შეუსრულებელი მისია თუ ისტორიული შანსი?! - გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.
შეუსრულებელი მისია თუ ისტორიული შანსი?! - გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მეც ისევე როგორც ალბათ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაგვიჩნდა იმედი, რომ მხოლოდ ასეთი საზოგადოებრივი ნდობისა და მატერიალური რესურსების ერთიანობას შეეძლო იმ მასშტაბის მონსტრის დამარცხება, როგორადაც სამწუხაროდ ნაციონალური ხელისუფლება გადაიქცა. მიუხედავად ამ იმედისა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრძოლა უსისხლოდ და მორიგი სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე ვერ ჩაივლიდა ბოლო წუთებამდე არსებობდა.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის სჯეროდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ არჩევნების გზით შეძლებდა გამარჯვებას და არა ბარიკადებზე
დგომით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო.

მან ეს შეძლო!

რა თქმა უნდა მოვლენების ამგვარად განვითარებაში ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეასრულა თავისი როლი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ უმნიშვნელოვანესი რგოლი მთელი ამ ჯაჭვისა, თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული შედეგობრივად სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები და სრულიად განსხვავებული, პოზიტივზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია
იყო.

მიუხედავად ამისა, დღეს, როდესაც იგი თანამდებობიდან წასვლას უკვე დადასტურებულად აპირებს, მეც და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმის გაკეთებას, რასაც საჯაროდ გამოქვეყნებულ ღია წერილში აცხადებს.

ჩემი ბლოგის მიზანი ამ ვრცელი და მრავალვექტორიანი წერილის დეტალური ანალიზი არ არის. ეს არც ბლოგის ფორმატში ჯდება და ვფიქრობ ამას სხვებიც მოახერხებენ. მე მხოლოდ მინდა ბიძინა ივანიშვილის მიმართვის რამდენიმე ასპექტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომლის ძირითადი გამოწვევებიც ასე გამოიყურება.

შესაძლებელია თუ არა თვისობრივად ახალი, ეფექტური და გრძელვადიანი საზოგადოებრივი კონტროლის დამყარება სახელმწიფო ინსტიტუტებზე?

შესაძლებელია თუ არა ემოციური პატრიოტიზმის ჩანაცვლება, აქტიური მოქალაქეობრივი ცნობიერებით?

და რაც მთავარია, შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის გაკეთება არა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელის რესურსებით, არამედ თუნდაც ნდობის განსაკუთრებული მანდატის მქონე, მაგრამ მაინც რიგითი მოქალაქის პოზიციებიდან?

დღევანდელი გადასახედიდან, ფიგურალურად ამ ყველაფერს შეიძლება შეუსრულებელი მისია ვუწოდოთ.

ერთი იმიტომ, რომ ურთულესია ჯერ ტოტალიტარული საბჭოთა ეპოქისგან, შემდეგ შიდა დაპირისპირებისგან და ბოლოს სააკაშვილის ავტოკრატიის მიერ მიზანმიმართულად დასუსტებული სამოქალაქო საზოგადოებისათვის საკუთარი დანიშნულების და ფუნქციის დაბრუნება.

მეორე იმიტომ, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე, მთავარი იარაღი, რასაც ავანტიურისტი პოლიტიკოსები და მათი შეცდომების თუ დანაშაულების "გამპრავებელი" ე.წ. ექსპერტები იყენებდნენ პოლიტიკური პროცესების სამართავად, სწორედ ქართველი ადამიანის ემოციური ბუნება და აბსოლიტური ჭეშმარიტების, აბსოლიტურ ბოროტებასთან ბრძოლის მარადიული მითი იყო.

მაგრამ ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა, რაც ამ გზაზე არსებობს, ჩვენში ღრმად ფესგვადგმული უნდობლობაა.

ამდენი წაგებებით, ტყუილით და სიბინძურით დაღლილ ქართველ კაცს უბრალოდ აღარ სჯერა, რომ ამ ქვეყნად უანგარო იდეალისტები კიდევ არსებობენ.

ჩემს ერთ-ერთ ბლოგში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესაძლო მოტივაციის შესახებ ვწერდი:

"მე მჯერა, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის და გაანალიზების გარეშე, მოვლენთა საბედისწერო თანხვედრით, შეიძლება აბსოლიტურად არაპრაგმატული და დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღო. ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ სამშვიდობოზე უკანა კარიდან გასულიყვნენ, სწირავდნენ ყველაფერს რაც გააჩნდათ, ფულს, სიმშვიდეს, ოჯახს, საკუთარ სიცოცხლესაც კი, ისეთი ეფემერული და შედარებითი ცნების დასაცავად, როგორც რწმენა და ღირსებაა.

ასეთი გმირებით სავსეა ჩვენი ისტორიაც და რომ არ ყოფილიყვნენ ისინი, ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებდით.

