როდის დაბრუნდება მიშა, ანუ დროულად წასვლის თეორია - კვირის პალიტრა

როდის დაბრუნდება მიშა, ანუ დროულად წასვლის თეორია

რიგით ნაციონალს სჯერა, რომ მიშა აუცილებლად დაბრუნდება. კონკრეტულად როდის და რა ეტაპზე არ იცის, მაგრამ რომ დაბრუნდება ამაში დარწმუნებულია.

რამდენად საფუძვლიანია მისი ეს რწმენა?!

მიშას სრულად და ობიექტურად შეფასება ნაადრევია. რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი ისტორიული პროცესების სათანადოდ აღქმას დისტანცია სჭირდება, მეორეც, თავად მიხეილ სააკაშვილის ჰიპერაქტიური ბუნების და ასაკის გათვალისწინებით, იგი ქართულ პოლიტიკურ მარათონში არათუ სათადარიგო სკამზე არ აპირებს გადაჯდომას, არამედ მთავარი მოთამაშის სტატუსზე პრეტენზიას ხმამაღლა და დაუფარავად აცხადებს.

რა პერსპექტივა აქვს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად რიგით ნაციონალს?!

დღევანდელი გადასახედიდან მიზერული. მით უმეტეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე მოახლოებული სკანდალის გათვალისწინებით. ტოტალიზატორის ენაზე, ასეთი კოეფიციენტი ერთი ასთან უდრის, ანუ ეს ის მოცემულობაა, როდესაც მათი შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია.

და როგორი გასაკვირიც არ უნდა ამის მთავარი მიზეზი, არა რიგითი ნაციონალი, არამედ თავად მიხეილ სააკაშვილია.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლოკომოტივი წინ მიმავალ შემადგენლობას უკან ექაჩება.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც რიგითი ნაციონალის სამწუხაროდ, მისმა ლიდერმა ვერც ვერაფერი დაივიწყა და ვერც ვერაფერი ისწავლა.

წარსულის გააზრებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი საერთო და ცალ-ცალკე მომავლისათვის.

ჩემი ნაციონალი მეგობრების რადიკალურ ნაწილს, განსაკუთრებით კი რადიკალურად განწყობილ ნაციონალ ქალბატონებს, გულწრფელად სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლით საქართველოს სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისკენ დასრულდა და 2012 წლის 01 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანა უკანმოუხედავად მიექანება რუსული დათვის გაშლილ ტორებში.

მათ ადარდებთ უპირველეს ყოვლისა შეგრძნება, რომ ჩამოშორდნენ პროცესს, რომელსაც ახალი საქართველოს მშენებლობა ეწოდებოდა და რომელშიც მათი შინაგანი დამოკიდებულებით პირადად იღებდნენ მონაწილეობას.

განწყობის თეორიის სამყარო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა თავის გარშემო, აერთიანებდა ამ სამყაროში შემავალი ადამიანების, ანუ ე.წ. ახალი ქართველების ენერგეტიკას, რომლითაც უპირველეს ყოვლისა სწორედ მათი იდეური შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი იკვებებოდა.

დღეს ეს სამყარო დაინგრა და მისი წევრები მიხეილ სააკაშვილის წინამძღოლობით შეუჩერებლად მიექანებიან მარგინალიზაციისკენ.

მათთვის ყველა ფერი შავ-თეთრ ფერებად იქცა. მძლავრი იდეოლოგიური მანქანის წყალობით, მათ წარმოდგენაში ქვეყანა პერსონიფიცირებულია. ამიტომაც როგორი დემოკრატიული არჩევნებიც არ უნდა ჩაატარო, როგორი სამართლებრივი სახელმწიფოც არ უნდა ააშენო, რა თავისუფლების ხარისხიც არ უნდა მიანიჭო საზოგადოებას, რომლის წევრები თვითონაც არიან, მათთვის ეს ყოველივე არაფერს ნიშნავს, პირადად მიშას გარეშე.

ამ გარდაუვალი დაღუპვისკენ მიმავალ გზაზე ერთადერთი საშველი, თავად მიხეილ სააკაშვილის უკანა პლანზე გადასვლაა.

პოლიტიკურ ტექნოლოგიებში, არსებობს ლიდერისგან გადაღლის თეორია.

ნაციონალურ მოძრაობას ახალი სახეები სჭირდება. ახალი კონცეფცია, ახალი სტრატეგია და არა მხოლოდ ფასადურად ჯვრების გულებით ჩანაცვლება პარტიულ დროშაზე.

ეს ის ქვეყანაა, სადაც ხალხს ყველაფრის პატიება და ყველაფრის დავიწყება შეუძლია.

მათ შორის წართმეული ქონების.

დანგრეული პირადი ცხოვრების.

ციხეებში უსამართლოდ გატარებული წლების.

წლების მანძილზე ჩურჩულით საუბრის.

წაგებული ომისაც კი.

მთავარია ამ ხალხს დავიწყების საშუალება მისცე.

დავიწყებიდან მონატრებამდე კი სულ ერთი ხელის გაწვდენაა.

მაგრამ ამისათვის დროულად წასვლა უნდა იცოდე.

რადგან პოლიტიკა ყველაზე დიდი აზარტული თამაშია, სადაც ფსონები გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ მწვანე მაგიდაზე.

თუმცა როგორც ნებისმიერ აზარტულ თამაშში, აქაც მარტივი და ამავე დროს მოთამაშისათვის ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული წესი მოქმედებს.

საბოლოოდ მოგებული არის არა ის, ვინც ყველაზე მეტი პარტია წაიღო, ან ვინც ყველაზე დიდხანს ითამაშა, არამედ ის ვინც ყველაზე დროულად ადგა მაგიდიდან.

მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს არ იცის. უფრო სწორედ მას ეს არ შეუძლია.

იგი მუდმივად თამაშობს, მაშინაც კი როდესაც ხელში ცუდი კარტი უჭირავს.

მაშინაც კი, როდესაც ბოლო მონეტაც გახარჯული აქვს და ბანკროტია.

მაშინაც კი, როდესაც თვითონაც იცის, რომ სახეზე ბლეფი აწერია.

მაშინაც კი, როდესაც მეტოქეს მასზე უკეთესი კომბინაცია აქვს.

რადგან მას სხვაგვარად არ შეუძლია, პოლიტიკა მისი ცხოვრებაა და იგი ამ დემონს ემორჩილება.

განსხვავებით მისი მთავარი მეტოქის, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ზუსტად იცის როდის უნდა ადგეს მაგიდიდან, რათა საჭიროების შემთხვევაში ახალი, მომგებიანი პარტია ითამაშოს.

ამირან გიგუაშვილი

25 ოქტომბერი 2013 წელი