შერიგების მინისტრის სენტიმენტალური ოცნებები ქართულ-აფხაზურ-ოსურ ძმობაზე - კვირის პალიტრა

შერიგების მინისტრის სენტიმენტალური ოცნებები ქართულ-აფხაზურ-ოსურ ძმობაზე

ამას წინათ მეგობრების დაჟინებული რეკომენდაციით ახალ ქართულ ფილმს "მანდარინებს" ვუყურე. როგორც ველოდებოდი, ფილმი დიდი ვერაფერი გამოდგა. მორიგი ისტორია ომში შემთხვევით აღმოჩენილ თბილისელ ბიჭზე და მორიგი ბლეფი დიდ კავკასიურ ძმობაზე, რომელსაც ბოროტი რუსი ჯარისკაცები არ აძლევენ საშუალებას, ბოლომდე გაშალოს ფრთები. სიუჟეტი მარტივია, თუმცა ერთხელ სანახავად ალბათ ღირს, მით უმეტეს მსახიობების მშვენიერ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ მთელ ფილმში მაინც არის ერთი ჭეშმარიტება, დასაწყისშივე, როდესაც აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი მოხუცი ამბობს, რომ კინო სრული სიცრუეა.

რა შუაშია მანდარინები?!

ყოფილმა რეინტეგრაციის, ამჟამად კი შერიგების მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნაახალწლევს სიხარულით გვამცნო, რომ მთავრობის დადგენილებით მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას სახელი შეეცვალა და ამიერიდან "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" იწოდება, როგორც "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში". ზაქარეიშვილის განცხადებით, სიტყვა რეინტეგრაცია მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხობდათ, რის გამოც ისინი პირდაპირ კონტაქტებს ქართულ მხარესთან გაურბოდნენ. ახალი სახელწოდება კი ნეიტრალურია, რაც იმედს იძლევა, რომ ამ გზით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ეს უხერხულობა თუ შიშები გაუქრებათ.

თავიდან, სიმართლე გითხრათ, მინისტრის ეს განცხადებები საახალწლო ხუმრობა მეგონა. დაახლოებით ისეთი ფორმატის, რუსთავი 2 და იმედის სატელევიზიო ეთერში რომ გადის ხოლმე დაუმონტაჟებელი კადრები, შემდეგ ყველაფერი ნაბახუსევს დავაბრალე, რისი მსხვერპლიც არაერთი ჩვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი შექმნილა (რას იზამ, ადამიანები ვართ ყველანი და პირველი ყანწი იმან მესროლოს, ვისაც ენა და ფეხი არ არევია ბოლო განსხვავებულის შემდეგ), მაგრამ ბოლოს, როდესაც ბიბისისათვის მიცემული ზაქარეიშვილის ვრცელი და სოფლის ორღობესავით მორღვეული (სხვა სახელი უბრალოდ ვერ მოვუძებნე) ინტერვიუც წავიკითხე მიხვდი, რომ ჩვენი საქმე მართლა ცუდად არის.

მე მგონი, ამ ჩვენს შერიგების მინისტრს მანდარინები დაემართა.

ალბათ სავარძელში გადაწოლილს, ომით წართმეულის დაბრუნება კინოსცენარის სიუჟეტით აქვს წარმოდგენილი, სადაც ოსი და აფხაზი სეპარატისტები, საქართველოს ხელისუფლების დიდსულოვნებით გულაჩუყებულები პუტინს იდი ნა ხ...ის ეტყვიან, როკის გვირაბს ამოქოლავენ, ფსოუს წყალში განიბანებიან და მთავრობის წევრებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განუყოფელი საქართველოს დიდების სადღეგრძელოს ვახტანგურად დალევენ.

პირდაპირ ვიტყვი, გულწრფელად მინდა ღარიბაშვილის მთავრობა იმაზე წარმატებული იყოს ვიდრე ივანიშვილის, სააკაშვილის, შევარდნაძის და გამსახურდიას მთავრობები იყვნენ. ჩემი იმედები და სურვილები განსაკუთრებით სოციალურ სფეროს და სამართლებრივ სივრცეს უკავშირდება. მე რეალისტი ვარ და კარგად მესმის, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეინტეგრაცია თუ შემორიგება იმაზე არარეალურია, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს იყო, რომელმაც 2008 წლის ომის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ ეს შანსები ნულზე ქვევით დასწია.

ამიტომაც არ მჯერა ზაქარეიშვილის ოცნებების. ამიტომაც არ მინდა, რომ ეს ხელისუფლებაც თავისივე ნათქვამის ტყვედ იქცეს და იგივე დაემართოს რაც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 2004 და 2008 წლების საპრეზიდენტო კამპანიისას ძირითადი ფსონი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე გააკეთა და რის გამოც საბოლოოდ ისიც და ქვეყანაც ბანკროტად იქცნენ.

