როგორ გავაღწიოთ ფეკალიებით სავსე მდინარის ნაპირიდან - კვირის პალიტრა

როგორ გავაღწიოთ ფეკალიებით სავსე მდინარის ნაპირიდან

(ანუ რას იზამდა გაუმჯობესებული მიშა)

დაუჯერებელია, მაგრამ 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორ წელიწადნახევარში, საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილიც ერთხმად დაირაზმა ირგვლივ გამეფებული უსამართლობის დასამარცხებლად, ნოსტალგიას განიცდის ნაციონალური წესრიგის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლების უყურადღებობაზე საყვედური არ გამოუთქვამთ და ამ მხრივ, მთავრობამ მართლაც ეფექტიანად იმუშავა, დღეს ყოველი მეორე შემხვედრი კითხვაზე, როგორ აფასებს ოცნების ხელისუფლებას, ხელს ჩაიქნევდა და დაახლოებით ასეთ პასუხს გაგცემდათ: ნაციონალების დროს წესრიგი მაინც იყო.

საერთოდ, მტკიცე ხელის კულტი, ის ფენომენია, რომელსაც ერთი შეხედვით, თითქოს ლოგიკური ახსნა არ აქვს, მაგრამ ამავე დროს სრულიად მწყობრი და ფსიქოლოგიური განვითარების თანმიმდევრული დასაბუთება გააჩნია.

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც ასე ნაცნობი სტალინის კულტი. პარადოქსია, მაგრამ როგორც წესი, ყველაზე თავგადაკლული სტალინისტები, უმეტეს შემთხვევაში რეპრესირებული ოჯახის შთამომავლები არიან. თვით რეპრესირებულთა უდიდესი ნაწილიც, განსაკუთრებით კი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბელადმა იმ უსამართლობის და სისასტიკის შესახებ, რაც გულაგებში ხდებოდა არაფერი იცოდა. პარადოქსია, რომ ამ აბსურდამდე პრიმიტიული თეორიის, უფრო მეტად სწორედ ინტელექტუალებს სჯეროდათ, ვიდრე რიგით ობივატელებს.

რა თქმა უნდა, აქ საქმე მარტივად სულაც არ არის. აქ არის ფსიქოლოგიური, ემოციური, ეთნიკური და კულტურული მიზეზების მთელი წყება, რომელთაც დღემდე აქტიურად იკვლევენ მეცნიერები, მაგრამ არის ერთი მიზეზი. მიზეზთა მიზეზი, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ ამოუხსნელი ფენომენის ქვაკუთხედია და რომლის გარეშეც ყველა დანარჩენი მიზეზი, უბრალოდ არ იარსებებდა.

ეს მიზეზი გაღებული მსხვერპლის სინდრომია.

დაუჯერებელია, მაგრამ 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორ წელიწადნახევარში, საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილიც ერთხმად დაირაზმა ირგვლივ გამეფებული უსამართლობის დასამარცხებლად, ნოსტალგიას განიცდის ნაციონალური წესრიგის მიმართ.

რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ გაღებული მსხვერპლის სინდრომი არ მუშაობს.

ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს იმდროინდელი პროკურატურა, ან იმდროინდელი სასამართლო სისტემა ენატრება და არც იმას, რომ თუ ხვალ არჩევნები ჩატარდებოდა ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა, მაგრამ ერთი წამით მაინც რომ დავუშვათ ისეთი შესაძლებლობა, სადაც არჩევანი გასაკეთებელი გვექნებოდა ერთის მხრივ მოქმედ კოალიციასა და მეორე მხრივ, ერთი ცნობილი პატიმრის გამონათქვამს თუ დავესესხებით, გაუმჯობესებულ მიშას შორის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაუმჯობესებული მიშა თავის გუნდთან ერთად, აბსოლიტური უმრავლესობით მოვიდოდა ხელისუფლებაში.

თუ როგორი უნდა იყოს გაუმჯობესებული მიშა (იდიოტებისთვის განვმარტავ, რომ გაუმჯობესებული მიშა არ ნიშნავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პერსონალურად), ამაზე სასაუბრო სხვა ბლოგებისთვის დავიტოვოთ, ამჯერად კი ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა მოდერნიზებული მიშა ისეთ ექსტრემალური სიტუაციაში, სადაც მოქმედმა მთავრობამ მიუხედავად გაწეული სამუშაოებისა, პოზიტივის ნაცვლად, ნეგატიური ქულები დააგროვა.

13 მაისის სტიქია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

ყველა საკითხი მოექცეოდა ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის მართვის ქვეშ, რომელიც მოცემული კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის მეთაურის მიერ პრაქტიკულად შეუზღუდავი აღმასრულებელი ძალაუფლებით იქნებოდა აღჭურვილი.

შეიქმნებოდა კომისია, რომელიც ტრაგედიის გამომწვევ რეალურ მიზეზებს დაადგენდა და სულელური განცხადებები უფრო დიდ გვირაბზე, თუ უფრო განიერ გზებზე არ გაკეთებოდა.

გამოძიებული იქნებოდა, თუ როგორ და რატომ აღმოჩნდნენ მტაცებელი ცხოველები ვოლიერებს გარეთ და რამდენად კანონის ფარგლებში იმუშავა ზოოპარკის ადმინისტრაციამ სტიქიის ღამეს.

ზოოპარკის დირექტორი სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში სირბილს და ურთიერთსაწინაამდეგო განცხადებების გაკეთებას ვერ გაბედავდა.

აღიწერებოდა სტიქიამდე არსებული ცხოველების რაოდენობა და შედარდებოდა აღმოჩენილი, დაღუპული და დაბრუნებული ცხოველების რაოდენობას, რაზეც შედგებოდა შესაბამისი ოქმი.

სპეციალური სამსახურების მიერ, ძირისძირობამდე შემოწმდებოდა ზოოპარკის ირგვლივ არსებული ტერიტორია და თუ რომელიმე ჩინოვნიკის გულგრილობის მიზეზით ინციდენტი თავიდან ვერ იქნებოდა აცილებული, ეს არა სტიქიას, არამედ კონკრეტულ თანამდებობის პირებს დაბრალდებოდათ, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ.

იმ ნულოვანი სოციალური პასუსხმგებლობის მქონე კომპანიის მენეჯერები, რომელმაც საკანალიზაციო კოლექტორი მდინარე ვერაში მოაქცია და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, დღეს უკვე პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემულები.

არა მხოლოდ პიარისთვის, არამედ განცდისთვის, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები, მათ შორის გარდაცვლილი და დაზარალებული ოჯახების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობა, უკეთესად იქნებოდა გაშუქებული და მიტანილი საზოგადოების თითოეულ წევრამდე.

ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ არის მოვლენების შესაძლო განვითარების საუკეთესო გზა, მაგრამ ეს უცილობლად უკეთესია იმაზე, რაც ჩვენ დავინახეთ.

საზოგადოებას გაუმჯობესებული, კოორდნირებული და დისციპლინირებული მთავრობა სჭირდება.

ეს ტრაგედია გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის.

სხვაგვარად ჩვენ ისევ იმ მდინარის პირას დავრჩებით, სადაც ჩვენი შვილები ყოველგვარი პოლიტიკური დაკვეთების გარეშე მუშაობდნენ მოხალისეებად. მდინარის პირას, სადაც მკაცრი ხელის არ არსებობისგან გათავხედებული კომპანიის მიზეზით, ქალაქის ფეკალური მასები ჩაედინებოდნენ.

ამირან გიგუაშვილი

23 ივნისი 2015 წელი