ვინ აწია შუმოკი?! ანუ ქურდულ პონტში წასაკითხი ბლოგი - კვირის პალიტრა

ვინ აწია შუმოკი?! ანუ ქურდულ პონტში წასაკითხი ბლოგი

ამ რამდენიმე დღის წინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა იკითხა, ვინ აწია თემა კანონიერ ქურდებთან დაკავშირებითო და შემდეგ მკაცრი მითითება გასცა, რომ უმრავლესობის წევრებმა ზედმეტი კომენტარები არ გააკეთონ იმ საკითხებზე, რაც ისედაც იციან, რომ არ გადაიხედება, მათ შორის კანონზე ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის დასჯადობის შესახებ.

ვფიქრობ, მესიჯები ნათელია. მთავრობის სხდომის ეს ნაწილიც უფრო "პაკაზაწელნი" იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, პრემიერმა მშვენივრად იცოდა თემის ამწევის ვინაობა და მისი განცხადებები უფრო პრევენციული ხასიათის იყო, ვიდრე რეალურად დამნაშავის მოიძების სურვილი, მაგრამ მეც და ალბათ სხვებიც საკითხს ამოწურულად ჩავთვლიდით, რომ არა ისევ შუმოკის ამტეხის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ვახტანგ ხმალაძის მიერ მედიისათვის გაკეთებული შემდგომი განცხადებები, რასაც მინდა იმას ვიტყვი და როგორც მინდა ისე მოვიქცევიო.

ეე, ეგრე არ არის ძმაო!

ამას იმ ქურდული გაგებით, რომლის განსაზღვრასაც კანონში ითხოვს დეპუტატი ხმალაძე, ბეზპრედელი ქვია.

რას ქვია, რასაც გინდა იმას იტყვი და როგორც გინდა, ისე მოიქცევი?!

მაშ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ. საზოგადოების რიგითი წევრები, ანუ ჩესნიაკები?!

აქ საქმე ღარიბაშვილის იგნორს არ ეხება.

ესეთი პრაიზვოლნი გამოხტომებით ობში პალაჟენიე ფუჭდება ბრატ!

და აი რატომ...

კარგად მახსოვს, 1994 წელი იყო. იურიდიულზე ვსწავლობდი. სოლოლაკიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე ფეხით დავდიოდი. ჭონქაძიდან გამოვუხვევდი ჩიტაძეზე. რუსთაველამდე ქვაფენილს ჩამოვუყვებოდი და მერე ჭავჭავაძისკენ გავისეირნებდი ხოლმე. ძირითადად მარტო დავდიოდი. ტყვიებით დაცხრილული პარლამენტი და გადამწვარი პირველი სკოლის შენობა, ჩემი წინა და უკანა მგზავრობის განუყოფელი სურათი იყო. არ მოვიტყუები. რამე ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი. ძირითადად ავტობუსის და მეტროს ფულის დაზოგვა იყო ჩემი საზრუნავი, მაგრამ ზოგჯერ, როცა შემცივნული მაინც შევახტებოდი ხოლმე ხალხით გაჭედილ ავტობუსს, მიჩნდებოდა განცდა, რომ ალბათ ყველაზე უბედური ქვეყნის უბედური შვილი ვიყავი.

დღევანდელი გადასახედიდან ფერები, რომლითაც ჩვენი ცხოვრების ეს პერიოდი შეიძლება შეფასდეს, ცალსახად შავ-თეთრია.

ამ განცდის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული ტოტალური უსამართლობის და დაუცველობის შეგრძნება იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომელ სასწავლებელს დაამთავრებდი ან როგორ დაამთავრებდი. რამდენ უცხო ენას ფლობდი, რამდენი წიგნი გქონდა წაკითხული, სერვანტესი გიყვარდა თუ ჰემინგუეი. მთავარი ბლატები და კონკრეტული სტავკები იყო. თუ მაინც გაგიმართლებდა და რამე კაი თანამდებობაზე გაიჩითებოდი, კრიმინალური, კორუმპირებული სამყაროს სუნთქვას ყურისძირთან ყოველთვის გრძნობდი, რომელიც გახსენებდა, რომ უნდა გარკვეულ წესრიგს დამორჩილებოდი და სისტემასთან შეწინააღმდეგების შემთხვევაში არსებობდა ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შენი ბედნიერებისათვის ან სულაც შენი სიცოცხლისათვის შეეძლო წერტილი დაესვა.

აი ასე მარტივად, ერთ მშვენიერ დროს შეიძლებოდა უბრალოდ აღარ ყოფილიყავი.

მაფია ყველგან მაფიაა.

საქართველოში იგი, როგორც ყველა სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, პროლეტარიატის ტიპიური ქმნილებით, კანონიერი ქურდების სუბკულტურით იყო წარმოდგენილი.

თავიდან კანონიერი ქურდობა ერთგვარ კრიმინალურ ბერობას ანუ საზოგადო ნორმებისგან განდგომას და მხოლოდ ვიწრო წრისათვის დადგენილი კანონებით ცხოვრებას ნიშავდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კი, როდესაც იატაკქვეშა ანუ ე.წ. ცეხავიკობის ბიზნესი აყვავდა და განსაკუთრებით, როდესაც საბჭოთა სისტემა დაინგრა, დიდი ფულის გემო კრიმინალური სამყაროს ამ წარმომადგენლებმაც გაიგეს. მას შემდეგ განდეგილობა, მოხეტიალე ცხოვრება (ბრადიაგობა), უქონლობა წარსულს ჩაბარდა და ქურდულმა კანონებმაც საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი ცვლილებები განიცადა.

