10 მცნება პრეზიდენტის ამომრჩევლისათვის - კვირის პალიტრა

10 მცნება პრეზიდენტის ამომრჩევლისათვის

მცნება პირველი

 

არა ირწმუნო მისი, ვინც მამობის ან დედობის გაწევას გპირდება. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ასეთი ფუნქციები არ გააჩნია!

მცნება მეორე

არა ირწმუნო მისი, ვინც პენსიების და ხელფასების გაზრდას, სოციალურ გარანტიებს და უზრუნველ ცხოვრებას გპირდება. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს არც ეს ფუნციები გააჩნია!

მცნება მესამე

არა ირწმუნო მისი, ვინც საყოველთაო სამართლიანობის აღდგენას და თანასწორობას გპირდება. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამის გაკეთება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, თუნდაც ეს ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყოს!

მცნება მეოთხე

არა იწამო, რომ ვინმეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლია. ამას დღემდე ცდილობს მთელი მსოფლიო და ვერ ახერხებს. ერთადერთი რასაც რუსეთის იმპერია ანგარიშს უწევს,  ჯარისკაცის ტალახიანი ჩექმა და ხიშტია. ისტორია მხოლოდ ამას ამტკიცებს!

მცნება მეხუთე

არა იწამო, რომ რომელიმე კანდიდატი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფავორიტია. გახსოვდეს ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი ფავორიტი საკუთარი ინტერესებია. ისტორიაც მხოლოდ ამას ამტკიცებს!

მცნება მექვსეე

არ მისცე ხმა მას, ვინც მხოლოდ წარსულში იყურება. პრეზიდენტს შენ მომავლისთვის ირჩევ და არა გუშინდელი დღისთვის!

მცნება მეშვიდე

არა მიენდო პოლიტიკოსსა, რომელიც საკუთარი მორწმუნეობის ამსახველ სურათებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიების წინ ლოცულობს და უფლის მცნებებით გესაუბრება. გახსოვდეს, პრეზიდენტი ჩვეულებრივი მოკვდავია და მოციქულთა სწორი ვერასდროს გახდება!

მცნება მერვე

გახსოვდეს, ის ვინც ხალხის სახელით ლაპარაკობს და აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას, უბრალოდ ბრიყვია ან შენს გაბრიყვებას ცდილობს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პრეზიდენტი არ გამოგადგება!

მცნება მეცხრე

გახსოვდეს, არჩევანს საკუთარ სინდისთან აკეთებ და პასუხიც შემდეგ მხოლოდ მას უნდა მოსთხოვო, რადგან როგორც წესი, პოლიტიკოსთა უმრავლესობა, ყველა სხვა სფეროში ხელმოცარული ავანტიურისტია!

მცნება მეათე

წეს არს, არჩევნებზე წასვლამდე აუცილებლად დაიბანო ხელ-პირი და წაიკითხო წინა ცხრა წესი!