ჩიორას ცხვირი, ნუგზარის თვალი და ჰაკიმ ფაშას საიდუმლო - კვირის პალიტრა

ჩიორას ცხვირი, ნუგზარის თვალი და ჰაკიმ ფაშას საიდუმლო

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ჩიორას გატეხილი ცხვირიდან, ნუგზარის ჩალურჯებული თვალიდან და ჰაკიმ ფაშას მიერ გავრცელებული ზურაბ ჟვანიას ცხედრის ამსახველი ფოტომასალიდან.

ნაცები იტყვიან, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ზეწოლას ოპოზიციაზე და პოლიტიკურ რევანშიზმს.

ქოცები იტყვიან, რომ ჩიორას გატეხილი ცხვირი და ნუგზარის ჩალურჯებული თვალი რა მოსატანია ცხრაწლიან ნაციონალურ ტერორთან, ჰაკიმ ფაშა კი უარეს შემთხვევაში პროვოკატორი ნაცია, უკეთეს შემთხვევაში კი სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი მოქალაქე.

შუაშისტები კი ამ ყველაფერით დაიღალნენ და როგორ ხმამაღლადაც ლანძღავდნენ გულში წინა ხელისუფლებას, ისე ხმამაღლა ლანძღავენ გულში მოქმედ ხელისუფლებას.

მაინც რას გვასწავლის უახლოესი წარსული და დღევანდელი რეალობა.

პოლიტიკურ ტექნოლოგიებში არსებობს საზოგადოებრივი აზრის შოკური თერაპიით მართვის თეორია.

ამ თეორიის მიხედვით, ხელისუფლება კრიზისული ეტაპების გადალახვას არა გრძელვადიანი რეფორმებით და პროგრამული ხედვებით, არამედ უხეში ქირურგიული ჩარევებით ახდენს სასურველი მოკლევადიანი ეფექტის მისაღწევად. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება წინაასწარჩევნო მანიპულაციებისას და განსაკუთრებით დაბალი დემოკრატიული ინდექსის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი.

ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა რაც ამ მიმართულებით ნაციონალურმა ხელისუფლებამ ოცნებას დაუტოვა, ქვეყნის ჰორორის ქვეშ მართვის მდიდარი გამოცდილებაა.

პოლიტიკური ოპონენტები გააქტიურდნენ? ქვეყანაში უკმაყოფილების მუხტი იზრდება? მმართველ გუნდში არსებულმა შიდადაპირისპრებამ გამოჟონა? არჩევნები ახლოვდება?

რა პრობლემაა მერე?!

სადღაც, სოდის თუ კუდი ბნელ ოთახებში უცბად დამონტაჟდებოდა ბონდიანას სტილში შესრულებული დოკუმენტური ფილმი ნოემბრიდან - ნოემბრამდე ან საშინელებათა ჟანრის მოდელირებული ქრონიკა და შეძრწუნებული ადამიანებიც უცბად მოდიოდნენ აზრზე, როგორ გადაარჩინეს ახალგაზრდა გმირმა რევოლუციონერებმა ქვეყანა კიდევ ერთ დიდ უბედურებას.

სამწუხაროდ ამ მიმართულებით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ტენდენციები დღესაც აშკარაა.

განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ავტორებად არა სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები, არამედ სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებლი ვინმე ჩოკუტაევები, აპოლონ ოსმანები და ჰაკიმ ფაშები გვევლინებიან, რომელთა მოტივაციაც და მიზნებიც რბილად რომ ვთქვათ ეჭვის საფუძველს აჩენენ მოქმედი ხელისუფლების მიმართ. განსაკუთრებით არადამჯერებლად გამოიყურება საგამოძიებო მასალების ხელმისაწვდომობა ინკოგნიტო იუზერების მიერ და შემდეგ მათი გამოვლენა-დასჯის გაჭიანურება.

სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით შეიარაღებული მოქალაქეები თუ ნიღბებს ამოფარებული მობანდიტო ელემენტები კვლავაც ძალადობენ განსხვავებული აზრის მოქალაქეებზე.

მთავარი პრობლემაც ეს არის.

ობიექტურად თუ შევაფასებთ არავითარი საჭიროება დღეს მოქმედ ხელისუფლებას საზოგადოების შოკური თერაპიით მართვისათვის და მსგავსი სახის ავანტურისათვის არ აქვს. არც ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირებაა ისეთი მასშტაბის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა მმართველი გუნდის პოზიციები არსებითად შეასუსტოს და არც მოახლოებულ თვითმართველობის არჩევნებში ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც კოალიცია ქართულ ოცნებას რეალურ საფრთხეს შეუქმნის და მით უმეტეს ასეთი ძალა ვერ გახდება დემონიზებული ნაციონალური მოძრაობა.

მაგრამ ამავე დროს,

ეს არ გამორიცხავს ხელისუფლების ვალდებულებას, ქმედითი ზომები გაატაროს მოძალადე მამულიშვილებისა და ინკოგნიტო იუზერების მიმართ საზოგადოებაში არსებული ეჭვების გასაფანტად, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტად დაზარალებული თავად არ აღმოჩნდეს, რადგან ჩიორასაც გაუმრთელდა ცხვირი, ნუგზარსაც გაუვლის სილურჯე და ოდესმე ჰაკიმ ფაშას საიდუმლოც გამჟღავნდება, ხელისუფლების შელახულ იმიჯს კი ვერაფერი გამოასწორებს.

ვფიქრობ ამაზე ღირს დაფიქრება...

ამირან გიგუაშვილი

02 აპრილი 2014 წელი