პოლიტიკური პარტიების 2015 წელი (ფსიქოანალიტიკური ბლოგი)
პოლიტიკური პარტიების 2015 წელი (ფსიქოანალიტიკური ბლოგი)
გაცხელებული საცივის, გოჭის ხორცის, გოზინაყის, ჩურჩხელების და სავალდებულო განსხვავებული სასმელების შემდეგ, ზუსტად იმის დროა დავფიქრდეთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. უფრო სწორედ დავფიქრდეთ იმაზე, რას შეიძლება ველოდოთ სიტყვით უხვი და საქმით ღარიბი, ქვეყნის ნგრევაში ნაქები და ერთმანეთის დაჭმაში გამოწრთობილი ჩვენი "მშობლიური" პოლიტიკური პარტიებისგან.

მაშ ასე,

კოალიცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს 2015 წელი

ქვეცნობიერი მეუბნება, რომ ეს წელი აშკარად ოცნების ნიშნით ჩაივლის.
ეს იქნება ყველაზე რთული პერიოდი ახალგაზრდა პრემიერ მინისტრისა და მისი სამთავრობო
გუნდისათვის.
უფრო გულწრფელები თუ ვიქნებით, "მისი" ამ შემთხვევაში ძალიან პირობითი ცნებაა, რადგანც როდესაც ვამბობთ პრემიერ მინისტრს, ცნობიერშიც და ქვეცნობიერშიც ვგულისხმობთ ქვეყნის პირველ მოქალაქეს და როდესაც ვამბობთ კოალიცია ქართულ ოცნებას, ასევე ვგულისხმობთ ქვეყნის პირველ მოქალაქეს.
ოცნების პრობლემაც სწორედ ეგ არის.
მთავარი ფაქტორი, რის გამოც მმართველი კოალიციისადმი
ნდობის კოეფიციენტი სულ უფრო დაღმავალი ხდება, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ჩრდილქვეშ მოქცეული მთავრობაა. ფორმულა: ნოლი პასუხისმგებლობა და განუსაზღვრელი გავლენა, რიგით ქოცშიც კი დაბნეულობას იწვევს, აღარაფერს ვამბობ სამართლიანობის აღდგენის ფუჭად მომლოდნე ელექტორატის იმ ნაწილზე, რომლებიც პატიოსნად იდგნენ რიგში საარჩევნო ყუთებთან 2012 წლის 1 ოქტომბერს.
ქართველებს არ უყვართ გაურკვევლობა. ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობას გავურბივართ, თორემ სხვისგან როგორ უნდა მოვითხოვოთ მოვლა-პატრონობა შესანიშნავად ვიცით.
ამიტომაც ფრაზები: ესენი ადამიანებს მაინც არ აწამებენ. მთავარია, რომ თავისუფლად ვსუნთქავთ. არაფერს აკეთებენ, მაგრამ არც არაფერს აფუჭებენ და ა.შ. 2015 წელს საკმარისი აღარ იქნება.
ხალხს იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე არაფრის გაფუჭებაა. ერთი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის და ამჟამად ცნობილი პატიმრის გამონათქვამს რომ დავესესხოთ: ხალხს გაუმჯობესებელი ნაციონალური მოძრაობა სჭირდება!

მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა 2015 წელს

"მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს!" კუნძულ ელბადან დაბრუნებულ ნაპოლეონს ეს უკვდავი სიტყვები ფრანგების შესახებ რომ არ ეთქვა, უთუოდ რუსთავი 2 -ზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი ჩართვისას იტყოდა.
თუ ოცნების პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში ყოფნაა, ნაციონალური მოძრაობის პრობლემა მიხეილ სააკაშვილის და მისი გაცვეთილი სახეების ჰიპერაქტიურობაა. იგივე პათეტიკა, იგივე რადიკალიზმი, იგივე ტყუილები, იგივე პოპულიზმი და პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბების აშკარა ნიშნები. ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო მთავარი: საკუთარ წიაღში შობილი ახალი სახეების ლიდერებად შემოთავაზება და საზოგადოების დარწმუნება, რომ ისინი გაუმჯობესდნენ. მეტიც, ფროიდის თეორიები სულაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა მოიქცევა ზუსტად ისევე, როგორც იქცეოდა. ანუ უფრო ცუდად, ვიდრე იქცეოდა...

ირაკლი ალასანია და თავისუფალი დემოკრატები 2015 წელს

თეორიულად მიმდინარე წელს ყველაზე კარგი შანსები ახლადშობილ ოპოზიციურ მოძრაობას უნდა ჰქონდეს, თუმცა ირაკლი ალასანიას პრობლემა ზოგადად ის არის, რომ მას შანსები ყოველთვის თეორიულად აქვს. მისი დიპლომატიური თავაზიანობა და პოლიტკორექტულობა, ქვეცნობიერად მტკიცე ხელზე, ანუ პატრონზე მეოცნებე ქართველ ამომრჩეველს აპათიაში აგდებს. ნიშა, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა უნდა დაიკავონ ჯერ არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან თავისით არაფერი მოგეცემა, თუ ხელიდან არ გამოგლიჯე. ქართული პოლიტიკის ქვისხანაში იმარჯვებს არა ის, ვისაც ყველაზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული, ან ვისაც ყველაზე მეტი მეგობარი ჰყავს დასავლეთში, არამედ ის ვისაც ყველაზე დიდი კბილები აქვს. ასეთი კბილები კი თავისუფალ დემოკრატებს ჯერ არ ამოსვლიათ და საეჭვოა 2015 წელს ამოუვიდეთ.

ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და სხვები...

თუ ნერვები ჯერ კიდევ შემოგრჩათ გამაგრდით, რადგან მთელი "სიამოვნება" წინ გელით.
ოცნების პოპულარობის კლების, ნაციონალების გამარგინალების და რაფინირებული თავისუფალი დემოკრატების ფონზე, ყველაზე დიდი შანსი 2015 წელი თავის წლად აქციოს ირმა ინაშვილს და მის მომავალ მოკავშირეებს ექნებათ. ძნელია წარმოიდგინო "პისეცის" შუბაში გამოწყობილი ნინო ბურჯანაძე "ტელეგრეიკა" მოსხმული ირმა ინაშვილის გვერდით, მაგრამ ქართულ პოლიტიკას ამაზე უარესი ტანდემებიც უნახავს. ცალ-ცალკე ვერც ერთი ეს "დამა" ქალი ვერ მოახერხებს პოლიტიკურ პროცესების მართვისათვის საჭირო ელექტორატის შეგროვებას, ერთად კი სხვა ორიენტაციადაკარგულ პარტიებთან ალიანსში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ.

ძირითადი სურათი 2015 წელს სავარაუდოდ ასეთი იქნება.

ანუ ტრადიციულად პოლიტიკურ ავანსცენაზე იქნებიან ცუდები და უარესები.

თუ რა თქმა უნდა ისეთი ზეციური მნიშვნელობის მოვლენამ არ იქუხა, როგორიც ქვეყნის პირველი მოქალაქის დაბრუნებაა ქართულ პოლიტიკაში.

მოვლენების ამგვარად განვითარებაში ჩაღრმავებას კი თვით ზიგმუნდ ფროიდიც ვერ მოახერხებდა

ამირან გიგუაშვილი
2015 წლის 05 იანვარი
nia
12 იანვარი 2015 22:01

თუ რა თქმა უნდა ისეთი ზეციური მნიშვნელობის მოვლენამ არ იქუხა, როგორიც ქვეყნის პირველი მოქალაქის დაბრუნებაა ქართულ პოლიტიკაში.
მომეწონა ძალიან :) :) :)
ცუდია
11 იანვარი 2015 12:24
ეს სტატია ისევე ეხება ფსიქოანალიზს, როგორც მე ამ წამს შარლიზ სტერონს.
neirtali
10 იანვარი 2015 19:48
ყველაფერი სწორად იყო ჩამოყალიბებული, გარდა ერთისა: "ტელოგრეიკის" პატრონიც სულ მცირე ხანში "ნორკის შუბით" შეიმოსება, თუ ავტორის წინასწარმეტყველება გამართლდა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ხვანჭკარა
750 მლ
წითელი ნახევრად ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია /
2014 წ
41.95
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები