რა გჭირდებათ ოჯახებში: მარგველაშვილის აუხდენელი ოცნება?! - ბლოგური დისკუსია გია ნოდიასთან - კვირის პალიტრა

რა გჭირდებათ ოჯახებში: მარგველაშვილის აუხდენელი ოცნება?! - ბლოგური დისკუსია გია ნოდიასთან

თავისუფალი ბლოგის სტუმარია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე ბატონი გია ნოდია.

ამირან გიგუაშვილი: ბატონო გია, ქართველები სიმბოლოების მოყვარული ხალხი ვართ, გვიყვარს ასოციაციური აზროვნება და მოდით ჩვენი დისკუსიაც აქედან დავიწყოთ. რას ფიქრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე და მის მომავალზე, საბოლოოდ დაჭკნენ ვარდები?

გია ნოდია: თუ სიმბოლოების ენაზე დავრჩებით, ვარდი იმის ვარდია, რომ მალე უნდა დაჭკნეს. ანუ ის რომანტიზმი, რაც ვარდების რევოლუციას და ნაციონალური ხელისუფლების პირველ ეტაპს თან ახლდა, უნდა შეცვლილიყო მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი პოლიტიკით, რომელიც წარმატებების და წარუმატებლობების ბალანსით ფასდება. ხოლო თუ ვარდების ჭკნობაში ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის, დასასრულს გულისხმობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია. ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას გამოაკლდა ბევრი წევრი და მომხრე, ძირითადად - ოპორტუნისტები, რომლებიც გამარჯვებულის მხარეზე გადავიდნენ. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ერთადერთი ქართული პარტიაა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვას გაუძლო და იდენტობა შეინარჩუნა. და ეს იმ ფონზე, როცა ახალი ხელისუფლება თავის უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევს, ბოლომდე "ჩაძიროს" ნაციონალური მოძრაობა და ამისთვის აქტიურად იყენებს შანტაჟს და მოსყიდვას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით არც ერთ სხვა სფეროში არ ჩანს მთავრობის ახალი პოლიტიკის კონტურები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართული ოცნების ძირითადი შინაარსი სწორედ ამით ამოიწურება: საქართველოში აღარ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს ერთადერთი სფეროა, სადაც მთავრობა მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია.

ამირან გიგუაშვილი: მაგრამ აქ ოცნების მხარდამჭერები და განსაკუთრებით მათი რადიკალური ფრთა შეგედავებოდათ ბატონო გია. მთავარი პრეტენზიები რაც დღეს კოალიციის მიმართ გააჩნია მისივე ელექტორატს, ეს სწორედ შეუმდგარი და გაურკვეველი კოაბიტაციის პროცესია. ერთის მხრივ, მთავრობა იძახის: ნახეთ ნაციონალური ხელისუფლების ნამდვილი სახე! ესენი იყვნენ სადისტები, ბიუჯეტის ფულის მფლანგველები. ჰყავდათ ასობით პოლიტპატიმარი, ათასობით უკანონო პატიმარი, არ არსებობდა კანონი და ქვეყანას პოლიცია განაგებდა, ხოლო მეორე მხრივ ამბობს: მე კი არ ვასამართლებ და ვკრძალავ იმ პარტიას, რომელმაც ეს პირსისხლიანი რეჟიმი შექმნა, არამედ ვაპირებ მასთან თანაცხოვრებას და პარლამენტში ქვეყნის საკეთილდღეო კანონპროექტებზე მუშაობას. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც სწორედ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებს მისცა ხმა, მსგავსი დიდსულოვნება მიუღებელია და მათთვის რამდენიმე თანამდებობის პირის, თუნდაც ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყოს, პასუხისგებაში მიცემა საკმარისი სულაც არ არის.

