რას მისცეს ხმა მოსამართლეებმა ანუ ვისია მართლმსაჯულება? - კვირის პალიტრა

რას მისცეს ხმა მოსამართლეებმა ანუ ვისია მართლმსაჯულება?

ერთი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენი უმრავლესობა და განსაკუთრებით მოსამართლეთა კორპუსი კარგად იცნობთ. მას აქვს გამორჩეული ნიჭი, ყველაზე დიდ უბედურებაშიც კი პოზიტივი დაინახოს. რაც მთავარია ამას აკეთებს ბუნებრივად, დამაჯერებლად და ლოგიკურად, ისე რომ შენც ამ პოზიტივის თანამონაწილე ხდები და საკითხს აბსოლიტურად სხვა პრიზმიდან აღიქვამ.

2013 წლის 09 ივნისის მოსამართლეთა კონფერენციის შემდეგ, ძირითადი კითხვა რომელიც მუსირებს საზოგადოებაში, არის შემდეგი. ვინ მოიგო და ვინ წააგო ეს არჩევნები? ვის ხელში აღმოჩნდება ბოლოს და ბოლოს მართლმსაჯულება?

ნაციონალები ზეიმობენ.

ოცნება იხტიბარს არ იტეხს.

საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებულია და ორივე მხარეს ლანძღავს (განსაკუთრებით ანტიკოჰაბიციონისტები).

ექსპერტები კი ფიქრობენ.

არადა კითხვა, ვინ მოიგო, ყოფილმა თუ ახალმა ხელისუფლებამ? თავშივე არასწორად არის დასმული.

თუ ცოტა ხნით ჩემს პოზიტიურ მეგობარს მივბაძავთ, ემოციებს გვერდით გადავდებთ და შევეცდებით რაციონალური მარცვალი ვიპოვნოთ მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ჩემი აზრით ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკურ ძალთა ჭიდილში შესაძლოა სწორედ საზოგადოება დარჩეს მოგებული.

ეხლა ვინმეს ნაციონალი, ან მეოცნებე, ან მით უმეტეს ოპტიმისტი რომ არ ვეგონო, შევეცდები ძალიან მოკლედ და რთული იურიდიული ტერმინოლოგიის გარეშე, დავასაბუთო ჩემი მოქალაქეობრივი შინაგანი რწმენა.

ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ოღროჩოღრო გზაზე, ძირითადი პრობლემა, რის გამოც ქვეყანა კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ხშირად კი უკანაც გორდებოდა, ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპის არ არსებობა იყო.

ყველა მთავრობა მიუხედავად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და მათი გამიჯვნის შესახებ დეკლარირებული განცხადებებისა, აშკარად თუ ფარულად, ცდილობდა ოთხივე სახელისუფლო ბერკეტის: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მედიის მონოპოლიზებას და ერთ ვერტიკალში გაერთიანებას.

ყველაზე წარმატებული ამ თვალსაზრისით ცხადია ნაციონალური ხელისუფლება იყო.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო მანამდე შეუძლებელი. საკუთარ ხელში აბსოლიტური ძალაუფლების კონცეტრაცია და შედეგიც ძალიან მალე მიიღო, სახელისუფლო შტოებს შორის კონკურენციის არ არსებობამ გარყვნა მთავრობა, საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილების ბალანსი ვერ განხორციელდა, უსამართლობის შეგრძნებამ გადაფარა ყველა მიღწევა და საბოლოოდ მოხდა ის, რაც ისტორიული კანონზომიერებით უნდა მომხდარიყო. სისტემა დაეცა!

2012 წლის 01 ოქტომბრის არჩევნები თავისი ბუნებით, არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები. სწორედ ზემოხსენებულ კონცეტრირებულ ძალაუფლებაზე გამარჯვების გამო, საზოგადოებაში რევოლუციური მოლოდინები გაჩნდა, როგორიც არის: სამართლიანობის აღდგენა, ყველანი ციხეში, არა კოჰაბიტაციას, ძალაუფლება ხალხს და ა.შ.

სამართლიანობა კი მოლოდინთა მოლოდინი და ის განცდაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავისუფალ მართლმსაჯულებას უკავშირდება. როცა სახელმწიფო მოხელეთა თავგასულობის გამო, შენ უბრალო მოქალაქეს, შეგიძლია სასამართლოში წახვიდე და საკუთარი ღირსება დაიცვა.

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აქტიურმა მხარდამჭერებმა, თითქოს პოლიტიზებული პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა არ ხდებოდა, ადამიანებმა კარგად იციან, რომ ეს ტყუილია.

