რუსული მავთულხლართები და წაგებული ერის სინდრომი - კვირის პალიტრა

რუსული მავთულხლართები და წაგებული ერის სინდრომი

ფროიდის ერთ-ერთ თეორიას ფსიქოანალიზში, შეცდომითი მოქმედებების თეორია ქვია. ამ თეორიის მიხედვით, თუ თქვენ რაღაც წამოგცდათ ან ხშირად გავიწყდებათ, ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერის დონეზე მაინც, თქვენ ამ რაღაცაზე ფიქრობთ ან მის მიმართ შინაგან პროტესტს განიცდით.

ფროიდს ბევრი საკამათო თეორია აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ მართალი იყო.

რა შუაშია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ფროიდი?

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ჩვენმა რეინტეგრაციის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა: "რუსებს საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი აქვთ დაკავებული და თქვენ რა გინდათ 200-300 მეტრის გამო ომი გამოვუცხადოთო?!"

პირველი რეაქცია მათ შორის ჩემიც, რა თქმა უნდა ემოციური, ურა-პატრიოტული და ცალსახად ნეგატიური იყო.

ეს რა თქვა მინისტრმა. როგორ გაბედა და ორას-სამასი მეტრი ქართული მიწა უმნიშვნელოდ ჩათვალა?!

როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები?!

ამის შემდეგ ხელისუფლებისგან წამოვიდა განმარტებები, რომ ზოგჯერ მოთმინებაა საჭირო უფრო მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რომ გონიერება და პროვოკაციებზე არ აყოლა, ჩვენი ახალი პოლიტიკის ძირითადი ღერძია და დაკარგულ ტერიტორიებს ერთიანად დავიბრუნებთ.

არადა ზაქარეიშვილს სიტყვებზე თუ არ გამოვეკიდებით, უჩვეულო არც არაფერი უთქვამს.

მან თქვა ის რასაც ქვეცნობიერად განიცდიდა.

რასაც შეიძლება არავინ ვაღიარებთ ხმამაღლა, მაგრამ რაც თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაში, ორასწლიანი რუსული ოკუპაციის მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული.

2006 წელს, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ვიყავი უკრაინაში, კიევის მერმა დედაქალაქის დღეების აღსანიშნავად მიღება გამართა, სადაც საქართველოს საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი მიგვიწვიეს. ტრადიციული დიპლომატიური გამოსვლების და მილოცვების შემდეგ, სტუმრებმა ერთმანეთითან პრივატული საუბრები დავიწყეთ. პირველი ჩემთან ფინეთის საელჩოს თანამშრომელი მოვიდა და გამეცნო. რუსეთს სავაჭრო ემბარგო ახალი გამოცხადებული ქონდა საქართველოსთვის და ცხადია ამ საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ. ფინელ დიპლომატს აინტერესებდა რას ვაპირებდით, როგორი სტრატეგია გვქონდა და რამდენად დამოკიდებული იყო ჩვენი ეკონომიკა რუსულ ბაზარზე. ხომ არ გამოიწვევდა ეს ყველაფერი ახალგაზრდა ხელისუფლების ჩამოშლას.

მე ვუპასუხე, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ეს პროცესები ჩვენს ეკომონიკურ დივერსიფიკაციას გაზრდიდა, ღვინის ხარისხიც გაუმჯობესდებოდა და საბოლოოდ ქვეყნის რუსეთისგან დისტანცირების ხარისხი ამაღლდებოდა. ჩემი ახლად გაცნობილი მეგობარი ყურადღებით მისმენდა, შამპანურს წრუპავდა და იღიმებოდა. ბოლოს კი თითქოს თემასთან შემხებლობაში არ მყოფი, მაგრამ ძალიან საგულისხმო კითხვა დამისვა.

-რამდენი წელია თქვენს ქვეყანას ომი არ მოუგია?

შეკითხვამ თავიდან დამაბნია. ვერ ვხდებოდი რა შუაში იყო, ეკონომიკური ემბარგო და მოგებული ომები. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ კი ვუპასუხე, რომ თუ ომის და არა ცალკეული ბრძოლების მოგების კლასიკურ განმარტებას გულისხმობდა, ალბათ რამდენიმე საუკუნე იყო.

-რუსებთან ბრძოლაში, მთავარი წაგებული ერის სინდრომის დამარცხებაა-მითხრა მან და დამემშვიდობა.

მაშინ ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ ალბათ ალკოჰოლი მოეკიდა ფინელ დიპლომატს და რაღაც აერია, მაგრამ როდესაც პირველმა ემოციამ გადამიარა დავფიქრდი.

ვინ თუ არა ფინელებმა იციან, როგორია რუსებთან ბრძოლა.

ვინ თუ არა პატარა ფინეთმა იცის, რომ შეიძლება ტერიტორიები დაკარგო, ბრძოლები წააგო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული დარჩე.

ფინეთის ეროვნული გმირი მარშალი მანერჰეიმი წერს თავის მემუარებში:

"ომი უბედურებაა, მაგრამ ყველაზე უარესი სახელმწიფოს შიგნით ატეხილი შფოთია. ჩვენი მტრებიც ჯიუტად ცდილობდნენ ფინეთში სამოქალაქო ომის გაჩაღებას. ქვეყანა გადარჩა იმიტომ, რომ ყველა ფინელი განურჩევლად ასაკისა და კლასობრივი კუთვნილებისა, ერთად დადგა. სამშობლო ან სიკვდილი! – ეს ყველას იდეოლოგია გახდა".

დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ხელისუფალს, არც 1918–1921 წლებში და არც საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ სიღრმისეულად, გეგმაზომიერად და არსებული რეალიების გათვალისწინებით, არ დაუწყია იმაზე ფიქრი, რეალურად როგორ უნდა მოვიგოთ ქართველებმა ომი. არა მხოლოდ აფაზეთის ან სამაჩაბლოს დასაბრუნებლად. არამედ ომი არსებობისათვის.

ჩემს წინა ბლოგში, ევროპისკენ მიმავალი მართლმადიდებლური გზის შესახებ ვთქვი, რომ ნამდვილად გვჭირდება ახალი ქართველი. შეიარაღებული მდიდარი ტრადიციებით, ისტორიული გამოცდილებით და შემწყნარებელი რელიგიით, რომლისთვისაც სამშობლოს სადარაჯოზე სიკვდილი, მისი ბუნებრივი მდგომარეობა იქნება. რომლისთვისაც არ ექნება მნიშვნელობა ეს სადარაჯო ორასი მეტრია თუ ათეულობით კილომეტრი.

მე რა თქმა უნდა პაატა ზაქარეიშვილს არ ვთხოვ, რომ წავიდეს და დიცის ვაშლის ბაღებში შეაკვდეს რუსებს.

არც ომის გამოცხადებას ვითხოვ.

ეს საკითხის მიმართ ჩემი პირველი, ემოციური და მაშასადამე არაადეკვატური განწყობის გაგრძელება იქნებოდა.

უბრალოდ მინდა მჯეროდეს ბატონი მინისტრის განცხადებების, რომ არსებობს სახელმწიფო სტრატეგია. გეგმა, რომელსაც ახალი ხელისუფლება მიყვება და რომ ეს სტრატეგია არსებულ გამოწვევებზეა ორიენტირებული.

მეც, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსგავსად, გულწრფელად ვგულშემატკივრობ დღევანდელ ხელისუფლებას და მინდა წარმატებას მიაღწიოს.

მაგრამ ამავე დროს, თუ ამ გეგმაში არ იქნება ძლიერი იდეოლოგიური საფუძველი, რაც ერის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მისი მენტალიტეტიდან წაგებულის სინდრომის გავლენის განდევნას უზრუნველყოფს, ყველა გეგმა წინაწარ მარცხისთვის იქნება განწირული.

ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდნენ სოციალ–დემოკრატები. როგორც დამარცხდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა შევეგუოთ არაპოპულარულ აზრს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ნურც ჩვენ დავუსვამთ დედლაინს მთავრობას და არც მათ უნდა დაადგინონ კონკრეტული თარიღები, როდესაც დაკარგული ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ.

იმიტომ რომ ამისთვის მზად ჯერ არც მთავრობაა და არც ხალხი.

თანამედროვე სამყაროში ბრძოლების მეთოდიკა შეცვლილია. შეიძლება არ გქონდეს ატომური იარაღი, არ ქმნიდე ბალანსს გეოპოლიტიკურ სივრცეში, არ გყავდეს ასიათასობით ჯარისკაცი, მაგრამ მაინც მიაღწიო საბოლოო გამარჯვებას.

მით უმეტეს ისეთი მცირე ერებისათვის როგორც ჩვენ ვართ.

ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი სწორედ ფინეთია. ამ ქვეყნის მოქალაქეების საზოგადოებრივმა ერთობამ და იდეურმა მზადყოფნამ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვათ საკუთარი სამშობლო, შეძლო შეუძლებელი: გააფთრებული რუსული დათვის შეჩერება.

მენტალური ბრძოლისუნარიანობა და პროგრესი. ეს არის მთავარი იარაღი რაც შეიძლება ჩვენ მტერს დავუპირისპიროთ. ფუნდამენტი, რომელზეც წარმატებისკენ მიმავალი გრძელვადიანი სახელმწიფო კონცეფცია უნდა დაშენდეს.

ამ სტრატეგიაში საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა აღიზარდოს ტკივილით და რწმენით, რომ მას წართმეული აქვს თავისუფლების ნაწილი, რომლის დასაბრუნებლადაც საჭირო დროს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, მზად იქნება მისთვის ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღოს.

საბავშვო ბაღები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

უმაღლესი სასწავლებლები.

სამხედრო ნაწილები.

საჯარო სამსახურები.

სამოქალაქო საზოგადოება.

აი, სად გადის დღეს ჩვენი სადემარკაციო ხაზი.

აქ არის ჯერ მთავარი ბრძოლები მოსაგები და აქედან არის უპირველეს ყოვლისა ასაღები რუსული მავთულხლართები.

ამის შემდეგ შეგვეძლება ღირსეული პასუხი გავცეთ მოწინააღმდეგეს და ვაიძულოთ პატივი სცეს ჩვენს უფლებას, ვიარსებოთ ამ უსამართლო სამყაროში.

სხვა ყველა გზა დამარცხებისკენ მიდის.

სხვა ყველა გეგმა, მხოლოდ მორიგი იმედგაცრუება და ღრმა იარა იქნება, ჩვენს ისედაც დაავადებულ და ჭრილობებით დასერილ, სამიათასწლოვან ცნობიერებაში.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე