რატომ უნდა უყურონ მოსწავლეებმა ციხის კადრებს
რატომ უნდა უყურონ მოსწავლეებმა ციხის კადრებს
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადგილზე.

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, წარმოვიდგინოთ რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნების" ლიდერი რომ ყოფილიყო.

დარწმუნებული ვარ, 2012 წლის 02 ოქტომბერს, ანუ არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი პირადად მიუჯდებოდა ბულდოზერის საჭეს და პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, გლდანის ციხის, როგორც ბოროტების სიმბოლოს დანგრევას დაიწყებდა.
და ვერც ვერავინ გაამტყუნებდა...

ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი, სწორედ ე.წ. "ციხის კადრებს" მიუძღვით. პირადად
ვიცნობ ათეულობით ადამიანს, ვინც საბოლოო გადაწყვეტილება, საარჩევნო ბიულეტენში 41 ნომერი შემოეხაზა, სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ მიიღო.

დღეს შეიძლება ბევრი ვიდაოთ ციხის კადრების რეალურობასა და ხელოვნურობაზე. ვინ დადგა ეს სცენები, ვინ მიიღო მონაწილეობა, რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ კადრების გამავრცელებლებს და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მასიურად ხდებოდა ადამიანების წამება, დაშინება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და მკვლელობებიც კი.

მე პირადად, როგორც მოქმედ ადვოკატს, შემიძლია დაგისახელოთ უამრავი პატიმარი, რომლებმაც გლდანის ციხის სადამსჯელო მექანიზმი სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნიეს, მათ შორის გლდანის ციხის კარანტინის დაშლის შეურაცხყოფა და ცინიზმი.

დღესაც კი, როდესაც გლდანის ციხეში პატიმართან შესახვედრად შევდივარ, მუდმივად თან მდევს უსიამოვნო შეგრძნება, რომ შეიძლება უკან ვეღარ გამოვიდე.

ეს შეგრძნება იმ დროინდელია. როცა არავინ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე და მათ შორის ადვოკატებიც, არ ვიყავით დაცულები გლდანის ჯურღმულებში მოხვედრისაგან.

ჰიროსიმაში არის მუზეუმი. ეს შენობა აგებულია სწორედ იმ ადგილას, სადაც ამერიკული ბომბდამშენიდან ჩამოგდებული ატომური ბომბის პირველი სხივი დაეცა აფეთქებისას. ადრე აქ სკოლა იყო, ომის დროს კი ჰოსპიტალი. როდესაც ამ შენობიდან გამოდიხარ, თუ ოდნავ მაინც შერჩენილი გაქვს ადამიანობა, სურვილი გიჩნდება პირველივე შემხვედრ იაპონელს მოუბოდიშო.

ცოცხლად დამწვარი ადამიანების სურათები. შვილებს გადაფარებული, ნაცრად ქცეული დედების მაკეტები. გამქრალი ადამიანების აჩრდილები ქუჩებში. დანგრეული შენობების ექსპოზიცია. უსაშინლესი ადამიანური ტრაგედიების ამსახველი ვიდეო ილუსტრაციები. რადიაციის მსხვერპლთა სულისშემძვრელი ისტორიები და სურათები, სურათები, სურათები..

ყველაფერს ბოლომდე ვერ გაიაზრებ და ვერც გადმოსცემ.
ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

ეს ის მომენტია, როდესაც გინდა საკუთარ თავს გაექცე და ნანახი რაც შეიძლება მალე დაივიწყო, მაგრამ თუ ჰიროსიმას მუზეუმში ერთხელ მაინც მოხვდი, მისი დავიწყება შეუძლებელია.

როგორც წესი არ ვსვამ, მაგრამ ამ დღეს მე და ჩემი მეგობრები უგონოდ დავთვერით...
ვაგინეთ ტრუმენსაც, სტალინსაც, ამერიკელებსაც, რუსებსაც, იაპონელებსაც, ომის მომგონსაც და საერთოდ კაცობრიობას ვაგინეთ.

ყველაზე ძალიან, რამაც გამაკვირვა ამ მუზეუმის დათვალიერებისას, სკოლის მოსწავლეთა სიმრავლე იყო. იაპონიაში პრაქტიკულად არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის პროგრამაშიც ჰიროსიმას ან ნაგასაკის ატომური აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისამდი აღმართული მემორიალების ვიზიტი და პატივის მიგება სავალდებულო კომპონენტი არ იყოს.

ხოდა ყველაზე მეტად იაპონური სკოლების დირექტორებს ვაგინეთ, ბავშვები რომ ამ საშინელების სანახავად დაჰყავთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიდაოთ იმ ფილმის მიკერძოებულობაზე და ხარისხზე, რომელიც დღეს საბჭოთა ეპოქის საუკეთესო სულისკვეთებით დააქვთ რეგიონებში და კოლექტიურ ჩვენებებს აწყობენ. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა ცენზურის დაცვა. უკეთესი იქნებოდა, ფილმის მიზანი არა პოლიტიკური მესიჯები, არამედ წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრისადმი გაკეთებული ჰუმანური გზავნილი ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უახლოესი ისტორიის ეს ფურცელი არა თუ დავიწყებას არ უნდა მიეცეს, არამედ კარგად უნდა გაანალიზდეს.
რატომ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა.

როგორ გახდნენ ჩვენივე თანამოქალაქეები, მეზობლები, მეგობრები, ახალგაზრდები, მსხვერპლნიც და ჯალათებიც.

რატომ არ უნდა მიეცეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუზღუდავი ძალაუფლება, საიდანაც გარყვნილებამდე და ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია.

ისევე, როგორც ევროპელები არ ივიწყებენ წარსულს და მასობრივ სასკოლო ექსკურსიებზე დაჰყავთ ბავშვები ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში.

გლდანის ციხე, როგორც ბოროტების სიმბოლო, 2012 წლის 02 ოქტომბერსვე უნდა დანგრეულიყო, ან მუზეუმად გადაკეთებულიყო.

ჩვენი შელახული თავმოყვარეობის გამო, ატირებული კაცების გამო, დანგრეული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების გამო, სისტემური თუ ინდივიდუალური სისასტიკის გამო, თავად ნაციონალური მოძრაობის გამო, რომლის წევრთა თუ მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს ბოროტება ისეთივე მიუღებელია, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის.

ჩვენი შვილების გამო.
რომ მათ მაინც იცხოვრონ უკეთეს საქართველოში. იმ საქართველოში, სადაც ადამიანს, რადგან ის პატიმარია, სულში არ ჩააფურთხებენ.

გლდანის ციხე აღარ უნდა არსებობდეს!

ამირან გიგუაშვილი
ადვოკატი.
20 მარტი 2015 წელი
მკითხველის კომენტარი (26)
gogidze
21 მარტი 2015 15:24
ზურა სოხუმელს.საბჭოთა კავშირზე ატომური ბომბის ჩამოგდება სერიოზულად განიხილებოდა ტრუმენის დროს მაგრამ ამერიკელი ანალიტიკოსები დროზე მოეგენ გონს და გადააფიქრებინეს რადგან თავისუფალ მსოფლიოს კი არა ევრაზიის და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტები ერთი დიდი საბჭოთა კავშირი იქნებოდა.ალიასკიდანსულ სირბილით გადავიდოდა საბჭოთა ჯარი ამერიკის კონტინენტზე და მეყოლეთ ვარდივითო დაიძახებდნენ.ისე ესეთი გეგმა ქონდა სტალინს,რამენაირად წამოეკიდა ამერიკაც,როგორც გერმანია წამიოკიდა და ომი დააწყებინა საბჭოეთის წინააღმდეგ
goga
21 მარტი 2015 15:13
საზოგადოება,რომელიც ქუჩაში აუტისტი ბავშვის მშობელს ზიზღით უყურებს,ქურდობას და ყაჩაღობას კაი ბიჭობად მიიჩნევს,გაჭირვებულის დანახვაზე კი გულისრევის შეგრძნება ეუფლება და მოხუცები ბალასტად მიაჩნია მეტის ღირსია ვიდრე უბრალოდ ცოცხები და იმ პატიმრების უმრავლესობამ ვისაც ხალხმა თანაგრძნობა გამოუცხადა და დახმარების ხელი გაუჭოდა ისევ მათ დაუწყო ძარცვა.მუზეუმი გამოასწორებს ადამიანებში ჩაბუდებულ ბოღმას?
archil
20 მარტი 2015 21:18
ჩვენ გვჭირდება ხალხის და ქვეყნის მოყვარული მთავრობა. მე ვეთანხმები ბატონ ამირანს."დავაიტე რებიატა ჟიტ დრუჟნა."
ზურაბ სოხუმელი
20 მარტი 2015 21:11
სტალინი საგინებელი რომაა ფაქტია, ხოლო ტრუმენი მხოლოდ იმიტომაა საგინებელი რომ იაპონიას ორი ატომური ბომბი დაარტყა-დაერტყა ერთი-იაპონიას ეყოფოდა, ხოლო მეორე დაერტყა სტალინზე მოსკოვზე-განადგურდებოდა სტალინი და პრავასლავნუტი რუსეთის ბოროტების იმპერია იქნებოდა თავისუფალი, მშვიდობიანი, მაღალგანვითარებული მსოფლიო და საქართველოც ამ თავისუფალ სამყაროში იქნებოდა.
qeti
20 მარტი 2015 20:53
ბავშვების მოტყუებით მიყვანას ამ კადრების სანახაბად,ამორალურობის თვალსაზრისით,ვერ შეედრება სააკაშვილის ვერცერთი მოქმედება და ვერც ეს კადრები,ნამდვილიც რომ იყოს(თუმცა უკვე ყველა ხვდება,რომ ეს შეკვეთილი შოუ იყო).
ხოლო ამ საქციელის "გამპრავებელი" ადამიანების არსებობა,მე პირადად მაშინებს...
მერცხალი
20 მარტი 2015 20:46
ნუთუ განსხვავებას ვერ ხედავ ???მუზეუმში არის მტრის მიერ დაბომბილი და გადადგურებული ქვეყნის სურათები. ბავშვებმა უნდა იცოდეს მტერი ვინ არის.ჩვენ მტერი საერტოდ არ გვახსოვს.რატომ რუსების მიერ განადგურებულ და გადამწვარი სოფლების სურათებს არ აჩვენებთ?ისე ხაინდრავას მიერი სოფელ აღაიანთან ერთი ავტობუსი ახალგაზრდა ბიჭების ამოწყვეტის სურათებსაც ხომ არ დადებით,სისხლის მდინარეები რომ მიედინებოდა.ქართველი არის მტრის არ მცნობი და მოყვრის მგმობი.ასე იყო და ასე იქნება ალბატ სამწუხაროდ
უჩა
20 მარტი 2015 18:09
მოიცა, ვერ გავიგე, ამირან ბატონო, ბავშვების მიერ ამ საშინელი კადრების (რომლების უმეტესობაც დადგმულია!) ნახვას ამართლებთ?! ეგ გარეწრობა თავად ღარიბაშვილმა დაგმო (როცა მიხვდა რომ მიჰქარეს), და თვენ ამართლებთ? ეგ როგორ?

თანაც რომ წერთ, ჩემო პატივცემულო, "მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მასიურად ხდებოდა ადამიანების წამება, დაშინება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და მკვლელობებიც კი" - ეხლა არ ხდება ასე ჩვენს ციხეებში? არადა, უკვე 2,5 წელია რაც ეს მთავრობაა მოსული.

