სტატისტიკური განწყობის თეორია - კვირის პალიტრა

სტატისტიკური განწყობის თეორია

არავინ თქვას, ღმერთი არ არსებობსო!

ადრიანი გაზაფხულის იმ დღეს, რა დღესაც აუდიტორული კომპანია აუდიტ-სერვისის სერთიფიცირებულმა ბუღალტერ-აუდიტორმა ლევან ძნელაძემ გადაწყვიტა ადამიანი გადაერჩინა, არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მის ამ განზრახვას ასრულება ეწერა.

მზე ზუსტად ისევ ისე უღიმღამოდ გადადიოდა მთაწმინდის მთაზე. ღრუბლებიც ისევ ისე საავდროდ იკრიბებოდნენ. ადამიანებიც ისევ ისე გამალებით მიიჩქაროდნენ სახლებში და მეტროს ჩასასვლელთან ჩამომჯდარი შავებში ჩაცმული ქალიც ისევ ისე უსიტყვოდ მათხოვრობდა.

მოკლედ, ღმერთს საიდან გაახსენდა უცნობი ფირმის უცნობი ბუღალტერი, არავინ იცის. არც ის იცის ვინმემ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი მის ისედაც გადატვირთულ დღის წესრიგში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. უფლის უშუალო მონაწილეობის და მისი ყოვლისშემძლე ხელის გარეშე, ცხადია არაფერიც არ მოხდებოდა და ლევან ძნელაძე ისევ იმ სტატისტიკური განწყობით გააგრძელებდა ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა ბოლო 45 წლის მანძილზე, ანუ დაბადებიდან ამ დღემდე.

ლევან ძნელაძემ კომპანიის ბალანზე რიცხული MC BOOK PRO დაკეცა, შალითაში აკურატულად გაახვია, ჩანთაში (რომლის წინა ჯიბეშიც ფაილებში ასევე აკურატულად ჩალაგებული სხვადასხვა კომპანიების ბუღალტრული ანგარიშები ელაგა) ფრთხილად ჩადო. დოკუმენტების შესანახი უჯრის საკეტი ჩვეულებისამებრ ორჯერ გადაკეტა, მაგიდის სანათური გამორთო, ძველმოდური, მაგრამ კარგად შენახული პიჯაკი  თავისუფალ ხელზე გადაიკიდა და ოფისიდან სავსებით წინასწარგანწყობილად გამოვიდა.

ამ დღეს მას  ადამიანის სიცოცხლე უნდა ეხსნა.

ყოველ შემთხვევაში მისი გათვლებით უახლოეს რამდენიმე საათში, კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ადგილას დააპირებდა თავის მოკვლას. არსად ეჩქარებოდა, მაგრამ დაგვიანებაც არ შეიძლებოდა.

ყველაფერი წამებზე იქნებოდა დამოკიდებული.

თქვენ წამოიძახებთ რა სისულელეა, როგორ შეიძლება ადამიანმა წინასწარ გამოთვალოს, ვინ აპირებს თავის მოკვლას?!

მაგრამ ერთი ცნობილი თეორიის მიხედვით ყველაფერი განწყობის შედეგია.

განწყობის თეორიის, რომელიც ლევან ძნელაძის შემთხვევაში მათემატიკურ ფორმულებში გამოიხატებოდა.

ყოველი მამაკაცის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება წამი, როდესაც მას უჩნდება ყოვლისმომცველი, ყველაფრისწამლეკავი და ყველასგანდაფარული სურვილი გააკეთოს რამე გრანდიოზული. გახდეს ძალიან ცნობილი და დაფასებული: ქალაქის თავი, დეპუტატი, მინისტრი. იშოვოს ძალიან ბევრი ფული. იყიდოს ყველა და ყველაფერი რაზეც ოცნებობდა. დაწეროს წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცევა, გადაიღოს ფილმი, რომელიც ოსკარს აიღებს. დაიხსნას მეზობელი ცეცხლმოკიდებული სახლიდან, გადაარჩინოს წყალში  გადამხტარი გოგონა, ავიდეს ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე, დაამყაროს რეკორდი სირბილში, დალიოს ყველაზე დიდი განსხავებული სასმისი, იმღეროს ყველაზე ხმამაღლა, იცეკვოს ყველაზე ლამაზად. ბოლოს და ბოლოს ომი მაინც დაიწყოს, რომ მტრის ტანკს გახსნილი ხელყუმბარით შეუვარდეს ქვეშ.

მთავარი აქ დეტალები არ არის.

მთავარი აქ უკვე შემდგარი ფაქტია.

