რატომ უნდა უყურონ მოსწავლეებმა ციხის კადრებს - კვირის პალიტრა

რატომ უნდა უყურონ მოსწავლეებმა ციხის კადრებს

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადგილზე.

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, წარმოვიდგინოთ რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნების" ლიდერი რომ ყოფილიყო.

დარწმუნებული ვარ, 2012 წლის 02 ოქტომბერს, ანუ არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი პირადად მიუჯდებოდა ბულდოზერის საჭეს და პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, გლდანის ციხის, როგორც ბოროტების სიმბოლოს დანგრევას დაიწყებდა.

და ვერც ვერავინ გაამტყუნებდა...

ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი, სწორედ ე.წ. "ციხის კადრებს" მიუძღვით. პირადად ვიცნობ ათეულობით ადამიანს, ვინც საბოლოო გადაწყვეტილება, საარჩევნო ბიულეტენში 41 ნომერი შემოეხაზა, სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ მიიღო.

დღეს შეიძლება ბევრი ვიდაოთ ციხის კადრების რეალურობასა და ხელოვნურობაზე. ვინ დადგა ეს სცენები, ვინ მიიღო მონაწილეობა, რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ კადრების გამავრცელებლებს და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მასიურად ხდებოდა ადამიანების წამება, დაშინება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და მკვლელობებიც კი.

მე პირადად, როგორც მოქმედ ადვოკატს, შემიძლია დაგისახელოთ უამრავი პატიმარი, რომლებმაც გლდანის ციხის სადამსჯელო მექანიზმი სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნიეს, მათ შორის გლდანის ციხის კარანტინის დაშლის შეურაცხყოფა და ცინიზმი.

დღესაც კი, როდესაც გლდანის ციხეში პატიმართან შესახვედრად შევდივარ, მუდმივად თან მდევს უსიამოვნო შეგრძნება, რომ შეიძლება უკან ვეღარ გამოვიდე.

ეს შეგრძნება იმ დროინდელია. როცა არავინ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე და მათ შორის ადვოკატებიც, არ ვიყავით დაცულები გლდანის ჯურღმულებში მოხვედრისაგან.

ჰიროსიმაში არის მუზეუმი. ეს შენობა აგებულია სწორედ იმ ადგილას, სადაც ამერიკული ბომბდამშენიდან ჩამოგდებული ატომური ბომბის პირველი სხივი დაეცა აფეთქებისას. ადრე აქ სკოლა იყო, ომის დროს კი ჰოსპიტალი. როდესაც ამ შენობიდან გამოდიხარ, თუ ოდნავ მაინც შერჩენილი გაქვს ადამიანობა, სურვილი გიჩნდება პირველივე შემხვედრ იაპონელს მოუბოდიშო.

ცოცხლად დამწვარი ადამიანების სურათები. შვილებს გადაფარებული, ნაცრად ქცეული დედების მაკეტები. გამქრალი ადამიანების აჩრდილები ქუჩებში. დანგრეული შენობების ექსპოზიცია. უსაშინლესი ადამიანური ტრაგედიების ამსახველი ვიდეო ილუსტრაციები. რადიაციის მსხვერპლთა სულისშემძვრელი ისტორიები და სურათები, სურათები, სურათები..

ყველაფერს ბოლომდე ვერ გაიაზრებ და ვერც გადმოსცემ.

ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

ეს ის მომენტია, როდესაც გინდა საკუთარ თავს გაექცე და ნანახი რაც შეიძლება მალე დაივიწყო, მაგრამ თუ ჰიროსიმას მუზეუმში ერთხელ მაინც მოხვდი, მისი დავიწყება შეუძლებელია.

როგორც წესი არ ვსვამ, მაგრამ ამ დღეს მე და ჩემი მეგობრები უგონოდ დავთვერით...

ვაგინეთ ტრუმენსაც, სტალინსაც, ამერიკელებსაც, რუსებსაც, იაპონელებსაც, ომის მომგონსაც და საერთოდ კაცობრიობას ვაგინეთ.

ყველაზე ძალიან, რამაც გამაკვირვა ამ მუზეუმის დათვალიერებისას, სკოლის მოსწავლეთა სიმრავლე იყო. იაპონიაში პრაქტიკულად არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის პროგრამაშიც ჰიროსიმას ან ნაგასაკის ატომური აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისამდი აღმართული მემორიალების ვიზიტი და პატივის მიგება სავალდებულო კომპონენტი არ იყოს.

ხოდა ყველაზე მეტად იაპონური სკოლების დირექტორებს ვაგინეთ, ბავშვები რომ ამ საშინელების სანახავად დაჰყავთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიდაოთ იმ ფილმის მიკერძოებულობაზე და ხარისხზე, რომელიც დღეს საბჭოთა ეპოქის საუკეთესო სულისკვეთებით დააქვთ რეგიონებში და კოლექტიურ ჩვენებებს აწყობენ. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა ცენზურის დაცვა. უკეთესი იქნებოდა, ფილმის მიზანი არა პოლიტიკური მესიჯები, არამედ წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრისადმი გაკეთებული ჰუმანური გზავნილი ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უახლოესი ისტორიის ეს ფურცელი არა თუ დავიწყებას არ უნდა მიეცეს, არამედ კარგად უნდა გაანალიზდეს.

რატომ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა.

როგორ გახდნენ ჩვენივე თანამოქალაქეები, მეზობლები, მეგობრები, ახალგაზრდები, მსხვერპლნიც და ჯალათებიც.

რატომ არ უნდა მიეცეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუზღუდავი ძალაუფლება, საიდანაც გარყვნილებამდე და ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია.

ისევე, როგორც ევროპელები არ ივიწყებენ წარსულს და მასობრივ სასკოლო ექსკურსიებზე დაჰყავთ ბავშვები ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში.

გლდანის ციხე, როგორც ბოროტების სიმბოლო, 2012 წლის 02 ოქტომბერსვე უნდა დანგრეულიყო, ან მუზეუმად გადაკეთებულიყო.

ჩვენი შელახული თავმოყვარეობის გამო, ატირებული კაცების გამო, დანგრეული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების გამო, სისტემური თუ ინდივიდუალური სისასტიკის გამო, თავად ნაციონალური მოძრაობის გამო, რომლის წევრთა თუ მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს ბოროტება ისეთივე მიუღებელია, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის.

ჩვენი შვილების გამო.

რომ მათ მაინც იცხოვრონ უკეთეს საქართველოში. იმ საქართველოში, სადაც ადამიანს, რადგან ის პატიმარია, სულში არ ჩააფურთხებენ.

გლდანის ციხე აღარ უნდა არსებობდეს!

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი.

20 მარტი 2015 წელი