ნუ დაკარგავთ გასაღებს ბატონო პრემიერო! - კვირის პალიტრა

ნუ დაკარგავთ გასაღებს ბატონო პრემიერო!

კვირის, თვის, წლის და შეიძლება ითქვას ოცნების ხელისუფლების უკვე განვლილი თუ კიდევ გასავლელი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ფარული მოსმენების ანუ ე.წ. გასაღებების კანონპროექტია. შექმნილი სურათი იმდენად დრამატულია, რომ ბატონმა პრემიერმა ღიად დაუკავშირა საკითხის სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტა საკუთარი ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობას და ყველა ვინც მის პოზიციას არ იზიარებს, სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა.

ანუ თქვენს წინაშე ჩემი სახით "ქვეყნის უსაფრთხოების მტერი", "სამშობლოს მოღალატე" და "ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული" ადვოკატია.

მე მაპატიეთ, მაგრამ ვერც ერთ ამ ეპითეტს ვერ მივიღებ ბატონო პრემიერო.

სულაც არ ვაპირებ ეხლა სულელურად თავის მართლებას და ყანწით ხელში ჩემი სიყვარულის მტკიცებას პრემიერის და მაშასადამე სამშობლოს წინაშე.

არც ის მგონია, რომ ჩემი ტელეფონის მოსმენაა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი.

და მით უმეტეს არც იმას ვფიქრობ, რომ ყველა ვისაც თავისუფლად სუნთქვა და სიარული უნდა ამ ქვეყანაში, მის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

მაგრამ, რადგანაც თემამ სამართლებრივის გარდა, თავისთავად შეიძინა პოლიტიკური ელფერი, მსურს თქვენი ყურადღება მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ასპექტს მივაპყრო, რომელთა შესახებაც დარწმუნებული ვარ ისედაც შესანიშნავად იცით ბატონო პრემიერო.

პირველი. გეთანხმებით, რომ დღეს ყველაზე ნაკლებად სწორედ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მორალური უფლება ფარული მოსმენების უკანონობასა და უზნეობაზე გვესაუბროს. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში დღესაც მტვერი ედება ნაციონალური ხელისუფლების დროს დაზარალებული იმ ათასობით მოქალაქის განცხადებებს, რომელთა გამოძიება და სათანადო რეაგირებაც სწორედ თქვენი კოალიციის მთავარი წინაასარჩევნო პოლიტიკური დაპირება იყო. ნაციონალური ხელისუფლების ყველაზე პროფესიონალი მომსმენები, ჰაკერები და მოთვალთვალეები კი დღესაც წარმატებულად მუშაობენ საქართველოს შსს თუ სხვადასხვა სპეცსამსახურებში და პრემიებს პრემიებზე იღებენ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის (თუ სამშობლოს "მოღალატე მოქალაქეების" თვალთვალისა და მოსმენებისათვის??).

მეორე. გეთანხმებით, რომ საკითხი თავისი მნიშვნელობით სცილდება უბრალო კანონპროექტს და სახელმწიფოს უსაფრთხოება ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების საზრუნავი უნდა იყოს. ამავე დროს, მსურს დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება კანონის გარეშე, ხოლო კანონი ადამიანების და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარეშე. სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველების და ჟურნალისტების ფუნქცია კი არა ხელისუფლებისათვის გუნდრუკის კმევა, არამედ "მოდარაჯე ძაღლის" როლის შესრულებაა და სახელმწიფოც მაშინ დასუსტდება, როცა ამ ძაღლის ყეფა წკმუტუნად, ბოლოს კი კუდის ქიცინად გადაიქცევა.

და ბოლოს მესამე და ყველაზე მთავარი. ჩვენი ერთობლივი მიზანი, საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ყველანი ასე ვამაყობთ, ცხადია მნიშვნელოვანწილად თქვენი ხელისუფლების წარმატებაა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ. ამავე დროს, სწორედ ამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტში პირდაპირ და ცალსახად არის მითითებული საქართველოს ვალდებულების შესახებ, ციტატა: თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კანონის უზენაესობის შემდგომ ხელშეწყობაზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

და აქვე: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა საფუძვლად დაედება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობას. (კარი მე-3 თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება).

სწორედ ამ პირობების გააზრება უფრო ფართო კონტექსტში, პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებასთან და ასოცირების ხელშეკრულების საერთო სულისკვეთებასთან ერთად, არის ის ძირითადი მექანიზმი, რომლითაც გვეძლევა უნიკალური შანსი (ვინ იცის ბოლოჯერაც) დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ბედის უკუღმართობამ და ისტორიის ქარტეხილებმა დროებით გამოგვაძევა.

არც ერთ თავისუფალ ევროპელს არ სჭირდება საზოგადოება, რომლის წევრებიც ჩურჩულით ლაპარაკობენ.

დღეს ამ უნიკალური შანსის გასაღები მხოლოდ თქვენს ხელშია ბატონო პრემიერო.

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში გადავა თუ დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელსაც ფარულ მოსმენებზე წვდომის ექსკლუზიური უფლება ექნება სასამართლო ნებართვის საფუძველზე. მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუზღუდავად და განუკითხავად აღარ შეეძლოს ჩვენი პირადი ცხოვრების კონტროლი.

ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება რომელიმე მინისტრის ან ჩინოვნიკის კეთილსინდისიერებას ვენდოთ და დავიჯეროთ, რომ ისინი იქნებიან უკეთესები, ვიდრე მათი წინამორბედები იყვნენ.

ჩვენი ნდობა მხოლოდ კანონს და კანონმორჩილ ინსტიტუციებს შეიძლება ეფუძნებოდეს.

ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ხელმძღვანელობდეს, შეხედულებების, რწმენის, პოლიტიკური გემოვნების და თანამდებობის მიუხედავად.

ნამდვილად მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო წარმატებული, ვიდრე მანამდე არსებული რომელიმე ხელისუფალი და სხვებისგან განსხვავებით თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც გქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად იაროთ, ისუნთქოთ და ილაპარაკოთ (თუნდაც მობილურ ტელეფონზე) თქვენს მიერ გაუმჯებესებულ ქვეყანაში.

გულწრფელად თქვენი კეთილისმსურველი.

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე

24 ნოემბერი 2014 წელი