სააკაშვილის უკრაინული ოცნება: კიევი-თბილისი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის უკრაინული ოცნება: კიევი-თბილისი

ლენინის ძეგლი ჩამოგდებულია, რადას თავზე ევროკავშირის დროშა (ჯერ არ) ფრიალებს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით დღეს კიევში ევროპული საქართველოს ბედი წყდება, ამიტომაც მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებთან ერთად, ისინი აშკარა კმაყოფილებით ეგებებიან ქარს, ყინვას, ბერკუტს, კიევის მილიციონერებს, უხვად იძლევიან ინტერვიუებს და უკრაინულ დროშასთან ერთად საინფორმაციო სააგენტოების მასალებში ხშირად მოჩანს ქართული ხუთჯვრიანი დროშებიც.

ნაციონალური მოძრაობის განსაკუთრებული სიამაყის საგანად, კიევში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა, ოპოზიციის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა და მიტინგზე სიტყვით გამოსვლა იქცა.

რა ხდება რეალურად? რას გულშემატკივრობენ ნაციონალები მოძმე უკრაინაში და რაც მთავარია რამდენად საფუძვლიანია მათი მოლოდინი?

შეკითხვის პირველი ნაწილის, ანუ წყდება თუ არა კიევის მაიდანზე თბილისის ბედი, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პასუხია-დიახ!

რა თქმა უნდა, პუტინის რუსეთის გამარჯვება პროევროპულად განწყობილ უკრაინელებზე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გამარჯვებასაც ნიშნავს.

რა თქმა უნდა, უკრაინის დაჩოქებით წახალისებულ პუტინს ვერანაირი ძალა ვეღარ შეაჩერებს და ეს მორიგი სიგნალი იქნება, რომ მას აქვს უფლება იალტის ისტორიული კონფერენციის ტიპის ხელახალი გადანაწილება მოთხოვოს მსოფლიოს.

ამას რა თქმა უნდა ხვდებიან ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც.

ამას ხვდებიან თბილისშიც. და აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე შტაბ-ბინაშიც.

მაგრამ განსხვავებით ბრიუსელისა და ვაშინგტონისგან, ნაციონალური ლიდერების აქტივობის მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო თავად ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე უკრაინელი ხალხისთვის.

ნიშა, რომლის დაკავებასაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ, რომ სწორედ ისინი და არა სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა, იყვნენ და რჩებიან პროდასავლური კურსის ფლაგმანებად პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით), ზუსტად ჯდება კიევის ანტისამთავრობო დემონსტრაციების კონტექსტსში.

მიხეილ სააკაშვილი ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდა.

ეს მისი ოცნებაა, ენთოს პუტინის საპირწონე შუქურად დანარჩენი მსოფლიოსათვის.

ის ასეთ შანსს იმ შემთხვევაშიც კი არ გაუშვებდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

მით უმეტეს, მაშინ არ გაუშვებს, როდესაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი თავისუფალი სამყაროს თავისუფალი შვილია.

და არაფერი აქ მიუღებელი არ იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ:

მოსწონს ეს ბევრს თუ არა, ვარდების რევოლუცია იყო და დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პროგრესისკენ გადაგმულ ნაბიჯად. ამ მოვლენამ და შემდგომში ნაციონალური ხელისუფლების მიერ მაღალ დონეზე შეფუთულმა პიარკამპანიამ, საქართველო და პირადად მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის მანძილზე აქცია დასავლური ღირებულებების პლაცდარმად პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც განსაკუთრებულად თვალშისაცემად გამოიყურებოდა პუტინის მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე. 2007 წლის ნოემბერმა და განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომმა, ცხადია ეს მიმზიდველობა შეასუსტა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე აისახა, ვიდრე ქართველ ხალხზე.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართულ დემოკრატიას სტრატეგიული მოკავშირეების თვალში დაკარგული პოზიციები დაუბრუნა. ამის ნათელი მაგალითია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მადლობის წერილი უკვე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც სხვათაშორის მიხეილ სააკაშვილის ხსენებაც კი არ არის.

შესაბამისად, კოალიციური ხელისუფლების უდიდესი შეცდომა და დანაშაული იქნება ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ვიწროპარტიულ ინტერესებამდე დაიყვანოს.

ევროპული გზა არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ან მით უმეტეს პერსონის მიზანია, არამედ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის გადაწყვეტილება.

თავს ნურავინ მოიტყუებს!

საქართველოს ევროპული არჩევანის ეჭვქვეშ დაყენებაც კი გაცილებით მძაფრ საპროტესტო მუხტს გამოიწვევს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობაში, ვიდრე ამას უკრაინაში ვხედავთ, სადაც სოციალური პრობლემებით შეჭირვებული ნახევრად რუსი თუ პრორუსი ელექტორატი, უბრალოდ ინერტულია.

ამიტომაც საჭიროა მკვეთრი და ხმამაღალი განცხადებები, რომ:

დღეს მაიდანზე, ქარში და ყინვაში, ბერკუტისა და კიევის მილიციონერების წინ, არა მხოლოდ ერთი ერის და მით უმეტეს, ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ბედი, არამედ მთელი ევროპის მომავალი წყდება, სადაც უკან დასახევი გზები მოჭრილია და სადაც ქართველი ხალხი ურყევად დგას ათასწლეულების წინ გაკეთებული არჩევანით, ცივილიზაციისა და თავისუფლების სასარგებლოდ.