ვინ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე ?
18-10-2014
ვინ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე ?
ამ ბლოგის დაწერას საპირველოქტომბროდ, ანუ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე ვაპირებდი. შეიძლება ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ ვფიქრობ კითხვა, რომელიც ბლოგის სათაურად გამოვიტანე თავის აქტუალობას კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს. მინიმუმ 2020 წლამდე.
პრინციპში ეს კითხვა ისედაც აქტუალურია განვლილი ორი წლის მანძილზე. უფრო ზუსტად კი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ რაც თითქოსდა დაუმარცხებელი ნაციონალური მონოლითი, მეტად ჭრელმა და ერთი შეხედვით არამდგრადმა მეოცნებეთა კონგლომერატმა დაამარცხა.
მაშ, რას გვასწავლის ეს ორი წელიწადი?
ოცნების გაკვეთილებიდან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ საერთო სურათისთვის რამდენიმე მათგანის გამოყოფაც საკმარისია.
განვლილი ორმა წელმა პირველ რიგში დაგვანახა (უკვე მერამდენედ), რომ ყველაფერი არც ისე ადვილია, როგორც ეს ოცნებებში წარმოგვედგინა.
ამ ორი წელმა ასევე დაგვანახა, რომ ქვეყანაში ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ეს ჰგონიათ მთავრობაში
(ან უნდათ, რომ ჩვენ გვეგონოს), მაგრამ ამავე დროს ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ჰგონიათ ოპოზიციაში (ძირითადად ნაციონალურ ოპოზიციაში).
განვლილი ორი წელი გვასწავლის, რომ არ არსებობს არავითარი საკრალური სამართლიანობის აღდგენა და ეს პოლიტიკურ ლოზუნგიც ისეთივე ბლეფია, როგორც დემოკრატიის მანათობელი შუქურა.
მაგრამ ამავე დროს დღევანდელი მართლმსაჯულება გაცილებით ჰუმანური და მიახლოებულია სამართლიანობასთან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო და ეს პირველ რიგში სწორედ ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
ორი წლის შემდეგ ვხედავთ, რომ ადამიანებს უწინდებურად უჭირთ, მაგრამ უწინდებურად არ ეშინიათ ხმამაღლა ლაპარაკის.
ამავე დროს პოლიციაში და პროკურატურაში უწინდებურად მრავლად არიან ლავრენტი ბერიას გადმონაშთები, რომლებიც დღესაც ისეთივე ხალისით ასრულებენ ჯალათის როლს და ბინძურ დაკვეთებს, როგორც ამას აკეთებდნენ მერაბიშვილი-ადეიშვილი-ახალაიას მინისტრობისას და ხშირ შემთხვევაში ამ "დაუფასებელ შრომაში" გადაჭარბებულ თვითშემოქმედებასაც იჩენენ, რითიც პირველ რიგში საკუთარ ხელმძღვანელობას ვნებენ.
ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყანაში კვლავაც უმეცრება და შეუწყნარებლობა მძლავრობს.
რომ ეს ქვეყანა, მიუხედავად ეკლესიების სიმრავლისა, დღეს იმაზე შორს არის უფლისგან, ვიდრე გუშინ იყო. ადამიანების რწმენას კი კვლავაც 30 ვერცხლის ფასი აქვს (განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის).
რომ ჯერ-ჯერობით არც ამ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება ძლიერი, განათლებული და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებული სახელმწიფო ააშენოს.
რომ გასაოცარ დემოკრატიამდე და ნამდვილ ევროპულ ღირებულებებამდე, ჯერ კიდევ ძალიან შორია.
რომ ასეთი და ამის მსგავსი საპირისპირო შედარებების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.
და რომ არ არსებობს აბსოლიტურად დამნაშავე ან მართალი ერთი მხარე, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლიტური მიწიერი ჭეშმარიტება.
მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც გვასწავლის განვლილი ორი წელიწადი...
ყველაზე მთავარი, რამაც არ შეიძლება არ შეგაშფოთოს და რის გამოც ყველა პატიოსანი ადამიანი საკუთარმა მოქალაქეობრივმა თვითშეგნებამ ღრმად უნდა დააფიქროს, ეს მთავარი პოლიტიკური ფიგურის და ამავე დროს ამ ქვეყნის საჭადრაკო პარტიის შემქმნელის, ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლებაა.
დიახ, 2012 წლის 01 ოქტომბრის შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გადამწყვეტი სიტყვა ამ ერთი შეხედვით უბრალო, არაფრით გამორჩეულ და მოკრძალებულ ადამიანს ეკუთვნის.
