ნაკურთხი თვითმმართველობა და პატრიარქოფობია - კვირის პალიტრა

ნაკურთხი თვითმმართველობა და პატრიარქოფობია

"ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში" - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

"საპატრიარქო ზედმეტად ერევა სახელისუფლებო საქმიანობაში" - თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი

"პატრიარქი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, საქართველოს პროგრესს" - ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა შეფასებამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, მანამდე რატომღაც მდორედ მიმდინარე ქვეყნისათვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი გამოაცოცხლა და სულ სხვა დინამიკა შესძინა.

როგორც პატრიარქის ამ განცხადებამ, ისე შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, კანონის სადავო მუხლების ჩასწორებაზე მსჯელობის დაწყებამ და პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა, კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენს მარტივ და ამავე დროს მწარე სინამდვილეზე:

რა გვეშველებოდა, პატრიარქი რომ არ გვყავდეს?

ამას გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც იურისტი, რა თქმა უნდა სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნის, კომპტენციების დიფერენციაციის და თვითმმართველობის მომხრე ვარ.

მეტიც, მე კიდევ უფრო რეალური თვითმმართველობის მომხრე ვარ, ვიდრე ეს წარმოდგენილ კანონპროექტშია შემოთავაზებული.

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მხოლოდ დამოუკიდებლობა და კონურენციაა ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და შესაბამისად ძლიერი სახელმწიფოს გარანტი.

მაგრამ მთელს ამ აურზაურში ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, მაინც არის რაღაც მიუღებელი და უსიამოვნო, რაც მაღიზიანებს და პროტესტს იწვევს ჩემში.

იმას, რაც მაღიზიანებს, პირობითად შეიძლება პატრიარქოფობია დავარქვათ.

ამ ფობიის მოწმენი ვხდებით ყოველთვის, როგორც კი საპატრიარქო თავის პოზიციას (ზოგჯერ შეიძლება საკამათოსაც), დააფიქსირებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო რომელიმე საკითხზე.

შესაბამისად ჩნდება კითხვაც:

თუკი ნებიმისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ ახლად გაექსპერტებულ ყოფილ ჩინოვნიკს, აქვს საჯარო გამოხატვის უფლება, რატომ არ შეუძლია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტია ქვეყანაში, თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორც სახელმწიფოს მმართველობა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაა, და რაც ყველაზე მთავარია, რატომ რეაგირებს ამაზე მუდმივად მწვავედ და ხშირ შემთხვევაში ტალახის სროლით პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთი, კარგად ცნობილი ნაწილი?!

როგორც იურისტმა შემიძლია განვაცხადო, რომ ქალბატონი თამარ კორძაიას არაეთიკური მითითება, ეკლესიის ადგილზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სრულიად დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა.

აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, რომელიც წესით და რიგით არცთუ კომპეტენტური უნდა იყოს ამ კანონის ავ-კარგის თაობაზე, რადგან ეს მისი სპეციალიზაცია არ არის.

მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პატრიარქოფობია შეყრილი ჩვენი თანამოქალაქეები ცდებიან, თუმცა ეს მათი უფლებაა.

ისევე, როგორც ნებისმიერი რელიგიური კონფესიის, მათ შორის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებაა ღიად და საჯაროდ გამოხატოს თავისი აზრი ქვეყანაში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესებზე და ამისგან ტრაგედიის შექმნა, მახვილის ხელში აღება და თმების გაშლა საჭირო არ არის.

სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია. მას განვითარებისთვის სჭირდება ცვლილებები, რომლებიც ერთი შეხედვით შესაძლოა სახიფათოდაც გამოიყურებოდნენ.

თვითმართველობა სწორედ ასეთ სახიფათო ცვლილებებს განეკუთვნება.

შემოთავაზებულ კანონპროექტში მრავლად არის დებულებები (განსაკუთრებით რეგიონალურ გაერთიანებებთან და რწმუნებულ-გუბერნატორებთან დაკავშირებით), რომელიც აშკარა წინააღმდეგობაშია როგორც პროექტის სულისკვეთებასთან, ისე ქვეყნის ძირითად კანონთან, კონსტიტუციასთან.

ყველა ამ ხარვეზს დეტალური გაანალიზება და მსჯელობა სჭირდება. ჩემი აზრით, პატრიარქის ერთგვარად მკვეთრი მოწოდებაც ამ საფრთხეების გაანალიზებას და საჯარო დისკუსიის დაწყებას ემსახურებოდა.

მაშინ როდესაც საკითხი ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მის ხვალინდელ დღეს ეხება, ეკლესია გულგრილ მაყურებლად ვერ დარჩება და არც უნდა დარჩეს, თუმცა ცხადია გადაწყვეტილება საერო ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას უნდა დაეკისროს.

კარგია, რომ მიზანი მიღწეულია.

კარგია, რომ მთავრობამ და ეკლესიამ ამ თემაზე დიალოგი დაიწყო და ეს კარი ყველა დაინტერესებული პირისათვის ღიად უნდა დარჩეს.

რადგან დემოკრატიული, სამართლებრივი, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა, ერთი რომელიმე კონკრეტული ინსტიტუტის ექსკლუზივი კი არ არის, არამედ საზოგადოების ყველა აქტიური ჯგუფის და ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგია.

რა არის ამაში გაუგებარი, პროგრესის საწინააღმდეგო და მიუღებელი, ჩვენი პაპზე უფრო კათოლიკე მოქალაქეებისათვის?!

ვფიქრობ არც არაფერი, გარდა მოდად ქცეული, გაუაზრებელი ვაი-ევროპელობისა!

მე მაინც იმედი მაქვს, რომ უფალი აკურთხებს საქართველოს და მის თვითმართველობას!

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე