რიგითი ნაციონალის გადასარჩენად!
რიგითი ნაციონალის გადასარჩენად!
რისთვის გვჭირდება რიგითი ნაციონალი?!

მართალია შეკითხვა რიტორიკულად ჟღერს, მაგრამ მას სრულიად ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევების თანახმად, ნაციონალური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე რომ იყოს მას ამომრჩეველთა 5,9%-ი დაუჭერდა მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უხეში გათვლებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 150 000 ადამიანია. 150 000 საქართველოს მოქალაქე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე მათი რიცხვი, თუ ნაციონალური მოძრაობა სწორედ იმუშავებს შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მართალია კოალიციის ლიდერები ზოგადად ასეთი
ტიპის გამოკითხვებს ეჭვით უყურებენ და ციფრებიც შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არსებობენ და მათი რაოდენობა პარლამენტის წინ მდებარე მოედნის შევსებას აშკარად ეყოფა.

მაინც, ვინ არის რიგითი ნაციონალი?

ეს არის საქართველოს მოქალაქე. უმეტესად საშუალო ფენის წარმომადგენელი, რომელსაც არ მოსწონს
ქვეყნის პრემიერი პერსონალურად (ეს მისი განწყობაა, რაც ვერც ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანმა ქველმოქმედებამ შეცვალა და ვერც პოლიტიკაში მიღწეულმა მისმა ინდივიდუალურმა წარმატებამ) და ასევე ახალი ხელისუფლების საგარეო ორიენტირები. არ მოსწონს რუსეთთან დაახლოების ბუნდოვანი პერსპექტივები. გულწრფელად სჯერა, რომ სტალინის ძეგლის აღდგენა პირდაპირ კავშირშია საბჭოთა მენტალობის დაბრუნებასთან, ხოლო წიგნების უფასოდ დარიგება ახალი თაობის სოვეტიზაციასთან. ეშინია მემარცხენე იდეოლოგიის, სამართლიანობის აღდგენის გაურკვეველი ლოზუნგების და ღრმად არის დარწმუნებული, რომ 2012 წლის 01 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდა არა ის და მისი პარტია, არამედ ქვეყანა.

ამ ნაციონალმა ნახა და მოისმინა ყველაფერი, რაც ახალმა ხელისუფლებამ შესთავაზა წინა ხელისუფლების შესახებ.

ნახა, რომ თურმე სადღაც, რომელიღაც ბნელ ჯურღმულებში ადამიანებს აწამებდნენ და მისი ქვეყნის ხერხემლის სიძლიერე, სადისტების წინაშე წაკუზული ადამიანების საჯდომებზე გადიოდა.

გაიგო, რომ თურმე მისი პარტიის ლიდერები ბიუჯეტის თანხებს ისე ფლანგავდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ და საეჭვო რეპუტაციის ქალბატონებს, ხალხის ფულით ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებდნენ.

დარწმუნდა, რომ წინა ხელისუფლების დროს თურმე ყველას და ყველაფერს უღებდნენ, მათ შორის ალბათ მასაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სულ ფეხებზე ეკიდათ.

დაიჯერა, რომ მისი საყვარელი პრეზიდენტი უშეცდომო სულაც არ იყო და ზოგჯერ დამნაშავეც შეიძლებოდა ყოფილიყო.

იცის, რომ ქვეყანას პროკურატურა, სოდი და კუდი მართავდა.

ესმის, რომ ათასობით ადამიანი ტყუილად იჯდა ციხეში.

არ მოსწონს, რომ საპროცესო შეთანხმებები ფულის ამოღების მექანიზმად იყო ქცეული.

იცოდა, რომ პატიმრების ოჯახებს საარჩევნოდ იყენებდნენ.

პირადად იცნობს და მეგობრობს მათთან, ვისაც ქონება წაართვეს ან ერთ ლარად აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის.

ხშირ შემთხვევაში მასაც შეეხო დანაშაულებრივი სისტემის გრძელი ხელი.

დარწმუნებულია, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს!

და მიუხედავად ამისა,

იგი მზად არის 2013 წლის 27 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მაინც ხუთიანი შემოხაზოს.

რადგან ეს მისი არჩევანია. სულ რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ (თუ უკვე არ გაათავისუფლეს), სულ რომ ყოველდღე მიშისტი უძახო, სულ რომ მერაბიშვილის დავალებით გადაღებული მისი საკუთარი ცხოვრების ამსახველი კადრები ანახო, მაინც წავა და ხვალ ხმას დავით ბაქრაძეს მისცემს.

ასეთია რიგითი ნაციონალი. დამარცხებაში გამოცდილი და განწყობის თეორიის ხორცშესხმული მაგალითი.

ხოდა, საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც დღეს, ამ ნაციონალის განადგურებას და კედელთან მიყენებას ითხოვს, უნდა გაიაზროს მარტივი ჭეშმარიტება:

რომ ეს სახელმწიფო ათასობით მოქალაქის კიდევ ერთხელ კედელთან მიყენებას ვეღარ აიტანს.

რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ რიგით ნაციონალებს შანსი უნდა ჰქონდეთ თანაცხოვრებისთვის.

რომ კოაბიტაცია ჩვენი არჩევანი კი არ არის, ჩვენი ბედისწერაა.

რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ ჩვენს გვერდით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების არსებობა.

რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან.

რომ საბოლოო ჯამში, ყველა იდეოლოგია ბუტაფორიაა.

რომ ოდესღაც ვარდებიც ჭკნება და ოცნებებიც ხუნდება.

რომ მთავარია ამ ქვეყანაში ხალხი გადარჩეს.

და რომ დღეს, რიგითი ნაციონალის გადარჩენა, თითოეული ჩვენგანის გადარჩენაა!



ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე

12 ივლისი 2013 წელი.
ნანა
23 სექტემბერი 2013 21:08
ვაი შენს პატრონს,
grigori
22 ივლისი 2013 14:21
ავტორის ძირითად აზრს სრულად ვეთანხმები.თუ ნაცმოძრაობის ყველა წევრს განურჩევლად მტრად მივიჩნევთ ეს ქვეყნის მომავლის საბოლოოდ დასამარება იქნება.ყოველი ახალი ხელისუფლება წინას ასევე გაუსწორდება და ამას დასასრული არასოდეს ექნება.ბოლოსდაბოლოს ყველას თავი ქრისტიანად მიგვაჩნია,თუნამდვილად არა ვართ,მაგრამ თუ დანაშაული პირადად მის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი,მაშინ ყველაფერი დვავიწყდება დასასტიკად დასჯას მოვითხოვთ.ასე უსასრულოდ გაგრძელება არავის სიკეთეს არ მოუტანს,რაც მთავარია ქვეყნისთვის იქნება გამანადგურებელი.
ლელა
21 ივლისი 2013 13:31
ვარდებიც ჭკნება და ოცნებებიც ხუნდება, მაშ არც ვარდები გავახაროთ და არც ვიოცნებოთ, რადგან ერთხელაც ვკვდებით და არც ჰქონია არაფერს აზრი. რაც შეეხება რიგით ნაციონალებს, მათ არავინ ერჩის საკუთარი გონების გარდა. აღიარონ რეჟიმის კრახი და ჩამოშორდნენ სააკაშვილის შერეკილ უზნეო იდეოლოგიას. ერთ დროს ჩვენც დავიჯერეთეთ მას, მაგრამ როცა ვნახეთ თუ რა ქართველთმოძულე იყო, დავუპირისპირდით საკუთარი სამსახურების დაკარგვის და სიცოცხლის ხელყოფის შიშის ქვეშ. ეს არ იყო ადვილი ოქტომბრის აარჩევნებამდე. ახლა ყველაფერი ადვილია. ახლა ვინ გერჩით. ნუ ირგებთ ვითომ წამებულის მანტიას. მოეშვით კეკლუცობას. რეჟიმი არ არსებობს, არც თქვენ გემუქრებათ ვინმე. თუ ეს თქვენი მორიგი დემაგოგია არ არის!

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?