახელმწიფოს მიერ არ არის დაშვებული ისეთი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ან უმცირესობათა ენების

გამოყენების შეფერხებას ეკონომიკურ ან სოციალურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

დოკუმენტის რატიფიცირება კი მხოლოდ ფორმალიზმია, რომელიც დროს, მოთმინებას და გონიერებას საჭიროებს.

საქართველო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არის ქვეყანა, რომელიც თავისი ისტორიით, ტრადიცებით და რეალობით, სწორედ ტოლერანტობის მაგალითია და რითიც სამართლიანად შეგვიძლია სწორება გავაკეთოთ ნებისმიერი წამყვანი ევროპული სახელმწიფოს მხარდამხარ.

რა თქმა უნდა არსებობს კითხვებიც.

რა თქმა უნდა 1992 წლიდან, ანუ "ენის ქარტიის" მიღებიდან სამი ათეული წლის შემდეგ, მისი ზოგიერთი მუხლი არსებული პრაქტიკის თუ მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგიდან გამომდინარე მოდიფიკაციას საჭიროებს.

რა თქმა უნდა გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ახალქალაქის საკრებულომ მხოლოდ ქარტიის, როგორც დოკუმენტის ამოქმედება მოითხოვა და ამ მიმართვის უკან უაღრესად სენსიტიური საკითხების წამოჭრის ალბათობა არ დგას.

ვიცით, რომ სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხე არსებობს.

გვესმის, რეგიონებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეების მიერ სახელმწიფო ენის, ქართულის, სრულფასოვნად დაუფლება პირდაპირ კავშირშია ქარტიის რატიფიცირებასთან.

ცხადია ასჯერ უნდა გავზომოთ, ვიდრე გავჭრით.

ცხადია ეს ახალქალაქშიც უნდა ესმოდეთ და ევროპაშიც.

მაგრამ საუკუნის ფრაზა: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, უფლებებთან ერთად ვალდებულებასაც ნიშნავს. მათ შორის ვალდებულებას, ვიყოთ უფრო ძლიერები ვიდრე ვართ და შევძლოთ გამოწვევებისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. მხოლოდ ამ ამოსავალი წერტილიდან შეიძლება, როგორც ერთიან ევროპულ ოჯახის წევრობაზე ფიქრი, ისე კავკასიაში წამყვანი პოზიციების დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის, რომ "ევროპული ქარტია რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენების შესახებ" ჩვენივე უმეცრებით და გარეშე ძალების ფარული თუ აშკარა ჩარევით, განვითარებისა და ჰარმონიზაციისკენ მიმავალი ლოკომოტივის ნაცვლად, პოლიტიკურ გამბიტად იქცევა. ეს კი საბედისწერო სვლა იქნება ორი ისტორიულად სისხლხორცეული თანამოძმის, ქართველი და სომეხი ერისათვის.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკური თავისუფლების ცენტრის თავმჯდომარე