ამან ხომ სულ "დაგლიჯა" - ""ჩვენი შელახული თავმოყვარეობის გამო, ატირებული კაცების გამო, დანგრეული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების გამო, სისტემური თუ ინდივიდუალური სისასტიკის გამო, თავად ნაციონალური მოძრაობის გამო"". როგორც რუსები იტყვიან, я плакал :) აღარ დაიღალეთ ამ მარაზმატიკული პათოსით? ვერ ხედავთ ეს "ნიჭიერი" მთავრობა როგორ ყოველდღიურად და მეთოდურად ანგრევს ქვეყანას?! კიდე ნაციონალებს აგინებთ და თანაც ასე სამარცხვინოდ? დროზე მოეგეთ გონს, თქვენთვის და ქვეყნისთვის ასე ჯობია!
ნუგზარი
20 მარტი 2015 17:12
ფილმში გიორგი სააკაძეში და ძველ ქართულ ისტორიულ კინოებში სადაც ურჯულოები ქალაქებსა და სოფლებს გვიწიოკებდნენ და გვიწვავდნენ, არის ისეთი კადრებიც ბავშვებს ცეცხლში გვიყრიდნენ, ჩვენ ვაშკაც მეომრებს სახრჩობელებზე კიდებდნენ და თავებს კვეთავდნენ. შახაბასმა გიორგის შვილის თავი სკივრით გამოუგზავნა, რა ვქნათ, იქნებ ეს ფილმებიც აგვეკრძალა? ეხლა ხომ კარგი დამოკიდებულება გვაქვს სპარსებთან, ისევე როგორც „დავკოჰაბიტირდით“ ნაციონალებთან!!
იქნებ მითხრათ ვინმემ, რა არ გაუკეთა ნაციონალებმა საქართველოს რაც ურჯულოებმა დამართეს ჩვენ გასაცოდავებულ ქვეყანას? ნაცები იტყვით ხომ არ გადაუწვიათო, ხომ არ დაუნგრევიათო, ხომ აშენებდნენო! მამაცხონებულებო რუსების ხელით განადგურებული საქართველო 2008-ში და წართმეული ტერიტორიები სპარსებს დავაბრალოთ?
არა ჩემო თანამემამულენო, ნაციონალური პარტია უნდა აიკრძალოს საქართველოში და თუ გონს არ მოეგებიან ქოცებიც მივაყოლოთ მაგათ. ქოცები იმის გულისთვის რომ ხალხს დანაპირები ვერცერთი ვერ შეუსრულეს, დაწყებული სამართლიანობის აღდგენიდან დამთავრებული სამუშაო ადგილების შექმნამდე.
უკაცრავად რომ თემას გადაუხვიე. რაც შეეხება ბავშვებს და მათთვის ფილმების ჩვენებას, თუ ბავშვები მოინდომებენ დღეს ინტერნეტი ღიაა მათთვის ათასგვარი საზიზღრობების სანახავად, მათ შორის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის კადრებიც. ასე რომ თუ ნახავენ ამ სისხლიანი რეჟიმის ნამოქმედარს ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს მისი ქვეყნის ისტორია ისე როგორც იყო და არა ისე როგორც ამას რუსთავი-2 აშუქებს.
- ნაციონალებმა მათ შვილებს აყურებიონ მათი ტელევიზიის გადმოცემული ისტორიული ზღაპრები, რომ შვილებმაც არ შეიძულონ, ჩვენ მაგათი კარნახი არ გვჭირდება და მითუმეტეს მაგათი მთავრობაში დაბრუნება.
manana
20 მარტი 2015 16:40
თუნდაც ერთი იაპონელი ბავშვის ცრემლებს რომელი პოლიტიკური მოღვაწე გადასწონის ნეტავი.
rasamaxa
20 მარტი 2015 16:06
სიმართლის ბოლომდე თქმა არ გვიყვარს ! ისით თქვით და დაწერეთ ვინ ცადიოდა კონკრეტულად ამ სისასტიკიეს და რომ საპროცესოა მასთან გაფორმებული ! ის არ დაგავიწყდეთ, რომ დღემდე არავინ არ ყავს პროკურატურას დაზარალებულად ცნობილი ან გაუპატიურების ან არაადამიანური მოპყრობის კუთხით ! არ აწხობთ და იმიტომ ! გამოძიება ისეთი რაღაცაა ადრე თუ გვიან დადგება საკითხი საიდან გაჩნდა კადრები, ვინ ინახავდა და ვინ მოიპოვა ?!? აქ კიდევ ქოცებს უჭირთ !

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?