მოუხელთებელი გიგი, ანუ ფიქრები ზურაბ ადეიშვილზე... - კვირის პალიტრა

მოუხელთებელი გიგი, ანუ ფიქრები ზურაბ ადეიშვილზე...

2013 წლის 21 დეკემბერი, საღამოს საათები. თბილისის საქალაქო სასამართლო.

სათათბირო ოთახში, საკუთარ შინაგან რწმენასთან დარჩენილი მოსამართლე:

ის დღე დაიქცეს, როცა ეს მანტია ჩავიცვი. არა რა, ნაღდად ჯადო მჭირს. ყველა დაწყევლილი საქმე მე როგორ უნდა შემხვდეს. რა ვქნა ეხლა, დავიჭირო თუ არ დავიჭირო? ეს ოხერი ყავაც არაფერს მეუბნება. მესამე ჭიქა ამოვატრიალე უკვე. არადა რა რა მარტივად იყო ადეიშვილის დროს. სათათბიროდ გასვლაც არ გჭირდებოდა. დაარტყი ჩაქუჩი და მორჩა. ისედაც ყველამ წინასწარი იცოდა ყველაფერი…

სხდომის დარბაზში, გადაწყვეტილების მომლოდინე პროკურორი:

კიდევ რომ არ დაიჭირონ, ნაღდად მომხსნიან. რა ვქნა, რა ვუყო? ღმერთო დამეხმარე! შენ ხომ მაინც ხარ მოწმე, რაც შემიძლია ვაკეთებ. თავს არ ვზოგავ. აღარც ცოლი მახსოვს, აღარც შვილი. შუაღამემდე ვზივარ დაკითხვებზე და ვკითხავ და ვკითხავ, მაგრამ ვინ გიფასებს, ამბობენ საახალწლოდ პრემიებსაც არ დაარიგებენო. არადა ადეიშვილის დროს რა მაგრად გამომდიოდა ხოლმე ესეთი საქმეები. ყველამ წინასწარ იცოდა ყველაფერი...

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჟურნალისტებთან მიმავალი გიგი უგულავა:

კიდევ ერთხელ გადავრჩი. ამათ ადეიშვილის დრო ხომ არ ჰგონიათ? ისე, მაინც არც მწვადი დაწვა და არც შამფური მოსამართლემ, თორემ გირაოც არ მეკუთვნოდა წესით. არა უშავს. ისევ მოვა გაზაფხული ჩვენ ქუჩაზე და მერე ვნახოთ როგორ ხმაზე იმღერებენ ეს საცოდავები. ადეიშვილი სანატრელი გაუხდებათ. ..

სასამართლოს ეზოში ყინვისგან აკანკალებული მდედრობითი სქესის რიგითი ნაციონალი: ეს უნამუსოები! ბიძინას ფულებზე გაყიდული პუტინის მონები! ეჰ, მიშა, რატომ დაუთმე ძალოვნები ოცნებას, თორემ ხომ მიხედავდა ამ სამშობლოს მოღალატეებს ადეიშვილი...

სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე, კვალავაც უმუშევარი რადიკალი მეოცნებე:

ამათი საშველი არ იქნება! რა უნდა ერთი კაცის დაჭერას? აბა ადეიშვილის დრო ყოფილიყო, ეს მოსამართლე ამდენს გაბედავდა? ან ამ პროკურორს ვინ დატოვებდა ადგილზე, დარბაზშივე დააპატიმრებდნენ უგულავას მაგივრად! არა ბიძო რა, რას ელოლიავებოდი ამ სადისტებს. კუბლაშვილი უნდა დაგეჭირა პირველ რიგში..

ტელევიზორთან მჯდომი, ცინიკოსი მამულიშვილი (დაახლოებით ისეთი, როგორიც ამ ბლოგის ავტორია):

ესენი ერთმანეთის დაჭმას გადააყოლებენ ქვეყანას. აქეთ ნაცები, იქით ოცნება. პატრიოტების ადგილი კი ისევ არ არის ქვეყანაში, მაგრამ როდის იყო ჩვენთან ნიჭიერ კაცს აფასებდნენ? საქმე აკეთეთ, საქმე! ახია თქვენზე ერთი ადეიშვილი! სად დავდე, ქალო ტელევიზორის პულტი?!

ბიძინა ივანიშვილი, სამოქალაქო სექტორიდან აკვირდება მოვლენებს: ისევ დაუძვრათ ხელიდან. აფსუს, ადეიშვილი? რა კადრი გააფუჭა მიშამ...

მასაჩუსეტსი, აშშ. კათედრასთან მდგომი მიხეილ სააკაშვილი: კიდევ კარგი გამოვასწარი, თორემ ესენი მართლა დამიჭერდნენ. ოხ, ზურა, შენ რა გითხარი! სულ შენი ბრალია ეხლა ამ იდიოტურ ლექციებს რომ ვკითხულობ. როგორ გამოგეპარა ციხის კადრები...

ბუდაპეშტი, უნგრეთის დედაქალაქი. ჩამავალი მზის ფონზე, დროგამოშვებით ჩნდება ქვაფენილზე მიმავალი სუსტი აღნაგობის სათვალიანი მამაკაცის აჩრდილი: ჯერ სადა ხართ, კიდევ ბევრჯერ გაგახსენდებით ....

ამირან გიგუაშვილი