პრეზიდენტობის კანდიდატების სლოგანები, შეცდომები და ტყუილები. - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობის კანდიდატების სლოგანები, შეცდომები და ტყუილები.

საარჩევნო მარათონი ფინალისკენ გასწორდა და ძირითადი სამეულიც გამოიკვეთა.

მარგველაშვილი, ბურჯანაძე, ბაქრაძე.

სიურპიზები არ მომხდარა. ვერც ერთმა დანარჩენმა კანდიდატმა რაიმე განსაკუთრებული გარღვევა ამომრჩევლების გულებისკენ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოახერხა და შესაბამისად ფინიშთან მთავარ კონკურენტებად სწორედ ისინი მივიდნენ, ვინც თავიდანვე ფავორიტებად იყვნენ განთესილები.

მაგრამ რას გვთავაზობენ ისინი და რაც მთავარია, რა არის სიმართლე მათ შეთავაზებებში, რა შეცდომა და რა უბრალოდ, ტყუილი?

სამწუხაროდ, ჩვენთან საარჩევნო პროგრამებს არავინ კითხულობს, ხშირ შემთხვევაში თავად პოლიტიკური ლიდერებიც. შესაბამისად, მათი განხილვა და დეტალური ანალიზი არ ხდება. ამიტომაც არის ხოლმე არჩევნების შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვები გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ, უხვად გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებებისა და შეუსრულებელ ვალდებულების შემხედვარე საზოგადოების მხრიდან.

არადა ეს ის შემთხვევაა, როდესაც წიწილები წინასწარ უნდა დაითვალო, კვერცხის დადებამდეც კი და არა შემოდგომაზე.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ძირითადი დაპირებები ამომრჩევლისათვის პოლიტიკური პლატფორმების გაცნობის გარეშეც ცნობილია, სარეკლამო რგოლებიდან და ქუჩებში უხვად გამოფენილი სააგიტაციო მასალების მეშვეობით.

გზავნილები ამ შემთხვევაშიც მკვეთრია და როგორც წესი, ამომრჩეველთა მოთხოვნებზე ორიენტირებული.

აი რამდენიმე მათგანიც:

გიორგი მარგველაშვილი - 2013 წლის 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება!

ნინო ბურჯანაძე - სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის!

დავით ბაქრაძე - ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა!

კიდევ არის რამდენიმე საინტერესო და ჩემი აზრით, უფრო რელევანტური სლოგანი, მაგრამ ე.წ. ლოკომოტივები ესენია.

რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებიან ეს გზავნილები და რაც მთავარია შესრულებადია თუ არა ისინი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად წაადგება მათი ხორცშესხმა ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

მე ვფიქრობ, რომ არ წაადგება!

მიუხედავად ჩემი სიმპატიებისა გიორგი მარგველაშვილის მიმართ, მიმაჩნია, რომ მისი მთავარი გზავნილი არსებულ რეალობას არ შეესაბამება, და აი რატომ:

საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ამ გზავნილის ადრესატს წარმოადგენს, ანუ ვინც ამის გამო მისცემს ხმას ოცნების კანდიდატს, კოაბიტაციის დასრულებაში, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, თავის გუბერნატორებიანად არ იგულისხმება.

მათი მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე ყოფილი ჩინოვნიკების მმართველობითი რგოლებიდან ჩამოშორება:

გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!

დააპატიმრონ მიხეილ სააკაშვილი!

პარლამენტიდან გამოყარონ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები!

ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!

აღდგეს სამართლიანობა!

შეძლებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმის გაკეთებას, რაც ვერ გაკეთდა ერთი წლის წინათ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის წევრებს თვითონაც არ სჯეროდათ საკუთარი გადარჩენის?!

შეძლებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დარწმუნებას ნაციონალური რეჟიმის გასამართლების აუცილებლობაში?!

შეძლებს მომავალი, თუნდაც ერთიანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართლიანობის აღდგენის საკრალური მოთხოვნის შესრულებას?!

მე ვფიქრობ, რომ ვერა!

მით უფრო მაშინ, როდესაც ნაციონალური კანდიდატის გასვლა მეორე, ან თუნდაც მესამე საპრიზო ადგილზე სავსებით რეალურია.

გარდა ამისა, ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი დამსახურება, რაც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის საზოგადოების წინაშე, სწორედ რევანშიზმსა და საერთაშორისო იზოლაციას შორის გამოკიდებულ ბეწვის ხიდზე, ქვეყნის უსაფრთხოდ გატარებაა. შესაძლოა ეს ახლა არაპოპულარულია და ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატსაც აზარალებს, მაგრამ მჯერა, შორეულ დისტანციაზე ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორად ჩაითვლება.

ლიდერის ტვირთი ის კი არ არის, აკეთოს რაც ხალხს უნდა, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება, თუნდაც ამის გამო უმცირესობაში აღმოჩნდეს.

დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ ეს სწორედ გიორგი მარგველაშვილმა იცის.

ამიტომაც ეს სლოგანი უფრო ელექტორატის რადიკალურად განწყობილი ნაწილისათვის ხარკის გადახდას ჰგავს, რაც მინიმუმ შეცდომაა.

ამავე კონტექსტში ჯდება ნინო ბურჯანაძის მთავარი გზავნილი:

სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის!