ზრდასრულ მამაკაცთა უმრავლესობა მსგავს სურვილებს როგორც წესი არ ახმოვანებს და მალევე ივიწყებს. ხოლო  იმ ასაკში, როდესაც ძილის წინ მომავალზე ფიქრის ნაცვლად მოგონებები ჭარბობს, გრანდიოზული პროექტებისთვისაც სულ უფრო და უფრო ნაკლები ადგილი რჩება გონებაში, მაგრამ ლევან ძნელაძე ის კაცი არ გახლდათ, ასაკს და ყოველდღიურობის ნაცრისფერ რუტინას ასე ადვილად დანებებოდა.

აუდიტორული ფირმა აუდიტ-სერვისის სერტიფიცირებულ ბუღალტერს,  ღრმად სწამდა, რომ ყველაფერი რაც ხდება ან არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ლოგიკური მოვლენების უწყვეტი ჯაჭვია, რომელთა გამოანგარიშებაც მათემატიკური ფორმულების მიხედვით სრულიად შესაძლებელი და ადვილად განჭვრეტადია.

მაგალითები გნებავთ? კი ბატონო.

მაგალითად თუ თქვენ გსურთ იყოთ უფრო ნაკითხი ამისათვის საჭიროა 30 წუთი. სულ რაღაც 30 წუთი თქვენი ცხოვრებიდან. თუ ამ დროს ყოველდღე დაუთმობთ წიგნის კითხვას, ერთი წლის მანძილზე შეძლებთ წაიკითხოთ დაახლოებით 24 წიგნი, რაც იმაზე მეტია ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანის მიერ 10 წლის მანძილზე წაკითხული წიგნების რაოდენობა.

ასეთივე წარმატებას შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ საქმეში, რომელსაც თქვენი ცხოვრების ყოველი დღის სულ რაღაც 30 წუთს დაუთმობთ.

გინდათ უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ?

რა პრობლემაა.

აიღეთ ჩვეულებრივი კალკულატორი და სიმაღლისა და წონის პროპორციიდან გამომდინარე გამოთვალეთ თქვენი იდეალური წონა. ანუ ჯერ ის გაარკვიეთ რა გჭირდებათ. კალორიების მომატება თუ ზედმეტი კალორიების დახარჯვა. თუ თქვენ ყოველდღიურად შესაბამისად მოიმატებთ ან დახარჯავთ 500 ზედმეტ კილოკალორიას, ეს ნიშნავს, რომ 7 დღეში მოიმატებთ ან შესაბამისად მოიკლებთ ნახევარ კილო სუფთა ცხიმს და არა წყალს. ლოგიკურად თქვენ შეძლებთ გამოთვალოთ რა ვადა გჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღწევად და წარმატებაც გარანტირებული გაქვთ.

თქვენ შემეკამათებით, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება და გარდა ამისა რა კაშირი აქვს მათემატიკას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის გმირულ განზრახვასთან, მაგრამ დამშვიდდით მეგობრებო. ნებისყოფა ლევან ძნელაძეს თავზესაყრელად ჰქონდა, წარმოიდგინეთ რამდენი კომპანიის შემოსავალ-გასავალს და ბალანსს ანგარიშობდა. რამდენი ჭირვეული ციფრის მორჯულება უწევდა ყოველდღე ტოლობის, გამრავლების და გაყოფის უსასრულო ლაბირინთებში. გმირობა კი სხვა არაფერია თუ არა საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნა, რომლის გამოანგარიშებაც სწორედაც მათემატიკის წყალობით არის შესაძლებელი.

ეს უფრო მარტივია, ვიდრე უცხო ენის შესწავლა ან წონის დაკლება.

თუ თქვენ სტატისტიკური მონაცემების თანახმად ცხოვრობთ ისეთ ქალაქში როგორიც თბილისია, რომლის მოსახლეობაც 1 172 200 მაცხოვრებელს შეადგენს, ხოლო სუიციდების რაოდენობა ამ ქალაქში წელიწადში საშუალოდ 87 ერთეულია, ეს ნიშნავს, რომ ყოველ მეოთხე დღეს საშუალოდ ერთი ადამიანი მაინც იკლავს თავს. ლევან ძნელაძემ დაადგინა, რომ თვითმკვლელთა 58 %-ი მამაკაცია, 42%-ი კი ქალი. თვითმკვლელი ქალების 75%-ი 16-25 წლის ასაკისაა. აქედან ყოველი მესამე ქალიშვილი სიცოცხლეს წყალში გადახტომით ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ლევან ძნელაძემ ისიც გაარკვია, რომ ყველაზე მეტი პოპულარობით თვითმკვლელ ქალიშვილებში მეტეხის ხიდი სარგებლობს. კონკრეტულად კი ღვთისმშობლის ტაძრის მხარეს მდებარე მოაჯირი, საიდანაც ნარიყალას ციხის შესანიშნავი ხედი იშლება.

შესაბამისად ლევან ძნელაძის მიერ გამოანგარიშებული ფორმულით სწორედ დღეს, უფრო ზუსტად კი ამ გაზაფხულის წვიმიან საღამოს, 21 საათიდან 22 საათის შუალედში ის გადამწყვეტი მომენტი დგებოდა, როდესაც რომელიღაც სასოწარკვეთილ ქალიშვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა.

თვითმკვლელობა მეტეხის ხიდის საბედისწერო მოაჯირიდან მოხდებოდა. იმ ადგილას, სადაც მტკვარი ყველაზე მღვრიეა და როგორც წესი ყველაზე დიდ მორევს იკეთებს.

ლოგიკურად კი გამოდიოდა, რომ ლევან ძნელაძეს ამ დღეს ნამდვილად შეეძლო სხვისი სიცოცხლე ეხსნა.

ხალხით გაჭედილი სამარშრუტო ტაქსიდან ლევან ძნელაძე ლესელიძის ქუჩაზე ჩამოვიდა. სიცივეს ემძლავრა და ტურიტების რაოდენობაც უფრო შეთხელებულიყო ტრადიციულად ხალხმრავალ უბანში. შარდენის ღია კაფეებიდან მუსიკის ხმა, კაცების ხმამაღალი საუბარი და ქალების სიცილი ისმოდა. საწვიმარწამოფარებული დარაჯი უხალისოდ ათვალიერებდა ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ ადამიანებს. რამდენიმე უპატრონო ძაღლი ტროტუართან გაჩერებული მანქანების ქვეშ შემძვრალიყო. ვარდების მოედნიდან ნარიყალას ციხისკენ გაჭიმულ საბაგირო ხაზზე სათამაშო კოლოფებივით დასრიალებდნენ ცარიელი ვაგონეტები. ჰაერში გოგირდის, წვიმიანი ასფალტის და ახლადაყვავებული იასამნის სურნელი იდგა და მოახლოებულ უბედურებას არაფერი მოასწავებდა.

„რა დროს წყალში გადახტომაა ამ სიცივეში“გაიფიქრა ლევანმა და უკმაყოფილო სახით შემოიცვა ხელზე გადაკიდებული პიჯაკი.

ცურვა კარგად იცოდა.

ბავშვობაში, ვიდრე ქვეყანა აირეოდა, მშობლებს წყალბურთზე დაჰყავდათ. საქართველოს ჩემპიონებიც კი გახდნენ შორეულ ოთხმოცდაათიანებში. მას შემდეგ კი რაც ადამიანის გადარჩენა გადაწყვიტა, კვირაში სამი დღე სისტემატურად დადიოდა განახლებულ სპორტკომპლექს არენაზე და საკუთარი შედეგებით იქვე მოჭყუმპალავე გოგო-ბიჭებიც გააოცა. 500 მეტრი ბატერფლაი, 1000 მეტრი ბრასი, 2000 მეტრი თავისუფალი სტილით. ასეთ დატვირთვას ბევრი მასზე ასაკით უმცროსი მამაკაციც ვერ დაიკვეხნიდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ასაკში შესულ ლევანს მოსწონდა კიდეც ახალგაზრდა ქალიშვილების აღტაცებული მზერა, როდესაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილი ამოდიოდა ხოლმე აუზიდან, მაგრამ ცხადია არაფერს იმჩნევდა. ლევან ძნელაძისთვის ცოლის ღალატი კატეგორიულად მიუღებელი იყო. არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა ან მორალისტობაზე დებდა თავს. არამედ იმიტომ, რომ უყვარდა თავისი ცოლი და ასაკიდან გამომდინარეც შეუფერებლად მიაჩნდა შვილის ტოლა გოგოებთან ფლირტის გაბმა.

შვილის გახსენებაზე ლევან ძნელაძეს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. მართალია, გვიან დაქორწინდა, მაგრამ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ეზრდებოდა. უმცროსი ქალიშვილი მისი სიამაყე და ყველაზე სუსტი წერტილი იყო. ერთადერთი გამონაკლისი, მის ცხოვრებაში, რომლის მიმართ გაჩენილ გრძნობას, ვერანაირი ლოგიკური გამოთვლებით ვერ ხსნიდა. თუმცა არც არასდროს უცდია, რადგან ალბათ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ხელი ღილაკებგაცვეთილი კალკულატორისკენ არ გაურბოდა.

ლევანმა პატარა მოედანი გადაკვეთა, ქუჩა სწრაფი ნაბიჯით გადაირბინა და მეტეხის ხიდის მოაჯირთან შეჩერდა. მანძილი ხიდის ერთი კიდიდან, მეორე კიდემდე დიდი არ იყო, სულ რაღაც სამოცი ნაბიჯი იქნებოდა. მისი გაანგარიშებით ამ მანძილის დაფარვას იგი მაქსიმუმ ათ წამში მოახერხებდა, მაგრამ უფრო ახლოს მისვლაც არ უნდოდა. ზედმეტ აქტიურობას შეიძლება მომავალი მსხვერპლის ყურადღება მიეპყრო და ჩანაფიქრის განხორცილებისგან თავი შეეკავებინა ან სხვა დროისთვის გადაედო.

სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ ადამიანების ბოლომდე გამოთვლა მაინც შეუძლებელია.

ამ სიტუაციაში, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ მსხვერპლის მოლოდინში ლევანი ხიდის მოაჯირს მიერყდნო და სიგარეტი გააბოლა, მაგრამ ლევანი უკვე ოცი წელი იყო აღარ ეწოდა და ამ წესის დარღვევას არც ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში აპირებდა.

ამიტომაც ლევანმა შემცივნული ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩაიდო და მოთმინებით მიეყრდნო მოაჯირს.

უკვე 21 საათი და 40 წუთი სრულდებოდა. ხიდზე ადამიანები ფაქტიურად აღარ მოძრაობდნენ. რამდენჯერმე მაწანწალა ბავშვებმა გაირბინეს პირდაპირ მანქანების სავალ გზაზე, მაგრამ ლევანს მათთვის ყუადღება არ მიუქცევია. ავტომანქანებიც კანტიკუნტად თუ ამოუხვევდნენ ხოლმე სანაპიროდან, ევროპის მოედანზე წრეს დაარტყავდნენ და უშნოდ გაჩხერილ ტუნელში მიძვრებოდნენ. ხელიხელჩაკიდებულმა რამდენიმე ქალ-ვაჟმაც  ჩაიარა მის წინ, მაგრამ სიცივის და წვიმის მიუხედავად ისეთი ბედნიერები ჩანდნენ, აშკარა იყო საბედისწერო სტატისტიკა სულ არ ანაღვლებდათ.

ცხვირგაყინულმა ლევანმა უიმედოდ დაიხედა საათზე და გადაწყვიტა ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყო. იმიტომ კი არა, რომ რამე ლოგიკური შინაარსი ჰქონდა მის ამ მოძრაობას, ან წინათგრძნობა გაუჩნდა. უბრალოდ უნდოდა ფეხი გაეშალა. ჩანთა გაისწორა, ირგვლივ მიმოიხედა და ის იყო ნაბიჯი გადადგა, რომ უეცრად აბანოთუბნის ამოსასვლელიდან ბმვ-ს მარკის შავი ფერის ავტომანქანა გიჟური სისწრაფით ამოვარდა, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ზუსტად ლევანის წინ ბორდიურს დაეჯახა, ამოტრიალდა და გაოცებისგან ადგილზე გაყინულ კაცს მთელი სიმძიმით დაეცა სხეულზე.

ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

ლევანს არც არაფერი უგრძვნია. ყველაფერი იმდენად სწრაფად და უბრალოდ მოხდა, რომ იმის გააზრების დროც არ დარჩა მომხდარისგან რაიმე დასკვნა გამოეტანა. იყო მხოლოდ საშინელი იმედგაცრუება და დარდი, რომ აგურ-აგურ დაწყობილი მთელი დღის გეგმა ასე უაზროდ ჩამოეშალა.  კიდევ იყო მონატრება ქალიშვილის მიმართ, რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა და სიმწრის ღიმილი საკუთარ უგნურებაზე. ამის შემდეგ კი უკუნეთი სიბნელე დაიწყო, რომელსაც დასასრული არ ეწერა...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცმებით თბილისი სასიკვდილო შედეგით დამთავრებული ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლებით ერთ-ერთი ლიდერი ქალაქია მთელს მსოფლიოში.

აუდიტორული კომპანია აუდიტ-სერვისის სერთიფიცირებულმა ბუღალტერ-აუდიტორმა ლევან ძნელაძემ კომპანიის ბალანზე რიცხული MC BOOK PRO დაკეცა, შალითაში აკურატულად გაახვია, ჩანთაში (რომლის წინა ჯიბეშიც ფაილებში ასევე აკურატულად ჩალაგებული სხვადასხვა კომპანიების ბუღალტრული ანგარიშები ელაგა) ფრთხილად ჩადო. დოკუმენტების შესანახი უჯრის საკეტი ჩვეულებისამებრ ორჯერ გადაკეტა, მაგიდის სანათური გამორთო, ძველმოდური, მაგრამ კარგად შენახული პიჯაკი თავისუფალ ხელზე გადაიკიდა და ოფისიდან სავსებით წინასწარგანწყობილად გამოვიდა.

სახლში ნანატრი ქალიშვილი ელოდებოდა....

ამირან გიგუაშვილი

01 ივნისი 2014 წელი