"ბენზოკალონკა", სახელად რუსეთი - კვირის პალიტრა

"ბენზოკალონკა", სახელად რუსეთი

"რუსეთი დღეს არის ბენზოგასამართი სადგური, რომელსაც საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია" - თქვა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და ვფიქრობ, ზუსტად გამოხატა მსოფლიოს ნომერ პირველი საფრთხობელის ამჟამინდელი მდგომარეობა.

ნიშანდობლივია, რომ სულ ახლახანს, სწორედ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაბნეული დგას ატომური იარაღით მოჟღარუნე პუტინის წინაშე, 67 წელი შესრულდა ტრუმენის ცნობილი დოქტრინის დეკლარირებიდან.

ზუსტად 67 წლის წინ, 1947 წლის 12 მარტს, აშშ რიგით 33-ე დემოკრატმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მიმართა კონგრესს და აუწყა დანარჩენ მსოფლიოს, რომ ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატები აღარ შეეპუებოდა სტალინის მეთაურობით მიმდინარე სამყაროს გაწითლების პოლიტიკას.

ამ დროს სტალინს უკვე ჩამოშვებული აქვს რკინის ფარდა აღმოსავლეთ ევროპაში, საბერძნეთში სამოქალაქო ომია გაჩაღებული კომუნისტებსა და ანტიკომუნისტებს შორის, ირანში საბჭოთა აგრესიული პოლიტიკა ფეხს იკიდებს, თურქეთი მზად არის დარდანელის სრუტეზე კონტროლის უფლება მისცეს საბჭოთა კავშირს, გერმანია ორად არის გაყოფილი, საბჭოთა ინსტრუქტორები გამალებით მუშაობენ ატომური იარაღის შექმნაზე და ცნობილ გამონათქვამს თუ დავესესხებით, მთელ მსოფლიოში კომუნიზმის აჩრდილი დადის.

აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში მიხვდნენ, რომ დათმობის და პარტნიორობის პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გამოძახილი იყო ვეღარ ამართლებდა. გამარჯვების იდეით წახალისებული რუსი ჯარისჯაცი, სულ უფრო წინ მიიწევდა და ტალახიანი ჩექმის ნაკვალევს ტოვებდა ყველგან, სადაც გადაბიჯების საშუალებას მისცემდნენ.

ტრუმენის შეკავების დოქტრინის მთავარი ასპექტები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ყველა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის თავისუფალი უმრავლესობაც წინააღმდეგობას უწევს შეიარაღებულ უმცირესობას ან ქვეყნის მიმართ განხორციელებულ საგარეო ზეწოლას.

ამ კონცეფციამ ნელა, მაგრამ მაინც იმუშავა. მისი შედეგები იყო გრძელვადიანი და ეფექტური. საბოლოო რეზულტატად კი საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების იმპერიის დაშლა იქცა.

ამბობენ, ისტორია არ მეორდებაო, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებათა უმრავლესობა, არც ეს ჭეშმარიტება ამართლებს.

ყირიმი, ეს მხოლოდ პუტინის საუზმის დასაწყისია.

საბჭოთა კავშირის აღდგენის მანიით შეპყრობილი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი აიღებს ყველაფერს, რაც ცუდად დევს და რისი აღების უფლებასაც მისცემენ.

პირველი საცდელი ობიექტი მისი დიდი ექსპერიმენტისათვის საქართველო იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების მოკრძალებულმა რეაქციამ იგი დაარწმუნა, რომ დღეს ყველაზე კვერცხებიანი ბიჭი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდრებს შორის სწორედ ის არის.

და რაკი ის მაჩოა, მუსიკაც მან უნდა შეუკვეთოს.

სტილი დაახლოებით იგივეა.

კომუნისტური იდეოლოგია რუსულმა პასპორტებმა შეცვალეს.

პროლეტარიატი თანამოქალაქეებმა და ე.წ. თვითგამორკვევის უფლების მქონე ეთნიკურმა უმცირესობებმა, რომლის დაცვის ისტორიული ვალდებულებაც ვის, თუ არა დიად რუსეთს გააჩნია.

მოდერნიზებული სტალინი კი თავად ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინია.

არ ვიცი, რამდენად შეძლებს ობამა, გახდეს ტრუმენი და ახალი გადარჩენის დოქტრინა შემოგვთავაზოს, მაგრამ ერთი ფაქტია:

საქართველო უკეთეს შემთხვევაში ახალი ცივი ომის, უარეს შემთხვევაში კი მესამე მსოფლიო ომის წინახაზზეა და მისი ფიზიკური გადარჩენა, არა მხოლოდ მოვლენათა განვითარებაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ არჩევანზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ეს არჩევანი ჩვენთვის ევროპაა. ქართველმა ხალხმა მას ჯერ კიდევ მაშინ დაუჭირა მხარი, როდესაც ევროპული ფასეულობები, როგორც ასეთი, მყარი ფორმებით არც კი არსებობდა, მაგრამ აქვე უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის დროებითი წარმატებების ფონზე საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება მძლავრი ცდუნებების ტალღა, უარი ვთქვათ ჩვენს ისტორიულ-გენეტიკურ არჩევანზე.

ამ ცდუნებებს კონკრეტული გვარ-სახელები და ადრესატები ეყოლებათ. ძირითადად ესენი არიან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და მათ მიერ დაფინანსებული კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მოიმატებს კონცერტების რაოდენობები რუსეთში.

გაიზრდება თბილისში მოქმედი საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისათვის მოსკოვიდან გამოყოფილი დაფინანსება.

რამდენიმე ბოთლომი ბორჯომისა და ღვინის გაყიდვის უფლებასაც დაგვრთავენ.

პარალელურად მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის საუკეთესო ტრადიციებით, მავთულხართების რაოდენობაც მოიმატებს.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც ყველგან და ამ შემთხვევაში რუსეთშიც კი მუშაობს.

არ არსებობს, უგუნურებამ საბოლოოდ გონიერება დაამარცხოს.

არ არსებობს, რეჟიმმა, რომლის წამყვანი საინფორმაციო საშუალებებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს რადიოაქტიურ ფერფლად ქცევით ემუქრება, დიდხანს გაძლოს.

არ არსებობს, თიხისფეხებიანი გოლიათი ძირს არ დაენარცხოს.

შეუძლებელია, ბენზოგასამართი სადგური სახელმწიფოდ გადაიქცეს.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე.

18.03.2014