თუმცა აქ სიტუაცია უფრო მძიმეა.

მარგველაშვილის შემთხვევაში კიდევ არსებობს თეორიული შანსი, რომ კოაბიტაცია დასრულდება იმ ფორმით, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი ითხოვს, რადგან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტს ეყოლება მთავრობა, რომელსაც შეეძლება მისი დანაპირების რეალობად ქცევა, ბურჯანაძის შემთხვევაში კი ამის თეორიული შანსიც არ არსებობს.

მესიანურ ქვეტექსებს რომ თავი დავანებოთ, რომლითაც ეს სლოგანია გაჯერებული, საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხოს არბიტრის ფუნქციების მატარებელმა პრეზიდენტმა, რომელსაც ფაქტობრივად არავითარი აღმასრულებელი ბერკეტი არ ექნება ხელთ, სამართლიანობის აღდგენა ყველგან და მით უმეტეს ყველასთვის?

ან რა არის სამართლიანობა?

ვის შეუძლია ზეციური სამსჯავროს დადგენა ამქვეყნიურ ცხოვრებაში?

კითხვა - იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის გაქრობა პოლიტიკური ავანსცენიდან და მისი ლიდერების მასობრივი დაპატიმრება (რომც შეეძლოს ამის გაკეთება ახლად არჩეულ პრეზიდენტს) სამართლიანობის აღდგენა ყველასთვის?

მე ვფიქრობ - არა!

განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისათვის, რომლებიც მოსწონს თუ არა ეს საზოგადოების დანარჩენ, თუნდაც უმრავლეს ნაწილს, არსებობენ და ისინი ჩვენს ირგვლივ, ზოგჯერ კი ჩვენს ოჯახებშიც ცხოვრობენ.

მთავარი კითხვა - ვინაიდან ნინო ბურჯანაძეს, როგორც პრეზიდენტს, საკუთარი არც მთავრობა ეყოლება და არც საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, იგი გაცემული დანაპირების შესასრულებლად მოინდომებს პოლიტიკური კრიზისის შექმნას და საზოგადოების აგრესიული პოლარიზაციის გზით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაგრამ არის თუ არა ნინო ბურჯანაძე ისეთი ნდობის მანდატის მქონე ლიდერი, რომელიც საზოგადოების გადამწყვეტი უმრავლესობის კონსოლიდაციას მოახერხებს და მიუხედავად ბიუროკრატიული ბარიერებისა, შეძლებს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულებას?

რა თქმა უნდა არა!

ეს არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ ასეთი ნდობის მატარებელი, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გახდება. ამ შემთხვევაში ყველა კანდიდატს, საკუთარი მყარი ელექტორატი ჰყავს და გამარჯვებულს, აუცილებლად მოუწევს დამარცხებულისათვის ანგარიშის გაწევა. სხვა შემთხვევაში, იგი გამაერთიანებლის ნაცვლად, დამყოფი და ქაოსის მომტანი იქნება და შესაბამისად სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს.

ეს ის სიტუაციაა, როდესაც უბრალოდ გეღიმება.

ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა!

როგორ, ბატონო დავით, რომელი კონსტიტუციით?!

ის ძირითადი კანონი, რაც თქვენმა ხელისუფლებამ დაუტოვა ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ არ ვარგა და არც ეს ლოზუნგი შეესაბამება მას. ეს არის აბსურდული კონსტიტუცია, აბსურდული სახელმწიფო მოწყობით და ყველაზე ნაკლებად სწორედ პრეზიდენტის მიერ მთავრობის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

საზოგადოებამ კარგად იცის, ვისთვის დაიწერა ეს კონსტიტუცია.

საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ემზადებოდა მთავრობის ხელმძღვანელობისათვის, რომელიც ვერანაირ კონტროლს, მით უმეტეს, მარიონეტი პრეზიდენტისგან ვერ აიტანდა.

რა სამწუხაროა, რომ ყველაზე კარგად ეს თქვენ იცით, ბატონო დავით და მიუხედავად ამისა, მაინც გვპირდებით იმას, რის გაკეთებას, შანსიც რომ მოგეცეთ, მაინც ვერ შეძლებთ.

ამიტომაც ეს გზავნილი, უბრალოდ ღიმილს იწვევს.

და კიდევ მწარე მოგონებებს.

როდესაც თქვენ, ბატონო დავით, პარლამენტის თავმჯდომარე იყავით და ნაციონალური მთავრობა ყოველდღიურად ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე.

შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ.

საზოგადოების ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის რადიკალიზაცია და მოთხოვნა წინა ხელისუფლების გასამართლების შესახებ.

პრინციპში სულ ეს არის რისი თქმაც ამ ბლოგის ფორმატში შეიძლებოდა. სხვა ლოზუნგებს სხვები შეაფასებენ და მტყუან-მართალსაც გაარჩევენ.

გადაწყვეტილებას კი ხალხი თავად მიიღებს 2013 წლის 27 ოქტომბერს.

იმედია ამჯერად მაინც გადაჭარბებული ემოციებისა და ილუზიების გარეშე, ადეკვატური მოლოდინებით.

რადგან, თუ ფსიქოანალიზის მამას, ზიგმუნდ ფროიდს დავუჯერებთ: "შეცდომიდან შეცდომამდე, შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა!"

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე