რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას - კვირის პალიტრა

რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას

(რამდენიმე არგუმენტი, პრეზიდენტის არგუმენტების საწინააღმდეგოდ)

ვფიქრობ თუ რამე სასწაული არ მოხდა, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.

იფიქრებთ, მაშ რა აზრი აქვს იმაზე წერას, რაც ისედაც წინასწარ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი ძველი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, წერას ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ მოვლენების განვითარებას ვერ შეცვლი.

ნინო გვენეტაძის დასახელებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა. პირველი მისი პროფესიონალიზმია.

ვერაფერს დაუწუნებ.

რა თქმა უნდა ნინო გვენეტაძე პროფესიონალია.

რა თქმა უნდა იმ სიაში, საიდანაც პრეზიდენტს არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდა, ნინო გვენეტაძეზე უკეთესი კანდიდატურები პროფესიული ნიშნით ცოტანი იყვნენ (ან შეიძლება საერთოდაც არ იყვნენ).

ცხადია, რომ თავისთავად კონკურსის წესით უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, პრეზიდენტის მიერ გადადგმული მოსაწონი ნაბიჯი იყო.

მაგრამ მიუხედავად ამისა,

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი სტატუსით და გავლენით, პირველ რიგში პოლიტიკური ფიგურაა და შემდეგ უკვე ადმინიტრატორი.

განვლილი ყბადაღებული 9 წლის მანძილზე ჩვენ ყველამ ვნახეთ, რას ნიშნავდა პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული, პოლიტიკურად ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა და შერჩევითი მართლმსაჯულება, რაშიც ცხადია თავისი წილი პასუხისმგებლობა სწორედ მის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ეკისრება.

სამეცნიერო წრეებში სადაო არ არის, რომ იურისტ კონსტანტინე კუბლაშვილის კვალიფიკაცია გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე იურისტ ნინო გვენეტაძის. შესაბამისად ფაქტია, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმი, რაზეც პრეზიდენტი აპელირებდა, კარგი თავმჯდომარეობისთვის საკმარისი სულაც არ არის.

მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი ნინო გვენეტაძის "პოლიტიკურად საინტერესო წარსულია", რომელიც ვფიქრობ სულაც არ არის არც საინტერესო და მით უმეტეს არც სახარბიელო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ ნინო გვენეტაძის მიერ რესპუბლიკური პარტიის დატოვება, მაღალი ალბათობით სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისათვის მზადების დაწყებას ემსახურებოდა და ასეთი იაფფასიანი ტრიუკების მაღალფარდოვნებით შეფუთვა არც პრეზიდენტ მარგველშვილს ეკადრება და არც ქართულ საზოგადოებას.

მესამე არგუმენტი ნინო გვენეტაძის პრინციპულობაა. ფაქტები გნებავთ, კი ბატონო! შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია ე.წ. "მეამბოხე მოსამართლეების" საქმე გავიხსენოთ.

რა თქმა უნდა ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავას და დავით სულაქველიძის განდევნა სასმართლო სისტემიდან წმინდაწყლის პოლიტიკური აქტი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თითქოსდა ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის სასარგებლოდ, სინამდვილეში მისი ყველაზე სუსტი წერტილია.

ნინო გვენეტაძის არჩევა ამ თანამდებობაზე, უფრო სამართლიანობის აღდგენას ჰგავს, ვიდრე საკადრო გადაწყვეტილებას. სამართლიანობის აქტს, საიდანაც შურისძიებამდე სულ ერთი ნაბიჯია.

ჩვენ კი შურისძიების დრო არ გვაქვს.

ჩვენ ეხლა რეფორმები გვჭირდება. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები, ინოვაციური ხედვებით, რომელთაც შეუძლიათ მთები გადააბრუნონ და სულ არ აინტერესებთ ათი წლის წინ ვინ ვის ებრძოდა და ვის რა ინტერესები ჰქონდა.

ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არც ერთი კომპეტენტური განცხადება რა სიახლის შემოტანას აპირებს მომავალი თავმჯდომარე. რომელი ქვეყნების სასამართლოს სისტემაა მისთვის პრიორიტეტული. როგორ აპირებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

ან როგორ უნდა შეძლოს მომავალმა თავმჯდომარემ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვა მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურის ზეგავლენით უკვე მორჩილად აცხადებს, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა მისაღებია?!

სწორედ ამიტომ, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მხოლოდ ეს ერთი განცხადებაც საკმარისი იქნებოდა მისიკანდიდატურის ჩასაგდებად.

მაგრამ ჩვენ ასეთი საოცნებო დემოკრატია ჯერ არ გვაქვს.

ამიტომაც ალბათ ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩევენ. მოსამართლეთა უმრავლესობა კი კვლავ ისეთივე დუმილით და ტაშისკვრით შეხვდება მის არჩევას, როგორც თავის დროზე მის მიმართ განხორციელებულ უსამართლობას შეხვდა.

მაშინ ალბათ ვერც ეს მოსამართლეები და ვერც ქალბატონი ნინო ვერ წარმოიდგენდა სამართლიანობის აღდგენის ამგვარ კონფიგურაციას.

ასეთია საკითხის ჩემეული, ერთგვარად ფილოსოფიური ხედვა, ბატონო პრეზიდენტო!

ღრმა პატივისცემით,

ადვოკატი

ამირან გიგუაშვილი

24 თებერვალი 2015 წელი