მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები

აღდგება თუ არა სამართლიანობა მიხეილ სააკაშვილის დაჭერით?

როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლიტიკის და სამართლის ცენტრი” დავაფუძნეთ, კრიტიკოსების მხრიდან დაისვა რიტორიკული კითხვა: სად პოლიტიკა და სად სამართალი?!

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა ამ შეკითხვის ყველაზე არგუმენტირებული პასუხია.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კანონის წინაშე შეიძლება ყველა თანასწორი არ იყოს. პირიქით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განსაკუთრებით ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, მაგრამ ამავე დროს სურთ თუ არა ეს სამართალდამცავ ორგანოებს, მათი მოქმედებები ასეთ დროს ყოველთვის განიხილება პოლიტიკურ ჭრილში.

როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება საწინააღმდეგოს მტკიცებას მიხეილ სააკაშვილის დაბარება მოწმის სახით დაკითხვაზე იმაზე მეტია, ვიდრე ერთი მოქალაქის ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებში.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როგორც მხარდამჭერების, ისე მოწინააღმდეგეების მოლოდინები არა მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვას, არამედ მისი მოწმის სტატუსიდან ბრალდებულად გადაქცევას უკავშირდება.

და ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი პარადიგმის მთავარი ღერძიც ეს არის.

არავის აინტერესებს რა ჩვენებას მისცემს ყოფილი პრეზიდენტი.

რა პასუხებს გასცემს გამოძიების შეკითხვებს.

ყველანი: ნაცებიც, ქოცებიც და პოპკორნით მომარაგებული მაყურებელიც ელოდება როდის დააპატიმრებენ ყოფილ პრეზიდენტს.

და რაც ყველაზე საინტერესოა ამას ელოდება თავად მიხეილ სააკაშვილიც.

მიზეზი მარტივია.

ამ მოლოდინებს საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როდესაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ თავისი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად ე.წ. სამართლიანობის აღდგენა დასახა.

ამ ურთულეს და წინააღმდეგობრივ გზაზე პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ასეულობით პოლიტპატიმრის არსებობის აღიარება გახდა. ამის შემდეგ იყო მასობრივი ამინისტია, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაჭერა. თბილისის მოქმედი მერის პასუხისგებაში მიცემა, ნაციონალური ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და ბურუსით მოცული, რეზონანსული საქმეების ხელახალი გამოძიება. ეს ყოველივე არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას ნიშნავდა და ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, ცხადია თავად რეჟიმის შემოქმედის, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამიტომ დღეს ცოტას თუ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება, მხოლოდ მისი კანონის წინაშე მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდის მოთხოვნაა და გამოძიება ამით შემოიფარგლება.

სწორედ ამიტომ საქართველოშიც და დასავლეთშიც, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-ში გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან მოვლენათა შემდგომ განვითარებას.

უახლოესი რამდენიმე თვე გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების გზაზე. წინ გველოდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ასოცირების ხელშეკრულება, ნატოს სამიტი უელსში.

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მიხეილ სააკაშვილმა მიზანმიმართული პიარკამპანიით და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტის შექმნით შეძლო საკუთარი რეიტინგის შენარჩუნება დემოკრატიული სამყაროს წინაშე. პუტინთან მებრძოლი მეამბოხის მანტია კი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს მას ამერიკელი და დასავლელი კონსერვატორული საზოგადოების წინაშე. ამიტომაც მისი დაპატიმრება არც ისე იოლია, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენს, თუნდაც სამართლიანობის აღდგენის გულწრფელად მოსურნე თანამოქალაქეს წარმოუდგენია.

რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩეს.

არც მიხეილ სააკაშვილია ხელშეუხებელი.

დარწმუნებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეთ, მაგრამ თუ ჩემი ქვეყნის ევროპული მომავალი მიხეილ სააკაშვილის დაჭერაზე გადის, რომლის ლეგიტიმურობაც სადავო გახდება, მე პირადად ევროპულ მომავალს ვარჩევდი. ამიტომაც ხელისუფლება ვალდებულია მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ რევანშიზმს შორის არსებული ბეწვის ხიდი ისე გაიაროს, რომ ქვეყნის ხვალინდელი დღე არ გადააყოლოს. ამის გარანტია კი  მიმდინარე სამართლებრივი პროცესების მაქსიმალური საჯაროობა და გამჭვირვალობა  იქნება, რომლის ამოსავალი წერტილიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის კონსტიტუციურად გარანტირებული უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციაა.

ამირან გიგუაშვილი

პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე

23 მარტი 2014 წელი