ავთანდილ ბერიძე დღევანდელი ხელისუფლების სახეა?! - კვირის პალიტრა

ავთანდილ ბერიძე დღევანდელი ხელისუფლების სახეა?!

ჩემი მეგობარი (ყოფილი ნაციონალი მაღალი თანამდებობის პირი), მიმტკიცებდა ამ დღეებში, ავთანდილ ბერიძე დღევანდელი ხელისუფლების სახეა: თვითკმაყოფილი, წარსულის გადმონაშთი და უპერსპექტივო.

მე რა თქმა უნდა მას შევეკამათე. არა იმიტომ, რომ ოცნებას ვგულშემატკივრობ, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, ეს შეფასება გადაჭარბებულია.

თუმცა, მისმა ნათქვამმა, სიმართლე გითხრათ, დამაფიქრა.

მაინც ვინ არის ავთანდილ ბერიძე და რატომ გამოიწვია მისმა პიროვნებამ ასეთი ერთსულოვანი აგრესია, როგორც ოცნების მხარდამჭერებში, ისე მის მოწინააღმდეგებში.

საქმე მხოლოდ ჯიპში არ არის და არც, რა თქმა უნდა, ქოლგის დაჭერაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა, თავისი სტატუსით, სახელმწიფოში ერთ-ერთი უმაღლესი რანგის თანამდებობაა. ყველანაირი ეტიკეტით, ეს სტატუსი ნამდვილად V.I.P. კატეგორიას განეკუთვნება და პერსონას, ვინც ამ სტატუსით სარგებლობს, ავტომობილიც შესაფერისი უნდა ემსახურებოდეს.

არც ქოლგის დაჭერაა დიდი პრობლემა. რა მოხდა მერე, ახალგაზრდა კაცი თუ ასაკოვან ადამიანს წვიმისგან ან მზისგან დაიცავს და გზას უჩვენებს. უფროს-უმცროსობა ქართველ კაცს არასდროს ეშლებოდა.

პრობლემა აქ სულ სხვა რამეშია და ის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:

ავთანდილ ბერიძე ნამდვილად სრული კონტრასტია მიხეილ სააკაშვილის მთავრობისა.

ჩვენ შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდა ნაციონალური ხელისუფლების, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში მივეჩვიეთ ახალგაზრდა, ენერგიულ ლიდერებს და დღეს ასაკოვანი, სათვალეების ზემოდან მომზირალი, მექოლგის თანხლებით მოსიარულე მაღალი თანამდებობის პირი, ჩვენთვის კეთილ და მზრუნველ ბაბუასთან კი არ ასოცირდება, არამედ შევარდნაძისა და აბაშიძის ბნელ ბიუროკრატიასთან.

თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი და უმეტეს შემთხვევაში, ქვეცნობიერის დონეზე არსებული მხარეა.

საზოგადოების განსაკუთრებული გაღიზიანება სოციალურმა უსამართლობამ გამოიწვია.

უსამართლობაა, როდესაც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოხვედი და მეორე წელია რეალური გეგმაც არ შეგითავაზებია საზოგადოებისათვის.

უსამართლობაა, როდესაც ლარის კურსი ეცემა, საწვავი ძვირდება (წინასაარჩევნოდ შეპირებული გაიაფების ნაცვლად), ბიუჯეტში დეფიციტი გაქვს და გიმტკიცებენ, რომ საგანგაშო არაფერია.

უსამართლობაა, როდესაც შენ ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის იბრძვი და ამ დროს, გარემოებათა საოცნებო დამთხვევით თანამდებობებზე აღმოჩენილი ადამიანები ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ.

უსამართლობაა, როდესაც ხმა ბიძინა ივანიშვილს მიეცი და ხელში მურმან დუმბაძე შეგრჩა.

მურმან დუმბაძე, რომლის სრულიად არაადეკვატურმა და ანტისახელმწიფოებრივმა განცხადებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციების გამიჯვნაზე ცენტრალური მმართველობიდან, კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა ამ პერსონაჟის როლზე ქართულ პოლიტიკაში.

ვფიქრობ ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება...

თუნდაც იმიტომ, რომ ეს მთავრობა მაინც იყოს წარმატებული,

რადგან ყველა ხელისუფლების წარმატება, სიმართლისათვის თვალის გასწორების პირდაპირ პროპორციულია.

ამირან გიგუაშვილი,

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე