შანტაჟი ფარული ჩანაწერებით - გამოწვევა ახალი მთავრობისათვის - კვირის პალიტრა

შანტაჟი ფარული ჩანაწერებით - გამოწვევა ახალი მთავრობისათვის

"ყოველიადამიანისპირადიცხოვრება, პირადისაქმიანობისადგილი, პირადიჩანაწერი, მიმოწერა, საუბარისატელეფონოდასხვასახის ტექნიკურისაშუალებით, აგრეთვეტექნიკურისაშუალებებითმიღებულიშეტყობინებანიხელშეუხებელია"

საქართველოსკონსტიტუციისმე-20 მუხლი

ბოლო რამდენიმე დღეა მთელი საქართველო ადამიანის საჯაროდ წამების მოწმეა. ეს ადამიანი გიორგი ფარესიშვილია. ადამიანის უფლებათა დამცველი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება და 21 საუკუნის ტექნოლოგიური ინკვიზიციის მსხვერპლად აქცია.

ქართულ პოლიტიკაში ბრძოლის წესები - წესების არ არსებობაა. დაშვებულია ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანის ფანტაზიის ყველაზე ბნელ კუთხეებში აღმოცენდეს: მოსყიდვა, სამსახურიდან გაგდება, ოჯახის წევრებზე მუქარა, პოლიტიკური არჩვნებში ხმის მისაცემად ნათესავების და მეგობრების დაჭერა ან ციხიდან გამოშვება, წარსული საქმიანობის ქექვა, კომპრომატების მოძიება, ბიზნესის წართმევა, დატერორება, მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება სამუშაო კაბინეტში,სოციალური ქსელების და ელექტრონული ფოსტის გატეხვა,სატელეფონო კონტროლი და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ სია ვრცელია და ამოუწურავი. მთავარია თქვენ უდროო დროს, უადგილო ადგილზე არ აღმოჩნდეთ და დაინტერესებული პირების ან სპეცსამსახურებისთვალთახედვის არეალში არ მოექცეთ. უბედურება კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და ყველა ამა თუ იმ ფორმით შეგუებულია.

ტექნოლოგიების განვითარებამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებამ, ყოველი ადამიანის პერსონალური სივრცე აგრძნობლად შეამცირა. გასაგებად რომ ვთქვათ, რაც უფრო მცირდება მასშტაბები მსოფლიოში, მით მეტად გამჭვირვალე ხდება თქვენი ცხოვრება. ეს გარდაუვალი პროცესია, რომლის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში ილაშქრებენ ანტიგლობალისტები, მაგრამ პროგრესს ბარიკადებით ვერ შეაჩერებ. უბრალოდ საჭიროა, სახელმწიფომ, როგორც საზოგადოების უსაფრთხოების გარანტმა, საკუთარი მოქალაქეების პირადი ცხოვრების პატივისცემა უზრუნველყოს.

ვინ მოიპოვა და რა მიზნები ჰქონდა გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, ცალკე საკითხია და გამოძიების პრეროგატივაა. ამ ისტორიაში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი კი, თვითონ ამ კადრების შინაარსია. არავის საქმე არ არის, ვინ ვისთან წვება და ვინ ვისთან იღვიძებს. მთავარი აქ სხვა რამეა. დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გასაკეთებელი აპარატურის შეძენა, განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სულაც არ არის საჭირო ნებისმიერ პიროვნებაზე თვალთვალის განხორციელებისა და კომპრომატების მოპოვებისათვის. მით უფრო როცა იცი, რომ კანონი ზედმეტად ლიბერალურია და მაქსიმუმ ჯარიმის გადახდამ ან 2 წელი მოგიწიოს ციხეში ჯდომამ. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ თავისი წევრების დასაცავად და ვინ არის პასუხისმგებელი თითოეული ჩვენთაგანის, ამ შემთხვევაში კი გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების უსაფრთხოებაზე.

შეკითხვის პირველი ნაწილის ყველაზე იოლი პასუხი იქნებოდა,თავად საზოგადოების წევრები იყვნენ კრისტალურად იმდენად სუფთები, რომ მათი კომპრომეტირება შეუძლებელი იყოს, მაგრამ ვინაიდან ადამიანებს დაბადებიდან თანდაყოლილად აქვთ ამა თუ იმ ფორმით დაცემისკენ მიდრეკილება, ეს პასუხი ძალიან მარტივად ჟღერს და მაშასადამე არ ვარგა.

მეორე შესაძლო პასუხი იქნებოდა დავადგინოთ პოლიტიკური, რომლის იქითაც გადასვლა აკრძალული იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და მათაც დაბადებიდან თანდაყოლილად აქვთ ამა თუ იმ ფორმით დაცემისკენ მიდრეკილება, ეს პასუხიც არ ვარგა.

რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, აქაც ყველაზე ადვილი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ინერციით მოგვყვება დარომლისგანაც ჯერ ბოლომდე ვერ გავთავისუფლდით, მაგრამ ვინაიდან ლუმინალად ქცეული ეს განმარტება, უკვე ზედმეტად ბანალური გახდა, მაშასადამე არც ეს პასუხი ვარგა.

სწორედ შიშის სინდრომმა, რომ არავინ იყო დაცული იმისგან, რაც ციხის ცნობილ კადრებში ჩანდა ბოლო, საკონტროლო გასროლა გაუკეთა უკვე განადგურებისკენ მიმავალ ნაციონალურ მოძრაობას.

გიორგი ფარესიშვილის ტრაგედია არ არის ერთი კაცის ტრაგედია. მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება გამოწვევაა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მოქმედმა ხელისუფლებამ, რომელიც სწორედ შიშისგან გასათავისუფლებლად ავირჩიეთ, უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ ჩვენ არ შევცმდარვართ. რომ საზოგადოებაში ხელახალი შიშის სინდრომის დანერგვა და ბრძოლა წესების გარეშე მის ნებას არ შეესაბამება. მხოლოდ დაგმობა და გამიჯვნა საკმარისი არ არის. დამნაშავის გამოვლენა და დასჯა პირდაპირ კავშირშია მსგავსი ქმედებების პრევენციასთან.ასევე აუცილებლად არის გასამკაცრებელი საკანონმდებლო ბაზა.საწინააღმდეგო შედეგი, კი წახალისება იქნება იმ ადამიანებისათვის, ვისაც სხვისი ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურება მოაფიქრდება მომავალში.

მორალისტების გასაგონად კი, რომელებიც ქირქილებენ და კრისტალურობაზე თავს დებენ, მარტივი და ამ შემთხვევაში დამაჯერებელი არგუმენტი არსებობს. ფრაზა, რომელიც განკაცებულმა უფალმა ჩასაქოლად განწირული მეძავის დასაცავად წარმოთქვა:

"ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა".