როგორ (არ) ჩავბარდეთ რუსებს - კვირის პალიტრა

როგორ (არ) ჩავბარდეთ რუსებს

(უკუღმა წასაკითხი ბლოგი)

აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობაში გაორმაგდა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი. სამაგიეროდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა პირველად დამოუკიდებლობის ოცი წლის განმავლობაში პრობლემათა სამეულის მიღმა გადაინაცვლა.

ასეთია ოცნების მესამე, შეპირებული "უკეთესი" წლის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი.

ჭაბუა ამირეჯიბის ყველასათვის საყვარელ რომანში, "დათა თუთაშხია" ერთი ცნობილი ამბავია კაციჭამია ვირთხების გამოყვანის შესახებ.

რომანში შემთავაზებული მეთოდი ორგვარია.

კაციჭამია ვირთხების შიმშილით და კაციჭამია ვირთხების სიმაძღრით გამოყვანის მეთოდი.

მიუხედავად ამ მეთოდების ტექნიკური სხვაობისა, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია: შიმშილითაც და სიმაძღრითაც ჩვეულებრივი ვირთხებიდან ერთი, ყველაზე ძლიერი და მზაკვარი, მოძმეების შეჭმის შედეგად არაჩვეულებრივ, ანუ კაციჭამია ვირთხად გადაიქცევა.

თვითგადარჩენის ინსტიქტი ამ შემთხვევაში, სელექციონერის ყველაზე უტყუარი და გამოცდილი საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც იგი საკუთარ მიზანს აღწევს.

ჩემი აზრით საერთოდ, "დათა თუთაშხიას", როგორც რომანის პოპულარობა, არა იმდენად მისმა მხატვრულმა ღირებულებამ, არამედ ამ რომანის გმირების ადამიანური ბუნების შეულამაზებლად წარმოჩინებამ განაპირობა. ამ წიგნში ადამიანები ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ისინი უნდა იყვნენ და რომელთა მსგავსებიც ჩვენს გვერდით მრავლად ცხოვრობენ. მეტიც, თითოეულ ჩვენგანში აუცილებლად არის როგორც დათა თუთაშხია, ისე მუშნი ზარანდია და ჩვენშიც მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა ამ ორ უმთავრეს საწყისს, კეთილსა და ბოროტს შორის.

სამწუხაროდ ის, რაც ახასიათებთ ვირთხებს, ბუნების კანონზომიერებიდან გამომდინარე არც ადამიანებისთვის არის უცხო.

როცა კუჭი მშიერია, გონებაში მაღალ მატერიებზე ფიქრისთვის ადგილი აღარ რჩება.

ეს რა თქმა უნდა საუკეთესო შედარება არ არის, მაგრამ ეს ის რეალობაა რაც დღეს გვაქვს.

რამდენიმე დღის წინ, კვლევის შედეგებით აღშფოთებული ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, თუ იცი ვინ არის საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრიო და ვერ გავიხსენე.

დარწმუნებული ვარ ამ ბლოგის მკითხველების უმეტესობამ ასევე არ იცის მისი ვინაობა.

ისევე როგორც არ იცის საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების უმრავლესობამ.

შესაბამისად ერის, როგორც ერთიანი თვითმყოფადი ორგანიზმის დაშლის და ინდივიდუალურ ინსტიქტებამდე დაყვანის ყველაზე უტყუარი მეთოდიც

ხელისგულზე დევს:

ნაკლები განათლება,

ნაკლები ფასეულობები,

მეტი გაჭირვება.

არ ავუხსნათ საკუთარ მოსახლეობას როგორი უნდა იყოს მათი ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, რატომ უნდა იყოს მათი ხვალინდელი დღე არა უკან საბჭოთა კავშირში (ანუ ევრაზიაში), არამედ წინ ევროპაში.

არ ავკრძალოთ მზარდი კოლაბორაციონიზმი.

დავუჯეროთ ფსევდო ერისკაცებს და ფსევდო ღთვისმსახურებს.

გავემიჯნოთ ცივილიზებულ სამყაროს.

ჩავიქროთ თვალის სინათლე.

დავემსგავსოთ პრიმიტიულ მღრღნელებს.

ჩავიკეტოთ საკუთარ უმეცრებაში.

და მაშინ, სადმე ბნელ სოროში შეყუჟულები, როდესაც უკან მოვიხედებით, დავინახავთ ჩვენს ნაცრისფერ, გულისამრევ კუდებს და აუცილებლად შეგვრცხვება.

თუმცა მაშინ ალბათ უკვე ძალიან გვიან იქნება...

ამირან გიგუაშვილი

15 მაისი 2015 წელი