კიტოვანიდან კრეტინიზმამდე - კვირის პალიტრა

კიტოვანიდან კრეტინიზმამდე

"კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი"-საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე გია ვოლსკი

მედიაში ახალი ნიუსია. თენგიზ კიტოვანი თავისი ბიჭებისთვის იარაღს ტარების უფლებას ითხოვს.

სიმართლე გითხრათ, ამ ინფორმაციაზე მეც თქვენსავით მწარედ გამეღიმა. ჩვენი ბედკრული ქვეყნის უახლოესი წარსული გამახსენდა და ალბათ ყურადღების ღირსადაც არ ჩავთვლიდი ამ ბებერი პუტჩისტის მარაზმატიკულ იდეებს, რომ არა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ზემოაღნიშნული ფრაზა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც თავისდაუნებურად ჩნდება თენგიზ კიტოვანის ეკრანზე თუ საინფორმაციო საშუალებებში ყოველი გამოჩენისას.

რას უკავშირდება თენგიზ კიტოვანის გააქტიურება და რას ვეუბნებით ჩვენ შვილებს მის მაგალითზე?

სამწუხაროდ ამ კითხვის პასუხი შემწყნარებლობა ვერ იქნება.

ვერც გამოხატვის კონსტიტუციური უფლება.

ამას უფრო უპასუხისმგებლობა შეიძლება ეწოდოს.

უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან.

უპასუხისმგებლობა პოლიტიკოსების მხრიდან,

უპასუხისმგებლობა საზოგადოების მხრიდან.

და აქ საქმე მხოლოდ უნიჭო მხატვარდან სახელმწიფო დამნაშავედ ტრანსფორმირებულ თენგიზ კიტოვანში არ არის.

ეს ჩვენი ზოგადი სენია.

ამ ქვეყანაში, სახელმწიფოც და ხალხიც მიეჩვია, რომ შეიძლება დღეს შენი თანამოქალაქეები გაძარცვო, სახელმწიფო ქონება მიიტაცო, საბიუჯეტო ფულები გაანიავო. გასცე შეუსრულებელი დაპირებები, დაკარგო ტერიტორიები, სამარცხვინოდ წააგო ომი. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ქვეყნის მტრად გამოაცხადო, ციხეში გამოკეტო, სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღო. თუნდაც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტს ერთი მუჭა შეიარაღებული ბანდიტების დახმარებით სისხლიანი გადატრიალება მოუწყო და ხვალ ამაზე პასუხი არავინ მოგთხოვოს. ფსევდოდემოკრატიულობის საბურველით შემოსილმა და სახელმწიფო ინსტიტუციების უხერხემლობით წელგამართულმა ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ისეირნო დედაქალაქის ქუჩებში.

სამწუხაროდ ამ მხრივ თენგიზ კიტოვანი გამონაკლისი არ არის. მისი მსგავსნი, უარესები თუ ნაკლებად უარესები სხვებიც მრავლად გვყავდნენ და არიან ჩვენს გვერდით, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ წარსულის შეცდომებით დამძიმებულები თავდახრილები დადიოდნენ სახლიდან ეკლესიაში და პირიქით, ურცხვად აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვის პროცესებში მონაწილეობაზე.

რათა კიდევ უფრო მეტი მიითვისონ,

კიდევ უფრო მეტი შეჭამონ,

კიდევ უფრო მეტად აამღვრიონ წყალი,

კიდევ უფრო მეტი სისხლი დაღვარონ.

და ამაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ყველას. საკუთარ კარმიდამოში ჩაკეტილი გლეხიდან დაწყებული, საზოგადოების ყველაზე საშიში და უპრინციპო ნაწილით, ეგრეთ წოდებული ინტელიგენციით დამთავრებული, რომელთა უმრავლესობაც, როგორც წესი, ტაშის კვრით ან კონფორმისტული დუმილით ხვდება ხოლმე პატრიოტიზმს ამოფარებული ყოველი ახალი გარეწრის გამოჩენას პოლიტიკურ არენაზე.

წარსულთან საკადრისი ანგარიშსწორების გარეშე, ღირსეულ მომავალს ვერ ავაშენებთ.

ამიტომაც ვერ მივიღებთ პატივცემული უმრავლესობის წარმომადგენლის თუნდაც ადამიანური ჰუმანიზმის ფაქტორიდან გამომდინარე გაკეთებულ განცხადებებს კიტოვანის დადებით თვისებებზე.

და ვერც ქვეყნის კიდევ ერთხელ არევის უფლებას მივცემთ ვერავის.

რადგან ჩვენმა შვილებმა, სწორედ კიტოვანის და მისი მსგავსი ტრაგიკომიკური პერსონაჟების მაგალითზე უნდა იცოდნენ, რომ თუ დღეს ისინი უარეს ქვეყანაში ცხოვრობენ ვიდრე უნდა ცხოვრობდნენ, ეს სწორედ ამ ადამიანების "დამსახურებაა".

სხვა შემთხვევაში კიტოვანიდან კრეტინიზმამდე ერთი ნაბიჯია.

ამირან გიგუაშვილი

30.05.2014