ორიოდ სიტყვა ირმა ინაშვილის პრორუსულობაზე, რესპუბლიკელების ევროპელობაზე და დემოკრატიის ფასზე
23-11-2015
ორიოდ სიტყვა ირმა ინაშვილის პრორუსულობაზე, რესპუბლიკელების ევროპელობაზე და დემოკრატიის ფასზე
”ამ ბლოგს არ დავწერდი, რომ არა ქალბატონი მინისტრის ეს რბილად რომ ვთქვათ, დემაგოგიური განცხადება”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ირმა ინაშვილის სახით დამარცხდა რუსული პროექტი და გაიმარჯვა ქვეყნის ერთ-ერთმა უფრო ყველაზე მკვეთრად გამოხატულმა პროდასავლურმა ძალამ, რესპუბლიკურმა პარტიამ.
თავისთავად ამ ბლოგს არ დავწერდი, რომ არა ქალბატონი მინისტრის ეს რბილად რომ ვთქვათ, დემაგოგიური განცხადება. და არა იმიტომ, რომ ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი შეგნებულად, თუ შეუგნებლად პრორუსულ პლატფორმაზე არ
დგანან. პირადად მე არასოდეს მივცემდი ხმას მათ კანდიდატს.

მიმაჩნია, რომ ანტიდასავლურ, ფსევდო ეროვნულ, ფსევდო მართლმადიდებლურ მოტივებზე აპელირებით, როგორც პატრიოტთა ალიანსი, ისე მათი მონათესავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებები ქვეყნის იზოლაციონალისტურ პოლიტიკას ემსახურებიან, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის. მაგრამ ამავე დროს, ვერ გავიზიარებ ორ თეზას, რომლის საზოგადოებისთვის
თავს მოხვევასაც ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები.
პირველი თეზა არის ის, რომ რუსეთის ინტერესებთან ბრძოლის წითელი ხაზი საქართველოში, დღეს რესპუბლიკურ პარტიაზე, კონკრეტულად კი მის ლიდერშიფზე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე გადის.

საგარეჯოს შუალედური არჩევნების შეფასებებისას, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ პირველივე დღეებიდან რაც ის დაინიშნა, რუსებს პრობლემები ჰქონდათ მისი თავდაცვის მინისტრობასთან. ეს მრავალმნიშვნელოვანი წინადადება ადამიანურ ენაზე ნიშნავდა შემდეგს:

-მან, როგორც თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ან შეიძლება შეუქმნას რუსებს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის მტრები უკიდურესად შეშფოთებულები არიან.
-ირმა ინაშვილს რუსეთი მხარს რეალურად უჭერდა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც თავდაცვის მინისტრს აქვს (ან უნდა ჰქონდეს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს) და შესაბამისად მისი დამარცხებით შუალედურ არჩევნებში, დამარცხდა არა უბრალოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კანდიდადატი, არამედ ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტერი და ოკუპანტი.
პრინციპში ყველა სხვა შემდგომი განცხადებები, რაც რესპუბლიკელებმა გააკთეს საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ამ კონტექსტის პირდაპირი ან არაპირდაპირი გაგრძელება იყო.

მეორე თეზა კი, რომელსაც ასევე ვერაფრის დიდებით ვერ დავეთანხმები, ბატონი დავით ბერძენიშვილის განცხადება იყო, რომლის თანხმადაც საგარეჯოს არჩევნებში დაიმსხვრა მითი, თითქოს რესპუბლიკური პარტია ერთპროცენტიანი პარტიაა.