როგორც მოქმედ ადვოკატს, მე ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჟურნალისტებიც, როგორ აიძულებდნენ მოსამართლეებს, მათი შინაგანი რწმენის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოეტანათ.

პასუხი ძალიან მარტივია. სისტემის დრაკონულობა მის ავტომატიზმშია. ღრმად დაქსელილი და ფესვებგადგმული ვერტიკალი იმდენად სინქრონულად მუშაობდა, რომ უმეტეს შემთხვევაში არავის არავისთან დარეკვა არ სჭირდებოდა. ფარული ხელის პრინციპი ყველაფერს აგვარებდა.

მანამდე და პარალელურად კი იყო საკადრო წმენდა, ურჩი მოსამართლეების სამაგალითოდ დასჯა, ტელევიზიების თანხლებით კაბინეტებში დაჭერა, დევნა, თვალთვალი, ერთგულების ნიშნით შერჩეული, ახალგაზრდა და ენერგიული კადრების მოზიდვა, ტრენინგები, ხელფასების გაზრდა, ბონუსები, კვალიფიკაციის ამაღლება, წახალისება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აშ.

მოკლედ მათრახის და თაფლაკვერის ძველი, მაგრამ საიმედო მეთოდის გამოყენება.

ოცნებამ კი მოინდომა, რომ ის, რასაც ნაციონალური ხელისუფლება ცხრა წლის მანძილზე შოკური თერაპიის გამოყენებით და მიზანდასახულად აშენებდა, უმტკივნეულოდ ჩამოეშალა.

ეს ალბათ მართლაც ოცნებების სფეროდან იყო.

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

როგორ არაპოპულარულადაც არ უნდა ჟღერდეს, დღევანდელი სასამართლო ჯობია გუშინდელს. ამას ნებისმიერი პრაქტიკოსი იურისტი დაგიდასტურებთ, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს სასამართლოსთან. იდეალურობამდე რა თქმა უნდა შორია და პოლიტიკური გავლენები თუ თვითცენზურაც ჯერ კიდევ იგრძნობა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და თუ სიტყვაზე არ მენდობით, სკეპტიკოსებმა შეგიძლიათ სტატისტიკას ჩახედოთ.

რა თქმა უნდა ამას მრავალი მიზეზი აქვს. სუბიექტურიც და ობიექტურიც, რომელთა ჩამოთვლაც ეხლა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მთავარი მაინც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონკურენციაა, რის გამოც პირდაპირი ვერტიკალის გავლენა სასამართლოზე მოიხსნა და მოსამართლეებმაც თავისუფლება იგრძნეს.

უმთავრესად სწორედ ამის გამოხატულება იყო 2013 წლის 09 ივნისს, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ყველამ და მათ შორის მოსამართლეებმაც შესანიშნავად იციან აქსიომა - ნაციონალური ხელისუფლება წარმავალია. შესაბამისად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ გაცილებით ნაკლები ბერკეტები ექნებათ, ან შესაძლოა ამ სახით საერთოდაც გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. ამიტომაც ეს ის შემთხვევაა, როდესაც წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსამართლეების დიდმა ნაწილმა ახალი ხელისუფლების დრაკონად ქცევის შიშით, საკუთარ დამოუკიდებულობას უფრო მისცეს ხმა, ვიდრე ყოფილ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა იყვნენ, არიან და დარჩებიან მოსამართლეთა კორპუსში პიროვნებები, რომლებსაც შესაძლოა პირადი ვალდებულებები აკავშირებთ ნაციონალური პარტიის ლიდერებთან ან სულაც თავად აქვთ მსგავსი იდეოლოგიური სიმპატიები, მაგრამ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ.

ამავე დროს, ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არ აპირებს ისეთივე მეთოდებით სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც მიჩვეულები ვიყავით. შანტაჟი, დაპატიმრება, დაშინება, იძულება.. . .

ჩვენ ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ და არა მგონია ვინმეს მისი განმეორება სურდეს.

ზოგჯერ დამარცხება გამარჯვებას უდრის და ჩემი აზრით, ახალი ხელისუფლების მიერ მოსამართლეებისთვის მინიჭებული თავისუფლება თავად გაეკეთებინათ არჩევანი, თუნდაც ეს არჩევანი კატეგორიულად მიუღებელი ყოფილიყო კოალიციისთვის, სწორედ მთავარი წარმატებაა ამ გზაზე.

შეიძლება მე ამ შემთხვევაში მართლაც ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მაინც, ჩემი შინაგანი რწმენა ამას მეუბნება.

თორემ ისე, ცხრა წლის მანძილზე დაშინებული კაცის კიდევ ერთხელ შეშინებას რა უნდა ?!

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე.