გზა ოცნებიდან ბურჯანაძისკენ, ანუ ვინ დააპურებს პარტიულ აქტივისტს? - კვირის პალიტრა

გზა ოცნებიდან ბურჯანაძისკენ, ანუ ვინ დააპურებს პარტიულ აქტივისტს?

მართალია კოალიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ხმები მათი წევრების ბურჯანაძესთან მასიურად გადასვლის შესახებ მხოლოდ ბოროტი ჭორები და მოწინააღმდეგეთა წინასაარჩევნო პროპაგანდაა, მაგრამ ცნობლია, რომ შუბი ხალთაში ვერ დაიმალება, პერიფერიებში კი განსაკუთრებით, სადაც ყველამ ისედაც კარგად იცის, ვინ ვისთან მიდის, ვინ ვისთან მოდის და საერთოდ ვისი შუბი ვის ხალთაშია.

რა თქმა უნდა აქ იდეოლოგია არაფერი შუაშია.

იდეოლოგია, როგორც ასეთი, არც არავის აქვს საქართველოში და არც აინტერესებს ვინმეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაფერი ათასჯერ გადამღერებული ძველი სიმღერაა: თავისუფლება, დემოკრატია, ერთიანი და ძლიერი საქართველო.

ამ ქვეყანაში სიმართლე რა თქმა უნდა არ უყვართ. ამიტომ ძალიანაც მოხვდათ გულზე პატივცემულ მოექსპერტო გვამებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური უმწიფრობის შესახებ, მაგრამ ესეც ის სიმართლეა, რომელსაც როგორც არ უნდა გაექცე, ვერსად დაემალები.

ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან, როგორც წესი ხმას საკუთარ კეთილდღეობას აძლევენ და არა პოლიტიკურ პლატფორმებს. მშიერი კუჭით მაღალ იდეალებზე ფიქრი ძნელია და შესაბამისად საარჩევნო კამპანია საქართველოში დასაქმების კამპანიას უფრო ჰგავს, ვიდრე პროგრამების ჭიდილს. კონკრეტული აქტივისტი, კონკრეტული პარტიის საარჩევნო შტაბში მიდის იმედით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას თუ არა, პირადად მას მაინც ეშველება და ადგილობრივ გამგეობაში თუნდაც საშუალოზე დაბალ რგოლში დასაქმდება.

და რა მნიშვნელობა აქვს, მემარცხენეობას ან მემარჯვენეობას. პროდასავლელობას თუ პროჩრდილოელობას, ნატოს და რუსის ვანიას ჩექმას. მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ოჯახში კარაქის თუ არა, პურის არსებობის ელემენტარული პრობლების გადაწყვეტაა.

რა თქმა უნდა ბურჯანაძეს თავისი უპირატესობებიც აქვს.

შეცდომებითა და წარმატებებით მდიდარი პოლიტიკური წარსული.

ორგზის (მართალია დროებითი მაგრამ მაინც) პრეზიდენტად ყოფნის გამოცდილება და შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის შემგუებლობა ამ საკითხთან.

მკვეთრი და უბრალო ამომრჩევლისათვის გასაგები მესიჯები.

ბიძინა ივანიშვილთან, როგორც განსაკუთრებული ნდობის მანდატის მქონე ფიგურასთან პერსონალური დაპირისპირებისათვის თავის არიდება და ამით იმ განცდის შექმნა, რომ მარგველაშვილისგან განდგომა, პრინციპში ივანიშვილის ღალატს არ ნიშნავს.

და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების მუდმივი ინფანტილური სწრაფვა მამობილის ან დედობილის და არა პარტნიორის ან მენეჯერის ძიებისკენ.

როგორც არ უნდა აუხსნა ქართველ კაცს, რომ ამ ჩვენი ნაცოდვილარი კონსტიტუციით პრეზიდენტს მამობილის და დედობილის კი არა, მამინაცვალ-დედინაცვლის ფუნქციის განხორციელებაც არ შეუძლია, მისი რწმენა ერის გადამრჩენელ, თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის ან თამარ დედოფლის დარი იპოსტასის მიმართ ურყევია.

და რა მნიშვნელობა აქვს, მარგველაშვილი კარგი მენეჯერია თუ ცუდი?

რა მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკაში შეთქმულებების თეორიები არ ამართლებენ.

რა მნიშვნელობა აქვს, რომ მარგველაშვილისგან განდგომა, პრინციპში სწორედ ივანიშვილის ღალატს ნიშნავს.

და რომ მარგველაშვილი წაგება, სწორედ ივანიშვილის წაგებაა.

და რომ მარგველაშვილის წაგება, ავტომატურად ნიშნავს დიდ პოლიტიკურ ქაოსს ამ ქვეყანაში.

მთავარი კონკრეტული პარტიული აქტივისთვის, კონკრეტული და მარადიული კითხვაა, რომლის გამოც იგი უკვე ოცი წელია ერთსა და იმავე ჯადონსურ წრეზე ტრიალებს, ქარსა და წვიმაში, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე, საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო ყუთებთან.

ვინ მისცემს მას თავის წილ პურს, არსებობისათვის?!