რაც შეეხება პირველ თეზას.
ჯერ ერთი ჩვენ დღემდე არ გვინახავს რაიმე ისეთი რადიკალური ცვლილება ქვეყნის თავდაცვის კონცეფციაში, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოიწევდა. არც ამგვარი ფუნდამენტური რეფორმების მოლოდინები გაუჩენია თავდაცვის მინისტრს. ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც საიმედო ბევრი არაფერი გვაქვს და მსოფლიოში არსებული ჩვენთვის არასახარბიელო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორი მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს, არც ვარშავის მომავალ სამიტზე უნდა ველოდოთ ამ მხრივ სტრატეგიულ გარღვევას. მეორეც, თუ მართლა მხოლოდ ერთ პარტიაზე, ან მით უმეტეს ერთ ადამიანზე გადის ქვეყნის უმთავრეს მტერთან ბრძოლის ხაზი, მაშინ რეალურად უკვე არა დამარცხების საშიშროების წინაშე, არამედ ამ ბრძოლაში დამარცხებულები ვყოფილვართ და ის დროა კაპიტულაციის მეტ-ნაკლებად ღირსეულ პირობებზე ვიფიქროთ.

რაც შეეხება მეორე თეზას, რომ რესპუბლიკური პარტია ერთპროცენტიანი პარტია არ არის.
მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის ინტელექტუალური შესაძლებლობებისა, ელექტორატის სიმრავლე ნამდვილად არ არის ის უპირატესობა, რომელიც ამ ქართული სინამდვილისთვის უხუცეს პოლიტიკურ ორგანიზმს გააჩნია.
თუ ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში რომელიმე ნეიტრალურმა ამომრჩეველმა, ხმა მართლაც მისცა სახელისუფლებო კანდიდატს, მისი მოტივაცია ალბათ ყველაზე ნაკლებად სწორედ რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა იყო.
არც ის მგონია, რომ საგარეჯოელ, ან მარტვილელ ამომრჩეველს ამ არჩევნებში მაინც და მაინც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გაელაშქრა საარჩევნო სიაში 41 ნომრის შემოხაზვით.


ძირითადი რესურსი, რის გამოც ამ შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ბიძინა ივანიშვილისადმი შემორჩენილი ნდობა და სახელისუფლებო ფაქტორი იყო.

და კიდევ რაღა თქმა უნდა ჯარი.
როდესაც შენ ხარ თავდაცვის მინისტრი და არჩევნებში მონაწილეობს შენივე პარტიის კანდიდატი, რომელსაც ღია მხარდაჭერას უცხადებ, ხოლო საარჩევნო უბანში არსებობს სპეცუბანი, სადაც ხმას ჯარისკაცები აძლევენ, უკვე ჩნდება სამართლიანი არჩევნების უფლების დარღვევის გონივრული ეჭვი, რომ არჩევნები თანასწორ გარემოში არ ჩატარდა.
მით უმეტეს, როდესაც ადგილობრივი ამომრჩევლისთვისაც და საზოგადოების ფართო მასებისთვის ფაქტობრივად უცნობი კანდიდატი, მცირე ელქტორატიან ოლქში სულ რამდენიმე ხმით იმარჯვებს.

ფორმალურად შეიძლება ყველაფერი კანონიერი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი სამართლიანია. არჩევნები ხომ მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება და არც გაყალბება ნიშნავს მხოლოდ წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მაგალითი, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შუალედურ არჩევნებში გვიჩვენა, არის სახიფათო ინდიკატორი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის და როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ იმას, რაც მოხდა საგარეჯოში, ვიცავთ არა პატრიოტთა ალიანსს, არამედ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას, ვინაიდან დემოკრატიის არსი არის სწორედ ის, რომ შესაძლოა ზოგჯერ გზა უკეთესი ცხოვრებისაკენ, უმრავლესობის მიერ გაკეთებულ მცდარ არჩევანზე და მწარე გამოცდილებაზე გადიოდეს.

მხოლოდ ამ ღირებულების ჭეშმარიტად ერთგული პარტიები შეიძლება იწოდებოდნენ ქვეყნის ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად, რისი პრეტენზიაც გააჩნიათ ქართველ რესპუბლიკელებს.
კანონში არსებული ხვრელებით სარგებლობა და კაზუისტიკაზე აპელირება კი უბრალოდ დაბალი კლასის მაჩვენებელია.
ასეთია დემოკრატიის რეალური ფასი.

ამირან გიგუაშვილი
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე


რედაქტორის რჩევით