არა ეფემერულად და გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად და ხელშესახებად, ფიზიკურად არ ვიარსებებდით. ვერც მე დავწერდი ამ ბლოგს და ცხადია ვერც თქვენ წაიკითხავდით მას."

ცხადია ოცდამეერთე საუკუნეში გმირების არსებობა შეუძლებლად გვეჩვენება.

ადამიანური ეგოიზმიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფრის მიღმა სიბნელეს, შეთქმულებას ვეძებთ და მხოლოდ იმქვეყნად წასული გმირები გვიყვარს.

ცხადია ბიძინა ივანიშვილი არ უნდა გავაიდეალოთ.

მით უმეტეს, როდესაც მისგან გაცილებით მეტს ველოდებით, ვიდრე რიგითი მოქალაქისგან.

მით უმეტეს, როდესაც აცხადებს, რომ მესიების მისიების დასრულება მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

მაგრამ მოდით თუნდაც ერთხელ, მივცეთ შანსი არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ საკუთარ თავს და დავიჯეროთ, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ახალი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც თავისუფლად სუნთქვა და თავისუფლად ცხოვრება იქნება შესაძლებელი.

დავიჯეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია იმ ღირებულებების რეალურად პატივისცემა და ხორცშესხმა, რომელზეც პროგრესული, ევროპული საზოგადოება დგას. როგორც ეს შეძლო ხერხემალში ორჯერ გადატეხილმა გერმანელმა ხალხმა გასულ საუკუნეში, ან იგივე ჩვენმა ქვეყანამ დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

დავიჯეროთ, რომ ეს ქვეყანა რბილ სავარძლებში მსხდომ ჩინოვნიკებს კი არა, ჩვენ გვეკუთვნის, უბრალო ადამიანებს და ამ ქვეყნის ისტორიას თავად ვქმნით.

მარტო ამ მისიის შესრულებას ცხადია ვერავინ შეძლებს.

თვით ბიძინა ივანიშვილიც კი.

ამ მისიის შესრულება მხოლოდ ღვთისგან ბოძებული თავდადების უნარით, შრომისმოყვარეობით და მილიონობით ადამიანის ენერგეტიკის ერთიანობით არის შესაძლებელი.

ასეთი შანსი ათასწლეულში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ერს მიეცეს და მან ამ მომენტის გამოყენება უნდა შეძლოს.

ჩვენს შეგვიძლია ამის გაკეთება.

მთავარია საკუთარი თავის გვჯეროდეს და კიდევ იმის, რომ გმირები ოცდამეერთე საუკუნეშიც არსებობენ.

ასეთი გმირი შენც შეგიძლია იყო.

რადგან,

ისტორიულ წარმატებებს, მხოლოდ გამარჯვების ურყევი რწმენით შეპყრობილი იდეალისტები აღწევენ!
Sally
19 სექტემბერი 2013 14:55
არსებობენ გმირები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ არა პოლიტიკაში. მე მგონია, რომ ქართველი ხალხი შორსაა იდელისტური შეხედულებებისგან, ყველას მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს, ამიტომ ფუჭია ასეთი ადამიანებისთვის მორალის კითხვა. და კიდევ ერთი უცებ ამოტივტივებულს (ადამიანს) ისე არ უნდა ენდო, მითუმეტეს წარსული დიდი გამოცდილების მქონემ, რომ შენი ცხოვრება "სანთლით საძებარი მოურავის" იგავარაკს დაემსგავსოს.
მიშა
11 სექტემბერი 2013 14:48
კარგია ლამაზი სიტყვები და ოცნება მაგრამ გამკეთებელი ვინ არის >????? თქვენ ხომ არა ბატონო ამირან, თქვენ ხართ მზად თავგანწირვისთვის ??? ხართ გამარჯვების რწმენით შეპყრობილი იდეალისტი>???? გამოდით მაშინ ასპარეზზე, რას ელოდებით?!
ზვიად მეგრელიშვილი
08 სექტემბერი 2013 21:21
მე მგონია, რომ ამ ავტორის სახით ჩვენ რეალურად სახეზე გვყავს ან ძალიან დიდი დემაგოგი, ან ახალი იდეოლოგიური მოვლენა. საუკუნეში ერთხელ შეიძლება მართლაც დაიბადნნონ ადამიანები, რომლებსაც გულწრდელად შეიძლება უყვარდეთ სამშობლო და შეეძლოთ მისთვის თავგანწირვა. მე შეიძლება ვცდები მაგრამ ეს ადამიანი (ავტორი), რომლის ბლოგებსაც სისტემატურად ვეცნობი ხშირად უბრალოდ იმხელა სიმართლეს ამბობს, რომ ძნელია მისი გულწრფელობა დაიჯერო, თუმცა ვინ იცის, ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე.


იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?