31 ოქტომბერი, რა იქნება ბიძინას შემდეგ? - კვირის პალიტრა

31 ოქტომბერი, რა იქნება ბიძინას შემდეგ?

დიახ, შეკითხვა სწორედ ასე ჟღერს. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა არა საპრეზიდენტო კანდიდატები ან, მიხეილ სააკაშვილის მომავალია, რადგან ეს ორივე საკითხისაბოლოო ჯამში პროგნოზირებადი და შესაბამისად უინტერესოა, არამედ წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და თუ წავიდა-რა იქნება ბიძინას შემდეგ?

სიმართლე რომ ითქვას საქართველოში ეს კითხვა ყოველთვის აქტუალური იყო.

რა იქნება ზვიადის შემდეგ?

რა იქნება შევარდნაძის შემდეგ?

რა იქნება მიშას შემდეგ?

ყველა ამ შეკითხვის უკან კი საზოგადოების ქვეცნობიერი შიში იმალებოდა.

რა გვეშველება ზვიადის გარეშე? შევარდნაძის გარეშე? მიშას გარეშე?

ანუ კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით:

ვინ თუ არა ზვიადი?!

ვინ თუ არა შევარდნაძე?!

ვინ თუ არა მიშა?!

დღეს კი ყველა ეს კითხვა თუ მოთხოვნა თავისთავად და ბუნებრივად უკავშირდება საზოგადოების უმრავლესობის ამჟამინდელ ლიდერს.

რა გვეშველება ბიძინას გარეშე და ვინ თუ არა ბიძინა?!

ეს არისმარადიულიდა რიტორიკული კითხვა, რომელიც ბედისწერასავით დაგვყვებათან დამოუკიდებლობის ოცი წლის მანძილზე და მოჯადოებულ წრეზე გვატარებს.

და მაინც, რა იქნება ბიძინას შემდეგ???

როდესაც მე ჩემს ბლოგში "ბიძინა ივანიშვილის შესასრულებელი მისია" ვწერდი, რომ მთავარი მოტივაცია რაც მას, როგორც ადამიანს, რომელმაც ყველა პიროვნული ოცნება აიხდინა, შეიძლებოდა ჰქონოდა, მშობლიური ხალხის სიყვარულია, ზოგიერთმა იდეალისტად ჩამთვალა, ზოგიერთმა კი ჩემი მოსაზრებები მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრების სურვილად მონათლა.

მე რა თქმა უნდა მესმის ამ ზოგიერთების. მათ გასაგონად უნდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ იდეალისტი არ ვარ და ჩემისაადვოკატო პრაქტიკიდან გამომდინარე აღარც სხვების იდეალურობის მჯერა. რაც შეეხებამოწყალების მიღების სურვილს, დიდი ხანია იმ ასაკს გავცდი, რომ სტატიებით და ბლოგებით ვინმეს და მით უმეტეს, ისეთი პრაგმატული პიროვნების გულის მოგების იმედი მქონდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილია.

მე უბრალოდ შემთხვევითობის კანონზომიერების მჯერა.

მე მჯერა, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის და გაანალიზების გარეშე, მოვლენთა საბედისწრო თანხვედრით, შეიძლება აბსოლიტურად არაპრაგმატული და დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღო. ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ სამშვიდობოზე უკანა კარიდან გასულიყვნენ, სწირავდნენ ყველაფერს რაც გააჩნდათ, ფულს, სიმშვიდეს, ოჯახს, საკუთარ სიცოცხლესაც კი, ისეთი ეფემერული და შედარებითი ცნების დასაცავად, როგორც რწმენა და ღირსებაა.

ასეთი გმირებით სავსეა ჩვენი ისტორიაც და რომ არ ყოფილიყვნენ ისინი,ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებდით.

არა ეფემერულად დაგადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად და ხელშესახებად, ფიზიკურად არ ვიარსებებდით. ვერც მე დავწერდი ამ ბლოგს და ცხადია ვერც თქვენ წაიკითხავდით მას.

მე მჯერა, რომ უკონკურენტოდ და საკუთარი ილუზორული სამყაროს ტყვეობაში ჩარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, თავის მანიაკალური მიდრეკილებების მქონე გარემოცვასთან ერთად ქვეყანას გარდაუვალი კატასტროფისკენ მიაქანებდა.

მე მჯერა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ტირანიისკენ მიმავალ მანქანას შეაჩერებდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ავტორიტეტი და მის მიერ პოზიტივზე აგებული და სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია იყო.

მე მჯერა, რომ 2012 წლის 02 ოქტომბერს ქვეყანა გადარჩა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდებოდა მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნაციონალებს აქამდე აქამდე სრულიად ამოძირკვული ეყოლებოდა ოცნებაც და მათი მხარდამჭერებიც. უკვე დამთავრებული იქნებოდა პიარ-კამპანია სახელწოდებით "ხალხის მტრების გამოვლინება" და დაჩმორებულ-დატერორებული საზოგადოება საკუთარი ცნობიერების ბნელ კუთხეებში მიიმალებოდა.

ამის შესახებ მე ბევრი მაქვს ნაფიქრი.

ამის შესახებ ყველაზე მეტი ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს ნაფიქრი.

დარწმუნებული ვარ, როგორ მოექცეოდა დამარცხებულ ბიძინა ივანიშვილს გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე უკეთ თავად ბიძინა ივანიშვილმა იცის.

რას ვიყავით მიჩვეულები აქამდე?!

მოდიოდნენ როგორც დრაკონის დამმარცხებელი გმირები და მიდიოდნენ როგორც დრაკონად ქცეული კვაზიტირანები.

გამარჯვებულს ყველაფერი, დამარცხებულს არაფერი!

ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია!

ბიძინა ივანიშვილის სურვილი, შექმნას პრეცედენტი ხელისუფლებაში მოსვლის და შემდეგ ნებაყოფლობთ ძალაუფლების გადანაწილებისა რამდენიმე ვერტიკალზე, სრულიად ახალი სტანდარტია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.

ეს არის მცდელობა, წერტილი დაესვას მარადიულ და რიტორიკულ-ინფანტილურ კითხვას: ვინ თუ არა ის?!

ბუნებრივია, რომ მსგავსი პრეცედენტის არმქონე საზოგადოება, ეჭვით და სიფრთხილით ეკიდება ერთი შეხედვით სრულიად არაპრაგმატულ და დაუჯერებელ ნაბიჯს.

საზოგადოების ნაწილს ეშინია დემოკრატიასთან მარტო დარჩენის.

საზოგადოების ნაწილს ეშინია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ იქნება ქაოსი.

მე კიდევ მჯერა, რომ კონკურენცია ქმნის ჯანსაღ გარემოს. რა თქმა უნდა შეცდომები ამ მთავრობასაც აქვს და ევროპელობამდეც ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ მთავარი რაც ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ იქნება, გაზრდილი საზოგადოებაა, რადგან მისი გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ის განსაკუთრებული გაკვეთილია, რომლის წყალობითაც ხვალ,თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვეცოდინება საკუთარ თავზე, ვიდრე ვიცოდით გუშინ.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე