ნადირობა პრეზიდენტზე
29-07-2015
ნადირობა პრეზიდენტზე
(მხატვრულ-ფილოსოფიური ბლოგი)

ქართული პოლიტიკის სან-სეიმ და ქვეყნის პირველმა მოქალაქემ საშემოდგომოდ პრეზიდენტზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა.


თანამედროვე იაპონელი კლასიკოსის, ჰარუკი მურაკამის შესანიშნავ რომანში "ნადირობა ცხვარზე" მოთხრობილია ამბავი კაცის შესახებ, რომელიც ჰოკაიდოს მთებში ზურგზე ვარსკვლამგამოსახული ცხვრის მოსაძებნად გაემართება. სიმბოლოებით აღსავსე ამ ისტორიაში მთავარი არის ის, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი, რომლის სულიც სხვადასხვა ადამიანებში სახლდება, საბოლოოდ თავად გადაიქცევა ადამიანებზე მონადირედ და მის მსხვერპლად რომანის გმირები იქცევიან. ცხვარზე მონადირე უცნაური კაცი კი რომანის
ბოლოს სრულიად განსხვავებულად დაინახავს სამყაროს და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება.

მოკლედ ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს რომანი წაკითხული გირჩევთ წაიკითხოთ, ხოლო მათ ვისაც წაკითხული გაქვთ ან კიდევ მხატვრული ლიტერატურა საერთოდ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ თანამედროვე ქართული პოლიტიკის კლასიკით დატკბეთ.
სიუჟეტი ამ შემთხვევაში გაცილებით მძაფრი და
პანორამულია. ქართულ პოლიტიკურ თრილერში არის არა მხოლოდ სულის რეინკარნაციის პრობლემა, ან გინდაც ფრანკენშტეინისეული შემოქმედის წინააღმდეგ გალაშქრების მარადიული სურვილი, არამედ ბიბლიური მასშტაბის პრობლემატიკა მადლის დაუნახაობის შესახებ.

თუ არსებულ მოცემულებას პრიმიტიულად შევხედავთ, ამ სახარებისეულ უძღებ შვილს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი უკავია. მისი შემოქმედი კი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირი, თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მთავარი მოქმედი გმირი, ბიძინა ივანიშვილია.

ამ ორთაბრძოლაში ძალები რა თქმა უნდა აშკარად უთანასწოროა.
ერთ მხარეს დგას ქვეყნის ყველა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ბერკეტების ფაქტობრივი მფლობელი და ქართული სინამდვილისთვის უზარმაზარი მატერიალური რესურსების მქონე პიროვნება, ხოლო მეორეს მხარეს ნომინალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, მაგრამ რეალური ძალაუფლების არ მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მისსავე შემოქმედს აუმხედრდა.

ამირან გიგუაშვილი
ნიშანდობლივია ქვეყნის ვიცე პრემიერის, კახა კალაძის განცხადება, რომელიც მან ნადირობის ახალი სეზონის გახსნისთანავე გააკეთა:
"პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი
"

ვერაფერს იტყვი. კახა კალაძის ეს განცხადება ისეთივე შიშველი სიმართლეა, რამდენადაც პოლიტკორექტულობისგან თავისუფალი. მეც, თქვენც და მათაც, ვინც 2013 წლის 27 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენში 41 ნომერი შემოხაზა, ხმა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისადმი ჭარბ ნდობას და ავტორიტეტს მისცა.
შესაბამისად თითქოს მეც, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი, თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად უნდა ვგრძნობდე უძღები შვილის უეცარი განდგომის გამო და ქოქოლას ვაყრიდე მოღალატე, როგორც მოქმედი პრემიერი იტყოდა, "ჭეშმარიტად ნაციონალურ" პრეზიდენტს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩემი ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაფრით ემთხვევა ოცნების მომხრეთა უდიდესი ნაწილის ემოციურ და ფსიქოანალიტიკურ განწყობებს.
მიზეზი ამ შემთხვევაში სულაც არ არის მოქმედი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი დაპირებების გამო დაგროვილი უკმაყოფილება.
არც იმას ვფიქრობ, რომ 2013 წელს შეცდომა დავუშვი, როდესაც ბიძინა ივანიშვილსადმი ნდობის გამო საარჩევნო ბიულეტენში გიორგი მარგველაშვილი შემოვხაზე.

დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები რომელიც 2012 წლის შემდეგ მოხდა, აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის. ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი გვასწავლა და მეტი გამოცდილება შეგვძინა თითოეულ ჩვენთაგანს.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისათვის, უმთავრესი ამ ორთაბრძოლაში, წმინდა ადამიანური ფაქტორი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სახელმწიფოებრივი ინტერესებია.

შეძლებს თუ არა მონობისათვის განწირული გმირი ბორკილების დამსხვრევას და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას?
გაუძლებს თუ არა პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ერთის მხრივ მისი ყოფილი გუნდის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ზეწოლას, ხოლო მეორეს მხრივ ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ ცდუნებებს, რათა ობიექტურობის ასე საჭირო და თავისუფალი ნიშა დაიკავოს არსებულ პოლიტიკურ იერარქიაში?

მოახერხებს თუ არა ნომინალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, საერთო სახალხო სიყვარულის და ნდობის მოპოვებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ხვალინდელი დღისა და ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის?
ჩემი მოკრძალებული აზრით, გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის უმთავრესი მისია სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში მდგომარეობს, რადგან თუ რამის დეფიციტია დღეს საქართველოში და თუ რამე აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას, ეს თავისუფალი ადამიანია.
ღირსების მქონე, თავისუფალი ადამიანი!

ეს არის მისი მოსანადირებელი ზურგზე ვარსკვლავებგამოსახული ცხვარი და თუ გნებავთ მის მიერ მოსაძებნი გრაალის თასიც.
ეს არის მისი ბრუნჰილდა, რომელიც მოუთმენლად ელოდება თავის მხსნელს.
მანამდე კი განმათავისუფლებელმა ჯერ საკუთარი ბორკილები უნდა დაამსხვრიოს.
მიდი ჯანგო მიდი, ამ ფილმში ჩვენ შენი გულშემატკივრები ვართ!
ასეთია ჟანრის კანონი.

შენ კი მკითხველო წინასწარ ნურც ჩამქოლავ და ნურც დამეთანხმები, არამედ ჩაანალიზე ეს......


ამირან გიგუაშვილი


რედაქტორის რჩევით