ყვითელი ბარათი ქართულ ოცნებას და მეორე ტურის პრინციპი: ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა! - კვირის პალიტრა

ყვითელი ბარათი ქართულ ოცნებას და მეორე ტურის პრინციპი: ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა!

მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ის რაც 2014 წლის 15 ივნისს მოხდა თვითმართველობის არჩევნებზე მოკლედ შეიძლება ასე შეფასდეს:

საჯარიმო გაფრთხილება ქართულ ოცნებას!

უფრო ვრცლად კი ეს ყვითელი ბარათი ეკუთვნის ამ სათამაშო მოედანზე გამოსულ ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე პრეტენზიას აცხადებს.

ქართველი ხალხი უკმაყოფილოა და იმედგაცრუებული.

ქართველი ხალხის უმრავლესობამ ყველა პოლიტიკურ ძალას უთხრა:

მოგვბეზრდით!

სიახლე გვჭირდება!

აღარ გენდობით!

როდესაც სოციალურად გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ეს იმის ნიშანია, რომ იმ ქვეყანაში არათუ ყველაფერი არ არის წესრიგში, საერთოდ მთელ პოლიტიკურ სპექტრში ვერ არის კარგად საქმე.

ქართველი ხალხი დაიღალა ერთი და იგივე სახეების ყურებით.

ერთი და იგივე ცრუ დაპირებებით აღმშენებლობაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე.

ქართველ ხალხს განახლება და რეალური საქმე სჭირდება.

როდესაც 2012 წლის 01 ოქტომბერს ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, მიუხედავად რეპრესიული სახელმწიფო მანქანის უმძიმესი ზეწოლისა საარჩევნო ყუთებთან რიგში დადგნენ, მათ ჰქონდათ იმედი, რომ არა მხოლოდ შეაჩერებდნენ ავტორიტარიზმისკენ გაქანებულ ნაციონალურ მატარებელს, არამედ ახალი პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით სოციალურ თანასწორობას და სამართლიანობას დაამკვიდრებდა.

ასეთი მაღალი ნდობის მქონე ფიგურის მოულოდნელად უკანა პლანზე გადასვლამ კი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში წარმოქმნა შავი ხვრელი. პოლიტიკური ვაკუუმი, რომელიც ვერ შეავსო ვერც ერთმა ცაკლე აღებულმა რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ ან ჯგუფმა და ცხადია ვერც ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულმა და შემდგომში უარყოფილმა, რეალურად უფუნქციო, ფაქტობრივი ლეგიტიმაციის არმქონე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

თუ ამ ვაკუუმს დავუმატებთ პოლიტიკურ სანახაობამდე დაყვანილ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, სოციალურ უთანასწორობას, უსინდისოდ მაღალ პრემიებს, რუსულ მავთულხლართებს, ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას, ფსევდომართლმადიდებლობას ამოფარებული პოლიტიკოსების დემაგოგიას და რაც ყველაზე მთავარია საშინელ საკადრო დეფიციტს ადგილობრივ დონეზე, მივიღებთ სწორედ იმ შედეგს რა შედეგითაც დასრულდა თვითმართველობის არჩევნების პირველი ტაიმი.

მაგრამ ცხადია ეს თამაშის დასასრული არ არის.

მეორე და ყველაზე საინტერესო ტაიმი (თუ გნებავთ ოვერტაიმი) წინ გვაქვს.

მცირე შესვენების შემდეგ წინა პლანზე უკვე წაგებული პოლიტიკური ძალები გამოვლენ, რომელთა ელექტორატიც (უნდათ ეს თუ არა მათ ლიდერებს), ნაციონალური მოძრაობის ბუნებრივი მოწინააღმდეგე და მაშასადამე ქართული ოცნების ბუნებრივი მოკავშირეა.

ამიტომაც მეორე ტურში, როდესაც ქართული ოცნების ერთადერთი ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობა იქნება, ისიც ვინც 2014 წლის 15 ივნისს ხმა სხვას მისცა და ისიც ვინც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, წავა და ნაციონალურ წარსულში დაბრუნების შიშით, გახუნებული ოცნების 41 ნომერს შემოხაზავს.

მაგრამ ამავე დროს, ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში სჭირდება ფორმაში შესასვლელად და ეს გამარჯვება მოიპოვა არა იმიტომ ის ამას იმსახურებს ან უკეთესად თამაშობს.

ან იმიტომ რომ ეს დემოკრატიის ზეიმია.

არამედ იმიტომ, რომ ამ თამაშის წესები თავიდანვე ნათელი იყო.

ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა!

ამ წესებით გამარჯვება კი საამაყო სულაც არ არის.

ამირან გიგუაშვილი

16 ივნისი 2014 წელი