გია ნოდია: გარკვეულწილად გეთანხმებით. ამიტომაც ვთქვი, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია-მეთქი. მაგრამ თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც "ქართული ოცნება" რჩება წმინდად ნეგატივზე შექმნილ ერთობად. დღესაც მის წევრებს სხვა არაფერი აერთიანებთ, თუ არა "ნაცების" წინააღმდეგ ბრძოლა, - თუ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას და რესურსებს არ ჩავთლით. ამის იქით მხოლოდ იზოლირებული ნაბიჯებია, რომელთა მიღმა არავითარი ხედვა არ ჩანს. ამას წინათ ვესაუბრე ერთ-ერთ მეგობარ უცხოელ დიპლომატს, რომელსაც ძალიან აინტერესებდა მთავრობის ახალი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და დიდხანს ესაუბრა ამ პოლიტიკის ერთ-ერთ გამტარებელს, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო, რისი მიღწევა სურს მთავრობას და როგორ. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ზოგადი ხედვა გასაგები იყო: ამის ფონზე აზრი აქვს დავას, რამდენად სწორი თუ წარმატებული იყო მისი ქმედებები. ეს ეხება პოლიტიკის ყველა სხვა სფეროს: ჯერ არაფერი გაგვიგია იმაზე, როგორ უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა ან ზოგადად ეკონომიკა, როგორ უნდა გახდეს უფრო სამართლიანი სამართალდაცვის სისტემა და ა. შ. შეიძლება, ზოგიერთი მომხრე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს სთხოვდეს ბიძინა ივანიშვილს "ნაცებთან" ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ტაქტიკური უთანხმოება ბრძოლის მეთოდებზე. რაც შეეხება მიზანს - "ნაციონალური მოძრაობის" და პირადად მიხეილ სააკაშვილის განდევნას პოლიტიკური ასპარეზიდან, აქ ყველაფერი ცხადია და კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება.

ამირან გიგუაშვილი: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის მიზანი პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის დამარცხება და პუტინის ოცნების ასრულება იყო? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს საკითხის ძალიან მარტივი გადაწყვეტა და შეთქმულების თეორიაა, რომელიც როგორც წესი არ ამართლებს ხოლმე. მოდით გულწრფელად მითხარით მართლა ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინტერესებს ატარებს? მე მქონდა ბლოგი სათაურით "ბიძინა ივანიშვილის შესასრულებელი მისია", რომელშიც გამოვთქვი რწმენა, რომ თუკი თქვენ მიაღწიეთ ყველა შესაძლო პირად წარმატებას, რაზეც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერც კი იოცნებებენ: გყავთ საყვარელი მეუღლე, კარგი შვილები, დააგროვეთ უზარმაზარი ქონება, მოიპოვეთ საყოველთაო პატივისცემა და ამასთან შესძელით პრაქტიკულად შეუძლებელი და პირველივე ცდაზე ქვეყნის მართვის სადავეებიც აიღეთ ხელში, მთავარი მოტივაცია რაც წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება გქონდეთ, ხალხის გრძელვადიანი სიყვარულის დამსახურებაა. შეიძლება ეს ძალიან მარტივად და იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით, ის უფრო მარტივი და პრიმიტიულია, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი წარმატებული და ისტორიული შესაძლებლობის შანსის მქონე პიროვნება უბრალოდ ვინმეს მარიონეტად და ქვეყნის მტრების მსახურად იქცევა.

გია ნოდია: მე მკვლევარი ვარ და მყარი საბუთებით მიყვარს საუბარი. რადგან მტკიცებულებები არ არსებობს, მე არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, მეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებების შემსრულებელია - თუმცა არც ამის გამორიცხვა შემიძლია. მისი გამოჩენისთანავე ვთქვი, რომ შესაძლოა ამ ადამიანს ერთ მშვენიერ დღეს თავში რაღაცა გადაუბრუნდა და გადაწყვიტა, რომ ჰქონდა სპეციალური მისია: ქვეყანა მტარვალი სააკაშვილისგან ეხსნა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ კარგია. თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მოტივი ქვეყნის სიკეთეა, ცუდია, როცა ქვეყნის ბედი ერთადერთი ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ასევე ცუდია, როცა ყველა ვმარჩიელობთ, მოწინააღმდეგის განადგურების გარდა კიდევ რა უნდა ამ ერთ ადამიანს.

ამირან გიგუაშვილი: ერთი ადამიანი წყვეტდა ქვეყნის ბედს მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას. ის იყო მთავარი კანონშემოქმედი, მთავარი მეურნე, მთავარი არქიტეტორი, მთავარი მაჩო, მთავარი პროდასავლელი და ასე უსასრულოდ. არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს იყო მისი მთავარი შეცდომა?

გია ნოდია: შეცდომებს არც არავინ უარყოფს. მიხეილ სააკაშვილი თავისი ბუნებით ჯარიმის ზღვარზე მოთამაშე პოლიტიკოსია, ასეთი იყო ის დემოკრატიის ნორმებთან მიმართებაშიც: ხან რამდენადმე გადაცდებოდა წითელ ხაზს, ხან უკან ბრუნდებოდა. დემოკრატის იდეალად ის ვერ გამოდგება. მისი მთავრობა, არც თუ იშვიათად, მათი აზრით, უფრო მაღალი იდეალების და მიზნების მისაღწევად თვალს ხუჭავდა დემოკრატიული ნორმების გადაცდომებზე. ამისთვის მან და მისმა გუნდმა საბოლოო ჯამში სერიოზული პოლიტიკური ფასი გადაიხადეს, არა მხოლოდ წაგებული არჩევნების, არამედ შელახული რეპუტაციის სახით. მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ, რომ ახალი ხელისუფლება უფრო ერთგულია ან დემოკრატიის იდეალების, ან ადამიანის უფლებების პრინციპებისა. რაც არ უნდა კრიტიკულები ვიყოთ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ეს პირველი პარტიაა საქართველოს ისტორიაში, ვინც ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. ამიტომ, თუ სააკაშვილს ქართულ კონტექსტში შევაფასებთ და არა ზოგად იდეალებთან შეპირისპირებით, მას დემოკრატიული განვითარების კუთხითაც აქვს სერიოზული მიღწევები და არა მხოლოდ, ვთქვათ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თავალსაზრისით.

ამირან გიგუაშვილი: თქვენ არჩევნები და ხელისუფლების გადაბარება ახსენეთ, მანამდე კი წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. ცხადია ჯერ რაიმე დასკვნების და შეფასებების გაკეთება კანდიდატებზე და მათ პროგრამებზე ნაადრევია, მაგრამ ერთი მთავარი მესიჯი ოცნების საპრეზიდენტო კანიდატისგან უკვე მიღებულია. რა გჭირდებათ ოჯახებში? ეს დასამახსოვრებელი ფრაზა წარმოთქვა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. მისი თქმით იგი მოდის არა კონკურენტების საქილიკოდ და მათზე საჭორაოდ, არამედ სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. რამდენად სწორია ეს გზავნილი და რეალურად რა გვჭირდება ოჯახებში ჩვენ, რიგით მოქალაქეებს?

გია ნოდია: მე ვფიქრობ, აქაც ქართველი ხალხის მეოცნებე ბუნებასთან და სამართლებრივ არაკომპეტენტურობასთან ხდება თამაში. კონსტიტუციაში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ გიორგი მარგველაშვილს, როგორც განათლების მინისტრს, გაცილებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ჩვენს ოჯახებზე ეზრუნა, ვიდრე ამას პრეზიდენტის რანგში მოახერხებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, მოქმედ პრეზიდენტს არ უტოვებს რაიმე როლს სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. ამიტომ ეს წმინდა წყლის პოპულიზმია. მაგრამ ამ მხრივ მაინცდამაინც "ოცნება" არ მინდა გავაკრიტიკო: როგორც ჩანს, საარჩევნო პროგრამები, რომლებიც პრობლემების კონკრეტულ გადაწყვეტებს გვთავაზობს და არა ზოგად დაპირებებს, ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკოსებიც შესაბამისად ელაპარაკებიან ხალხს.

ამირან გიგუაშვილი: მარგველაშვილი ამ განცხადებას ალბათ უფრო გუნდურობის იმედად აკეთებდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში იგი ფაქტობრივად იმ მთავრობის პარტნიორი იქნება, რომელსაც ამ დაპირებების შესრულება შეეძლება. თუმცა ვნახოთ, წინ საინტერესო პროცესების გველოდება და კანდიდატებიც საკუთარ გეგმებს ალბათ უფრო ნათელს გახდიან. დასასრულისთვის არ შემიძლია ნახევრად ხუმრობით არ გკითხოთ: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გია ნოდიას მსგავსი ექსპერტების ადგილი ქვეყანაში არ იქნებოდა. მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, თქვენ კი აგერ თქვენს საქმიანობას მშვიდად აგრძელებთ. აქაც ხომ არ გაქვთ პრეტენზიები ივანიშვილის მიმართ?

გია ნოდია: (იღიმება) საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით ბიძინა ივანიშვილს ამ პირობის შესასრულებლად, როგორც ჩანს, არ მოუცლია. თუმცა, ეს ის დაპირებაა, რომლის შეუსრულებლობაზე მე პრეტენზია ნამდვილად არ მექნება.

მოამზადა:

ამირან გიგუაშვილმა

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე