გაქოცებული ნაცების ქვეყანა - კვირის პალიტრა

გაქოცებული ნაცების ქვეყანა

ეს ბლოგი ინგა გრიგოლიას სკანდალური გადაცემის რეაქციაა.

სატელევიზიო ეთერში თბილისის ბიუჯეტის შესახებ მიმდინარე დავა ჯერ სტუმრებს შორის კამათში, შემდეგ კი ერთმანეთის ლანძღვასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. განსაკუთრებული აგრესიით თბილისის საკრებულოს ის წევრები გამოირჩეოდნენ, რომლებიც ნაციონალური ბანაკიდან ოცნებაში გადაბარგდნენ.

რისი დამტკიცება სურდათ გაქოცებულ ნაცებს?

პირველ რიგში ალბათ იმის, რომ ისინიც მსხვერპლნი არიან. ზუსტად ისეთივე მსხვერლნი, როგორც ასიათასობით საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც უშუალოდ იწვნია ცხრაწლიანი რეჟიმის მთელი სისასტიკე.

ვერც გაამტყუნებ.

იმ ქვეყანაში სადაც ზურაბ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაფუჭებულ კადრად გამოაცხადეს, რა მოხდა მერე თუ საკრებულოს ახლადგაქოცებული ყოფილი ნაციონალი თავს სრულფასოვან ჩაგრულად იგრძნობს.

მერე რა, რომ ცხრა წლის მანძილზე ის პატიოსნად იღებდა ხელფასს და ხშირად ხელფასზე მეტ პრემიას.

მერე რა, რომ ცხრა წლის მანძილზე, სადღაც მშობლებისა და დედამიშვილების სადღეგრძელოებს შორის ფეხზე ამდგარი სვამდა პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი აღმზევებელი ქალაქის მერის, გიგი უგულავას სადღეგრძელოს.

მერე რა, რომ ცხრა წლის მანძილზე სამეჯლისო ცეკვების სტანდარტებზე დაამუღამა ცეკვა მიშა მაგარიას ფონზე.

რა მოხდა მერე, თუ არჩევნებზე საკუთარ ხალხს არჩევანს პარავდა და გაყალბებული პირადობის მოწმობებით დარბოდა უბნიდან უბანზე.

რა მოხდა მერე, თუ მეზობელი "კაი" ბიჭის თავისუფლების სანაცვლოდ, კუდის და სოდის დავალებით ოჯახიდან ორას ხმას ითხოვდა.

არაფერია თუ ნაცნობი ბიზნესმენი დაიჭირეს და ქონება წაართვეს.

რა უშავს, თუ 2012 წლის 01ოქტომბრამდე ქართული ოცნების გამარჯვება გულწრფელად მიაჩნდა რუსეთის ბნელი ძალების გამარჯვებად.

შეცდომა ვის არ მოსვლია.

მთავარია, რომ დღეს ის მსხვერპლია.

და არა მარტო დღეს.

გულის სიღრმეში (განსაკუთრებით პარტიული ბანკეტების მეორე დღეს, ნაბახუსევზე) ყოველთვის გრძნობდა მძაფრ პროტესტს იმ სისტემის მიმართ, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა.

პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი მოსულა.

პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც სახელმწიფო რეკეტის არქიტექტორები და შემოქმედები გარკვეული პრაგმატული მიზნებით ან საერთაშორისო ზეწოლის გამო შეიძლება მსხვერპლად გამოაცხადონ.

პოლიტიკაში შეიძლება მმართველმა კოალიციამ ძალაუფლების უმტკივნეულოდ მოპოვების მიზნით მოწინააღმდეგე გუნდიდან მისი წევრები გადმოიბიროს.

ინდულგენციებიც გასცეს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვიღაც სამართლიანობის მაძიებელის საჩივარი განსახილველად სწორედ იმ პროკურორს დაეწეროს, რომელმაც თავის დროზე იგი გლდანის ციხის ავადსახსენებელ გზას გაუყენა.

შესაძლოა რომელიღაც ყოფილმა მაღალჩინოსანმა მართლა დაიჯეროს საკუთარი უდანაშაულობა და შენც დაიჯერო შენი სიმართლე.

მაგრამ გულის სიღრმეში,

მაშინ, როდესაც ტელევიზორს გამორთავ.

როდესაც მეზობლები შუქს ჩააქრობენ.

როცა ოჯახის წევრებიც ღრმად დაიძინებენ.

და საკუთარ თავთან, ყველაზე უტყუარ მსაჯულთან დარჩები ერთი-ერთზე.

აუცილებლად მიხვდები უმარტივეს ჭეშმარიტებას.

რომ შენ,

არა პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის სხვაობას,

არა სამართლიანობის აღდგენას,

არა ხალხზე ზრუნვას

ან თუნდაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს,

არამედ სკამებისათვის ბრძოლას შესწირე საკუთარი მეორე მე.

ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გაგაჩნდა.

და დღეს,

შენ მართლა მსხვერპლი ხარ.

ოღონდ არა ნაციონალური მოძრაობის,

არა ქართული ოცნების,

არა მიხეილ სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის,

არამედ საკუთარი გაუმაძღარი პატივმოყვარეობის.

რადგან დღეს შენ,

გაქოცებული ნაცი ხარ.

ამ ქვეყნის ყველაზე მიუღებელი მოქალაქე.

ამირან გიგუაშვილი

17 თებერვალი 2014 წელი.