არც თქვენ ხართ ამის გამკეთებელი, ბატონო შერიგების მინისტრო. ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი უსუსური განცხადებები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მავთულხლართების გავლება დაიწყეს სოფელ დიცში: რამდენიმე ასეული მეტრის გულისთვის ომს ხომ არ დავიწყებთო. ყველა თავმოყვარე საზოგადოება მაშინვე მოითხოვდა თქვენს გადადგომას, მაგრამ ჩვენ ხომ ზოგჯერ უთავმოყვარეობამდე შემრიგებლურები ვართ. ერთი წლის წინ გვიმტკიცებდით, რომ კონკრეტული გეგმა გქონდათ, როგორ უნდა დაგეძრათ პროცესი, დღეს კი იძახით, რომ გეშინიათ, სააკაშვილი მართალი არ აღმოჩნდეს, როდესაც ოსებს და აფხაზებს მხარეებად არ აღიარებდა და გამოსავალს სამინისტროს სახელწოდების შეცვლაში ხედავთ.

ჩვენ კი თქვენი უპასუხისმგებლობის გვეშინია, ბატონო მინისტრო.

თუ ვერაფერს დაგვიბრუნებთ, ცრუ მოლოდინებს მაინც ნუ გაუჩენთ ამ ისედაც გასაცოდავებულ, საკუთარი სახლებიდან გამოყრილ, სამადლოდ შეკედლებულ ხალხს.

ჩვენ საზოგადოების ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ისე დაიღალა გაკოტრებული პოლიტიკოსების ცრუ დაპირებებით, რომ რამდენიმე კილო მანდარინის თუ ვაშლის გაყიდვის სანაცვლოდ მზად არის პუტინს მამა დაუძახოს და ყველაფერი აპატიოს. ჩვენ ხომ ასეთი მიმტევებლები ვართ. ზოგჯერ უთავმოყვარეობამდე მიმტევებლებიც.

ჩვენი საერთო ტრაგედიაა, მაგრამ ფაქტია, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ხალხის დაკვეთა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი არა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სამართლიანობის დამკვიდრება იყო.

ამიტომაც რაც შეგიძლიათ, ის აკეთეთ ბატონებო!

პენსიები გაზარდეთ, პედაგოგებს ხელფასები მოუმატეთ, საწარმოები ააშენეთ, კანონები შეცვალეთ და სამართლიანობის განცდა გააჩინეთ ხალხში.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გაგრძელებაც აუცილებელია.

რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირების დამყარებაც მნიშვნელოვანია.

ცხადია, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან უნდა შევახსენოთ მსოფლიო თანამეგობრობას და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ჩვენი ქვეყნის სხეულზე ორი დიდი იარაა, აფახზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რომლის განკურნებაც ვერ მოხდება, მათი სრული რეაბილიტაციის გარეშე.

მაგრამ ამავე დროს შეეშვით სენტიმენტალურ ოცნებებს ქართულ - აფხაზურ - ოსურ ძმობაზე. აღარ არსებობს ეს ძმობა და დიდხანს არც იარსებებს ალბათ. ისევე როგორც არ არსებობენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები აფხაზი და ოსი სეპარატისტები.

ვაღიაროთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს უახლოეს მომავალში ვერ დავიბრუნებთ (ყოველ შემთხვევაში, ვიდრე პუტინი პუტინობს, მანამდე მაინც). სახელმწიფო დონეზე შევიმუშავოთ გრძელვადიანი ეკონომიკური და იდეოლოგიური კონცეფცია, რომელზეც თაობებს აღვზრდით გადამწყვეტი მომენტისათვის. განათლებულ და სამშობლოს სიყვარულით შეიარაღებულ ქართველს, ვისთვისაც რამდენიმე ასეული მეტრი მიწა, მხოლოდ სასოფლო სამეურნეო სავარგული არ იქნება და ვინც ამ მიწისათვის ისე მოკვდება სიხარულით, როგორც ერთ დროს მისი წინაპრები ეცემოდნენ ბრძოლის ველზე, თუნდაც ძალიან შორეულ წარსულში. რადგან ისტორიაში ომით წართმეულის დაბრუნების მხოლოდ ორი გზა არსებობს, ფული და ჯარისკაცის ხიშტი.

სახელების გადარქმევით კი ჯამი არ იცვლება.

მიიღეთ ეს მწარე სიმართლე, როგორც კეთილი რჩევები სამოქალაქო სექტორიდან ბატონო მინისტრო.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე

08.01.2014