პირველმა შთაბეჭდილებამ არ მოგატყუოთ.
ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია მიუხედავად მისი ვერბალური ემოციურობისა, სრულიად გაწონასწორებული და პრაგმატული, გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
ეს არის კაცი რომელსაც, მიუხედავად იმისა ღიად გამოვა ასპარეზზე თუ ჩრდილში იქნება (და მით უმეტეს თუ ჩრდილში იქნება), მის ხელთ არსებული უზარმაზარი ფულადი რესურსით და ხელისუფლების წევრთა მხრიდან მის წინაშე არსებული ფსიქოლოგიურ-მორალური ვალდებულებებით თუ პირადი ავტორიტეტით, პროცესების მართვაზე თავისთავად გააჩნია პრაქტიკულად შეუზღუდავი ზეგავლენა.
მხოლოდ მას ძალუძს კონკრეტულ ფიგურებს, მათ შორის მასთან დაპირისპირებულ მოთამაშეებსაც კი საკუთარი, მათთვის განსაზღვრული როლები მიუჩინოს.
ორი წლის გადასახედიდან პოლიტიკური ველი საქართველოში პრაქტიკულად ცარიელია და მთავარი პრობლემაც სწორედ ეს არის.
დღეს არ არსებობს ორგანიზებული ძალა ან გაერთიანება, რომელსაც შეუძლია არჩევნების გზით მმართველი კოალიციის დამარცხება.
პოპულარულ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ღრმა სიცრუეში იმყოფებიან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში ასეთი კონკურენციის გაწევა შეეძლება. მთავარი ოპოზიციური ძალის როლი მათ სწორედ მოქმედმა კოალიციამ განუსაზღვრა და ისინი ამ ფუნქციას მანამდე შეასრულებენ, ვიდრე ეს კოალიციას აწყობს.
რაც შეეხება დანარჩენ მოფუნდამენტალისტო ჯგუფებს და პუტინის რუსეთის სატელიტ პოლიტიკურ წარმონაქმნებს ის, რომ მათ უკან ქართველი ხალხის მხოლოდ ძალიან ვიწრო ელექტორატი დგას, უკანასკნელმა ორმა არჩევნებმაც დაადასტურა.
შესაბამისად არ არსებობს სივრცე, სადაც მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფლო ენერგია კონცეტრირდება.
ხოლო უკონკურენციო გარემო ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც შობს სტაგნაციას, ჭაობს, საიდანაც სუფთად ამოსვლა (თუ საერთოდ ამოხვედი) შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია განჭვრეტად 2020 წლამდე მმართველი კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, თავად ბიძინა ივანიშვილია, მისივე განუსაზღვრელი ძალაუფლებით და ამ ძალაუფლების წინაშე, თვითცენზურით შებორკილი ხელისუფლებით.
სხვა რეალური საშიშროება, მიუხედავად პრობლემათა სიმრავლისა და აქტუალობისა, ოცნების კოალიციას ორი წლის გადასახედიდან არ ემუქრება.
მე დიდი იმედი მაქვს, ეს საშიშროება ყველაზე უკეთ თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს გააზრებული, რადგან თუ მის ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას თვალს გადავავლებთ, გაუთვალისწინებელი გარემოებები მის ცხოვრებაში პრაქტიკულად არ ხდება.
თქვენ რა თქმა უნდა აღშფოთდებით და მეტყვით, რომ ეს შეუძლებელია.
მეტყვით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია.
რომ მე უბრალოდ მეშინია ბიძინა ივანიშვილის.
ან უარესი, მე მოხიბლული ვარ ბიძინა ივანიშვილით.
მე კი გიპასუხებთ, რომ ორი წელი პოლიტიკაში არაფერია.
მეტიც, 8 წელიც არაფერია პოლიტიკაში.
8 წელი პოლიტიკაში 9 წელზე ნაკლებია.
თორემ აგერ ნახავთ,
აღდგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიო...

ამირან გიგუაშვილი
15 ოქტომბერი 2014 წელი
zako
20 ოქტომბერი 2016 13:56
ეს არის ნიცჰიერი კაცის გაკეტებული გრმა ანალიზი კველაპერი ზუსტად ახდა
zurab
17 ნოემბერი 2014 10:38
ძალიან საინტერესო შეფასება გახლავთ,გმადლობთ
saqme
09 ნოემბერი 2014 07:55
ინგა მიდი წინამძღვრისშვილის 47-ში იქ არის უბინაოებისთვის საინტერესო წინადადება

რედაქტორის რჩევით