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1000-მდე კანონიერი ქურდია, საიდანაც ნახევარზე მეტი ეთნიკურად ქართველია ან საქართველოშია დაბადებული. თუ რატომ და როგორ მოხდა ასე, ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ცხადია, რომ ამ სუბკულტურამ ქართულ მენტალიტეტში განსაკუთრებით ნოყიერი ადგილი იპოვა განვითარებისათვის. ვარდების რევოლუციამდე ქურდული მაფიის საცეცები იმდენად ღრმად იყო გამჯდარი სახელმწიფო მართვის სისტემაში, რომ 2003 წელს კანონიერმა ქურდება საკუთარი ლობის გაყვანაც კი შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა და მისი დამარცხება იყო. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ძირითადი მიზანი აბსოლიტური ძალაუფლების მოპოვება იყო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შედეგი გვაინტერესებს და არა მიზანი.

ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანის ძირითადი გზავნილი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას კრიმინალები და კანონიერ ქურდები აპირებდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის უმთავრესი გამოწვევა სწორედ მასობრივი ამნისტიის მიუხედავად, კრიმინოგენულ სიტუაციაზე კონტროლის დამყარება იყო და უნდა ითქვას, რომ მან ამ გამოწვევას თავი გაართვა. სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ მან შეძლო არა მხოლოდ დაცულობის ხარისხი შეენარჩუნებინა საზოგადოებაში, არამედ პოლიცია უფრო გაეადამიანურებინა და პოლიტიკური პროცესებისგან გაემიჯნა, რითიც ახალი სტანდარტი დაწესდა ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიებში.

მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროინდელი პროპაგანდა შეგვახსენონ. ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები, კანონიერი ქურდების შურისძიებად მონათლონ. ქვეყანაში კრიმინალების მიერ მართვის სადავეების აღების აპოკალიპტური სურათები დახატონ.

რეალურად კი დღეს სახელმწიფოს წინაშე სულ სხვა გამოწვევებია, ვიდრე ქურდული სამყაროს დაბრუნების საფრთხეები თუ მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმირება.

სამართლიანობის აღდგენა ლამის ფიქციად იქცეს.

გაურკვეველი რწმენის და მსოფლმხედველობის, ჯვრებითა თუ ლიბერალიზმის ლოზუნგებით შეიარაღებული ადამიანები თითქმის ყოველდღე მართავენ მუშტიკრივს ხან საპატრიარქოსთან, ხან პარლამენტის წინ, ხანაც პარლამენტის შიგნით.

რუსი ოკუპანტები ქართველ გლეხებს მავთულხლართებს ბაღ-ვენახებში უვლებენ უკვე.

ლარის კურსი ეცემა, საწავავის ფასი იზრდება და შეჭირვებულ ხალხს ის უფრო ადარდებს, თვიდან თვემდე როგორ გაიტანოს თავი.

ჰოდა, როდესაც ამ ფონზე უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სოციალურ პრობლემატიკაზე ფიქრის ნაცვლად, თუნდაც კითხვის ნიშანს სვამს, იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მაფიასთან ბრძოლის უმთავრესი იარაღია და სულაც არ არის ამ ეტაპზე აქტუალური, ცხადია, ეს არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმის გამოხატულებაა (რადგან კანონში ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, ნათლად არის განმარტებული, რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა), არამედ პოლიტიკურადაც წამგებიანია. იმდენად წამგებიანი, რომ "ობში პალაჟენიეს" აფუჭებს და იმედებს უცრუებს მათ, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პროპაგანდას არ დაუჯერა და ხმა მისცა ქართულ ოცნებას.

რადგან ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, თქვენ მაგ სკამზე ოცნებებშიც ვერ მოხვდებოდით, ბატონო დეპუტატო.

ამიტომ გვეხება თქვენი ნათქვამი ჩვენც და არ გაქვთ უფლება, რაც გინდათ, თქვათ და როგორც გინდათ, ისე მოიქცეთ.

ჩვენ საქმის მკეთებელი ხალხი გვინდა და არა ჟურნალისტებთან მოკეკლუცე პოლიტიკოსები.

აღარ გვინდა ჩვენმა შვილებმაც ყველაზე უბედური ქვეყნის უბედურ შვილად იგრძნონ თავი.

და აღარც შავ-თეთრ ფერებში ცხოვრება გვინდა.

წავიდა დრო, როდესაც სკამებზე მომსხდარი ჩინოვნიკები ამომრჩევლებს გოიმებად თვლიდნენ და საკუთარ საქციელზე პასუხს არ აგებდნენ.

სიტყვას კი პოლიტიკაშიც თავისი ფასი აქვს, ჩემო ძმაო!

ფაიზაღს ვბაზრობ, დედას ვფიცავარ!

პ.ს.

"მალიავკა" მკითხველამდე მოიტანა ამირან გიგუაშვილმა