გლეხის წერილი გიორგი ბატონიშვილს - კვირის პალიტრა

გლეხის წერილი გიორგი ბატონიშვილს

დიდება მეფესა!

თქვენო უდიდებულესობავ,

ამ წერილს მომავალში გწერ, როცა გაიზრდები. ისე გავლიე ეს ოხერი წუთისოფელი, წერილის დასაწერად კი არა, ჩასამუხლად ვერ მოვიცალე. სახლი და ვენახი, ვენახი და სახლი. გლეხკაცის ცხოვრება ეგრეა. აქეთ ოჯახობა, იქით საქონელი. მერე ვიღაც გაბედნიერდება, ვიღაც დღეობას გადაიხდის, ვიღაც მოკვდება და სიბერეც ისე მოგადგება, უფილტრო სიგარეტს რო გააბოლებ ხის ძირას ჩამომჯდარი, მაშინღა მიხვდები რა ტყუილად გიცხოვრია.

არც ეხლა შეგბედავდი ამ წერილის მოწერასა. ან რა ჩემი საქმეა შენთან ლაპარაკი, მაგრამ იმ დღეს მეზობლის დედაკაცები ჭორაობდნენ მეფე ბრუნდებაო, ბირჟაზე კიდე კაცები ყაყანებდნენ უშნოდა, იძახდნენ რა მეფე, რის მეფე, ქართველი კაცი ბატონს ვეღარ აიტანსო და თავიდან მეც გული მომივიდა, რაღა დაგიმალო!

გავბრაზდი მეფეო.

ჯერ იმაზე გავბრაზდი, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და ისე გვატენიან შენ თავსა, გეგონება უღელში გაბმას გვიპირებენ.

შეიყუჟებიან სადღაც მოფარებულში, ურიგებენ ერთმანეთს ჩინ-მენდლებსა და იმას კი არ იტყვიან, რომ მეფე ხალხისთვისაა.

რომ ჩვენ მეფეს გლეხკაცთან მოლხენაც შეეძლო და მასთან ერთად ხმლის ქნევაც.

რომ ქართველი კაცისთვის მეფე მამა და ძმა უფრო იყო, ვიდრე ბატონი.

არც იმას გვეუბნებიან მე და ჩემ ოჯახობას რა სიკეთე გვექნება, შენ თუ დაბრუნდები.

გადმოდგებიან ეს ჩოხა-ახალუხიანი ყმაწვილები, ლამაზები ტანადები, მოვლილები, გამაძღრები და ისეთი სიტყვა-კაზმულობით გველაპარაკებიან შენზე, თვითონაც გაბრაზდებოდი მოსმენა რომ შეგეძლოს.

გადაგეჩვიეთ მეფეო!

სად შენ და სად ჩვენ?!

დიდი ხანია დაგივიწყეთ!

ჩვენი გულებიდან ისეთი ცხელი მაშით ამოგგლიჯეს, რომ შენ ხსენებაზე ცეცხლი გვეკიდება და ამპარტავნება გვიპყრობს, გეგონება სულ მონებად არ ვიცხოვრეთ ეს ორასი წელიწადი.

მაგრამ, რახან ამდენი გავბედე, ერთსაც შემოგკადრებ მეფეო.

თუ ღმერთმა ინება და მართლა გამეფდი, იმ დროს მე ალბათ ამ ქვეყნისა აღარ ვიქნები. მიწა ვარ და მიწად გადავიქცევი, მაგრამ არ დაიზარო და ჩვენსა გამოდი ვიდრე ტახტზე ასვლას მოინდომებ. გვნახე, საფლავზე თითო ჭიქა წაგვიქციე და დაგველაპრაკე.

ნახე ვის მეფობას აპირებ ბატონიშვილო.

ყანა გათოხნე, ვაზის გასხვლა ისწავლე, ყურძენი დაწურე და ნუ შეგეზარება გლეხკაცის დაკოჟრილი მარჯვენა.

იმათთან გაიზარდე, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას უნდა უპატრონო.

ვისთან ერთადაც ისე უნდა მოკვდე საჭირო დროს, როგორც შენი წინაპრები კვდებოდნენ, წარბშეუხრელად, დაუკვნესელად.

ე მაგ კონსტიტუციური მონარქიის ავკარგს მე ვეღარ გავიგებ და იქნებ ჩემმა შვილიშვილებმა მაინც დაინახონ მაგის ხეირი.

მაგათი მეფე თუ გახდები,

მაგათ თუ შეფიცავ ძმობას.

თორე ჩვენ ისეთი ყმები ვართ, მარტო იმასა ვდარდობთ კარგი მეხრე ვიპოვნოთ, რომ სახრე რაც შეიძლება მაგრად გადაგვიჭიროს დამჭლევებულ ზურგზე.

სხვა საფიქრალი არა გვაქვს.

სხვა გუმანი არ გაგვაჩნია.

ეგ არის ჩვენი წუთისოფელი.

ამ წერილს ჩემ ძმიშვილს ვატან. შემპირდა გამოგიქვეყნებო და რა ვიცი, იქნებ ისეც მოხდეს, მართლა წაიკითხო, როცა დრო მოვა.

სხვა რა ვთქვა?

რაც გითხარი სიყვარულით გითხარი და ნუ მიწყენ.

მაგ გაპრანჭულ სამეფო კარისკაცებს თუ ვუყურეთ, სულ შეგვაძულებენ შენ თავსა.

თორე მე რა მრჯიდა?

სოფლად საქმეს რა გამოლევს. აგე ბოსტანში იმოდონა მაქვს გასამარგლი, მზის ჩასვლამდინ ვერ მოვრჩები.

შენ გაიხარე მეფეო.

ღმერთმა გაგზარდოს, გიორგი ბატონიშვილო!

წერილი მკითხველამდე მოიტანა

ამირან გიგუაშვილმა