ახალაიების გამზრდელი - კვირის პალიტრა

ახალაიების გამზრდელი

ზუსტად ვიცი, ციხის სკანდალური კადრების შემდეგ უმაღლესი კასტის ნაციონალი ამორძალები მიხეილ სააკაშვილისგან როგორ კატეგორიულად ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას და საჯაროდ დისტანცირებას, მაგრამ მაშინ გამზრდელმა ბოლომდე მაინც ვერ გაწირა გაზრდილი და მხოლოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით შემოიფარგლა.

აღზრდის საჭირბოროტო თემა ქართულ სინამდვილეში არახალია. ისტორია სავსეა უძღები შვილებით, მკვლელი მამებით, მოღალატე დედებით და იმედგაცრუებული მოძღვრებით. დიდმა აკაკიმაც ულამაზეს ჩანგზე დაამღერა თავისი უკვდავი ლექსი და რა გასაკვირია, რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, სადაც ზღვარი მადლიერებასა და უმადურობას შორის ძალზე მყიფეა, აქტუალობას ეს საკითხი არც დღეს კარგავს.

განვლილი ცხრა წელი, უმთავრესად ახალი სოციალური წესრიგის დამყარებისკენ იყო მიმართული. წესრიგის, რომელიც საბოლოოდ არა საზოგადოების ყველა წევრის განვითარების და ჰარმონიზაციის, არამედ მმართველი ელიტის პირადი კეთილდღეობის და უსაფრთხოების მსახურად იქცა.

რა იყო ამისთვის საჭირო?

ტრადიციების უგულვებელყოფა. წარსულის დავიწყება და ათვლის წერტილად ნაციონალური ხელისუფლების მოსვლის თარიღის დადგენა.

მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ავტორიტეტული და მაშასადამე მმართველი კლასისათვის საფრთხის შემცველი ინსტიტუციის დისკრედიტაცია.

ყველა მცირე და დიდი გავლენის მქონე სოციალური წრის, ქურდული სამყარო იქნებოდა ეს თუ ინტელიგენცია, კონკურენტად ჩათვლა და მათი განადგურება ან ჩანაცვლება.

მტრის ხატების შექმნა. საზოგადოებაში წითელი ხაზების გავლება. საწინააღმდეგო აზრის დანაშაულად გამოცხადება და ოპოზიციისგან პოლიტიკური ველის გაწმენდა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სრულიად განსხვავებული გენეტიკური იმპულსების და ღირებულებების მატარებელი ჰუმანოიდის, საქართველოს ახალი მოქალაქის გამოყვანა.

ვინ უნდა ყოფილიყო ამ გენერალური ხაზის გამტარებელი. ცხადია ძველ ჭურჭელში ახალი ღვინო არ ჩაისხმებოდა და ამიტომაც ვარდების რევოლუციის ლიდერებმა, ერთი ხელის მოსმით თქვეს უარი მათი აზრით საბჭოთა და შევარდნაძის ეპოქით მენტალობა დაბინძურებულ თაობაზე. სახელისუფლო ეშელონების ყველა რგოლიდან საშუალო და შუახნის ასაკობრივი ჯგუფები განდევნეს და მათ ადგილას თუნდაც გამოუცდელი, მაგრამ ერთგულების ნიშნით შერჩეული ახალგაზრდები მოყვანეს.

კადრები წყვეტენ ყველაფერს.

ძმები ახალიაები ნაციონალური სისტემის თვალსაჩინო პროდუქტია. დღეს აღარავის შეუძლია მტკიცება როგორი იქნებოდნენ ისინი, რომ არ მოხვედრილიყვნენ იქ და იმ დროს სადაც მოხვდნენ, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, არ იქნებოდნენ ახალაიები, იქნებოდნენ პეტრიაშვილები ან გიგუაშვილები ან რომელიმე თქვენგანი ჩემო მეგობრებო. ჯალათის ადგილი ვაკანტური არასდროს რჩება, ძალაუფლება კი ისეთი ხიბლია, რომლის ცდუნებას თვით ლუციფერმაც ვერ გაუძლო.

ამიტომაც, მე არ მჯერა მათი, ვინც დღეს ახალაიებში ბოროტების საწყისს ეძებს და არც მათი, ვისაც ისინი მსხვერპლად მიაჩნია. ისინი იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც მათ დამქირავებლებს სჭირდებოდათ და როგორებიც თავად სურდათ რომ ყოფილიყვნენ. ეს მათი არჩევანი იყო. საკუთარ არჩევანზე კი ყველა თვითონ აგებს პასუხს.

დღევანდელი მერაბიშვილი–ახალაიების დაპირისპირებაც კულუარული ინტრიგების გაგრძელება და თვითგადარჩენისათვის ბრძოლაა. ნაციონალურ მოძრაობას გადარჩევის პროცესი დაეწყო, სადაც დარვინისეული კანონზომიერების თანახამად გადარჩებიან არა ყველაზე ნიჭიერები ან ძლიერები, არამედ ყველაზე შემგუებლები, მაგრამ თავად მერაბიშვილები, ადეიშვილები, ახალაიები და ძმანი მათნი ინდივიდები აღარ არიან. ისინი განზოგადდნენ და როგორც არ უნდა ეცადნონ ეხლა ერთმანეთისგან გამიჯვნას, მათი კრებითი აღქმა უკვე მომხდარი ფაქტია.

სხვა საკითხია როგორ და ვის აწყობს მოცემულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში ახალაიების პროპაგანდისტული შეფუთვა. როგორც ნაციონალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: პოლიტიკა ისეთი ფარჩაა, რომელიც როცა საჭიროა ბრწყინვალებით შეგმოსავს და როცა აღარავის დასჭირდები გაგაშიშვლებს და გაგაფარჩაკებს.

ამიტომაც არავინ იცის ვის სასარგებლოდ ითამაშებენ ახალაიები. მათი ასაკი, ინფორმირებულობა და ნიჭიერება (თუნდაც უარყოფითი ენერგეტიკით წარმოჩინებული) როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჯერ კიდევ არ იძლევა პარადოქსებით აღსავსე ქართული პოლიტიკის სცენიდან მათი ნულოვანი შედეგით ჩამოწერის შესაძლებლობას, თუმცა ერთი რამ ცხადია, ახალაიები როგორც სიმბოლო სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერებისა შედგნენ და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გამზრდელიც და გაზრდილიც ერთნაირად დამნაშავეა მკითხველის წინაშე.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკური თავისუფლების დაცვის ცენტრის თავმჯდომარე