რაში ვუხდით ხელფასს მარგველაშვილს? - კვირის პალიტრა

რაში ვუხდით ხელფასს მარგველაშვილს?

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, ამ ქვეყნის სრულიად აპოლიტიკურმა და არაამბიციურმა მოქალაქემ, ინტერნეტში საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე ფოტო მანახა, სადაც ქვეყნის პირველი პირი თანაგუნდელებთან ერთად სადილობს და მოულოდნელად კითხვა დამისვა:

"გამაგებინე ერთი, რაში ვუხდით ამ კაცს ხელფასს ?"

თავიდან დავიბენი, რადგან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ჩემი მეგობარი. კითხვა, ცხადია, რიტორიკული იყო, მაგრამ როგორც იურისტმა, შევეცადე დამესაბუთებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციით გარანტირებული არბიტრი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს სხვადასხვა კანონებს, რომ იგი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, მოსახლეობის უმრავლესობის განსაკუთრებული ნდობის მანდატის მქონე, პირდაპირი წესით არჩეული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი და ა.შ. და ა.შ, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ჩემი პასუხები მისთვის არადამაჯერებელი იყო და გავჩუმდი.

მეგობარმა კი ცოტა ხანს მიყურა და მერე ხელი ჩაიქნია:

"რომელ ნდობაზე და ლეგიტიმაციაზე მელაპარაკები თუ ჩემი ძმა ხარ"

ამ უკანასკნელმა ფრაზამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენს დღევანდელ რეალობაზე.

მართლაც,

რაში ვუხდით გიორგი მარგველაშვილს ხელფასს და არის თუ არა იგი განსაკუთრებული ნდობის მქონე, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში?

ეს კითხვა პირველ რიგში ალბათ იმ ადამიანებს აწუხებთ, ვინც 2013 წლის 27 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში 41 ნომერი შემოხაზა. იმ დღეს ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე საარჩევნო ყუთებთან მივიდა იმ განწყობით, რომ ხმას აძლევდა პიროვნებას, რომელსაც გარდა საკუთარი დადებითი თვისებებისა და კარგი რეპუტაციისა, მხარს უმაგრებდა ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი ბიძინა ივანიშვილი.

ეს უკეთესი ვარიანტის არ ქონის გამო მიღებული გადაწყვეტილება იყო.

ცხოვრება კი ისეთია, როგორიც უნდა იყოს და პოლიტიკაში სენტიმენტების ადგილი არ არის.

დღეს ეს მეგობრობა აღარ არსებობს, პრეზიდენტი მის მიერვე გარყვნილების ბუდედ შერაცხულ სასახლეში ზის (თუმცა შენობის გაპარტახებას ისევ ეს ჯობდა), ჩვენს ინფანტილურ არჩევანს კი დიდი კითხვის ნიშანი გაუჩნდა.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ მითხრას იმ ერთი მილიონ თორმეტი ათას ხუთას სამოცდაცხრა ამომრჩევლიდან, რომელმაც მხარი მარგველაშვილს დაუჭირა, რამდენს აქვს წაკითხული მისი საარჩევნო პროგრამა და რამდენს შეუძლია გაწეული საქმიანობის ანგარიში მოთხოვოს მოქმედ პრეზიდენტს.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა არც ისე ბევრია.

შეიძლება ხელის თითებიც კი გვეყოს ჩამოსათვლელად.

დამოუკიდებლობის ოცწლიან, სისხლით და ცრემლით სავსე პერიოდში, ემოციებით აღტკინებულნი, მუდამ თეთრ რაშზე ამხედრებულ რაინდებს ველოდებით და საბოლოოდ ჯაგლაგ ცხენზე შემომხტარი ავანტიურისტები შეგვრჩებოდნენ ხოლმე ხელში.

მე ბუნებით მაინც ოპტიმისტი ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად ეს ასე არ არის.

მინდა მჯეროდეს, რომ გიორგი მარგველაშვილს, პირდაპირი წესით არჩეულ და ფორმალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირს სახელმწიფოში, კიდევ ბევრჯერ მიეცემა შესაძლებლობა, გაამართლოს ჩემი და დანარჩენი ერთი მილიონ თორმეტი ათას ხუთას სამოცდარვა ამომრჩევლის მიერ ავანსად გაცემული ნდობა.

ისევე, როგორც თვიდან თვემდე მიღებული ხელფასები.

არ ვიცი, ეს როდის მოხდება, დღეს, ხვალ, ზეგ თუ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ამის შანსი მას უთუოდ მიეცემა.

და იმედია ამ შანსს ბოლომდე გამოიყენებთ, ბატონო პრეზიდენტო!

ჩემი მეგობრის რიტორიკულ შეკითხვასაც პასუხი ალბათ მაშინ გაეცემა.

ამირან გიგუაშვილი

28.04.2014 წელი