ციხე, ტყვია და სააკაშვილის ერთი შანსი - კვირის პალიტრა

ციხე, ტყვია და სააკაშვილის ერთი შანსი

მიხეილ სააკაშვილი ჩემი საყვარელი პერსონაჟია.

ან როგორ შეიძლება მის მიმართ გულგრილი იყოს კაცი, რომელსაც წერა უყვარს და ადამიანებს მათი ხასიათების მიხედვით ხედავს.

კიდევ ვინ არის ჩვენს თანამედროვე რეალობაში ისეთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია სადაც კი ცხვირს შეყოფს, ყველგან არეულდარეულობა და სიგიჟის ზღვრამდე მისული თუ გადასული დინამიურობა შეიტანოს.

ერთი ხანობა ივანიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ ის მაინც უფრო კულუარულ გმირად დარჩა, რომელშიც საბოლოოდ მონტე კრისტოს იდუმალების გავლენამ დაძლია ყველა სხვა ლიტერატურულ ხასიათს. აი სააკაშვილი კი სულ სხვა მოვლენაა.

დღეს ბევრს დაობენ თუ რატომ წავიდა იგი უკრაინულ პოლიტიკაში, რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ სხვაგვარი მიშა სააკაშვილი უბრალოდ წარმოუდგენელია.

მისთვის აქტიური პოლიტიკა არის სასიცოცხლო სივრცე. აკვარიუმი, სადაც თავს გრძნობს, როგორც პირანია, რომელიც სხვა თევზების შეჭმაზეა ორიენტირებული და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის სხვა თევზი, უბრალო ქორჭილა თუ დეკორატიული გამბუზია. შეიძლება სულაც პირანია იყოს, მასზე დიდიც, ძლიერიც და მეტად ბასრი კბილებითაც, მაგრამ პოლიტიკური მტაცებლის ბუნება, სააკაშვილის ისეთივე დამახასიათებელი შტრიხია, როგორც ის ავანტურიზმი, რომელიც მას მუდმივად დიადი მიზნებისაკენ ერეკება.

მიხეილ სააკაშვილს თავისებურად უყვარს საქართველო. იმდენად, რამდენადაც ეს მისი ჯილაა, ადგილი, სადაც მას უფრო მეტი გამოუვიდა, ვიდრე ვერ გამოუვიდა. მას ასევე უყვარს უკრაინა, სადაც უფრო ნაკლები გამოუვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მას მაინც ის დიადი მიზნები უყვარს, რომლებსაც მისი გონება და სული ისევე აქვთ შეპყრობილი, როგორც დიდ კომბინატორს 12 სკამის პოვნის სურვილი.

რა არის ეს დიადი მიზნები?!

დემოკრატია?

ხალხის კეთილდღეობა?

თავისუფლება?

სინამდვილეში ყველა ეს პოსტულატი მიხეილ სააკაშვილისთვის მიზნის მიღწევის საშუალებაა. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა კარგად იცის, რომ ყველაზე მუდმივი და მაღლა აწეული ბაირაღი სწორედ ეს ღირებულებებია და ამიტომაც თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით, ის ყოველთვის შეეცდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ამ დროშის მატარებელი იყოს. 2012 წლის არჩევნებში დამარცხების აღიარებაც ამ პოლიტიკური ინსტიქტის გამარჯვება იყო, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების ცდუნებასთან მიმართებაში.

"მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკოსი, რომელიც შეებრძოლა ვლადიმერ პუტინს",  -  ასე წარადგინა რამდენიმე დღის წინ CNN-მა ამჯერად უკვე მოქალაქეობის არ მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ეს იყო მისი პიროვნული გამარჯვების დემონსტრირება მილიონობით მაყურებლის წინაშე.

რა პერსპექტივა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?

გამარჯვების არც ერთი შანსი მილიონიდან.

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მისთვის ოლიგარქიულ-კლანური მმართველობის სისტემა იყო, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ხრავს უკრაინის უმდიდრეს რესურსებს და რომელი სისტემაც, ვიღაც ჩამოსული გასტროლიორისთვის ამ ლუკმის დათმობას სულაც არ აპირებდა.

ამ ოლიგარქიულ-მაფიოზური კლანის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ ფასად მოშორება იყო და ამ ფასს შორის, ყველაზე იაფი სწორედ მოქალაქეობის ჩამორთმევა აღმოჩნდა.

ეს შანსი მიხეილ სააკაშვილისთვისაც ერთადერთი შანსი იყო ამ ბრძოლიდან ცოცხალი და რაც მთავარია მორალურად გამარჯვებული გამოსულიყო.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ის, რაც მის მუდმივ ოცნებას წარმოადგენდა. გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე და ამასთან შეენარჩუნებინა რეფორმატორის იმიჯი. დღეს ის მსოფლიო საზოგადოების თვალში ორგზის დევნილი და უსამშობლო პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოში პრეზიდენტად ყოფნისას შეძლო სახელმწიფოს შექმნა, ხოლო უკრაინაში შეებრძოლა ოლიგარქიულ სისტემას, რომელმაც ყველაზე იაფი და ამავე დროს ყველაზე მდაბიო ხერხით შეძლო მისი თავიდან მოშორება.

ამიტომაც დღევანდელი და მით უმეტეს ხვალინდელი ისტორიისთვის, ის გადაცდომები თუ ზოგჯერ დანაშაულებრივი შეცდომებიც, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტად ყოფნისას დაუშვა (განსაკუთრებით გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას ვგულისხმობ) უმნიშვნელო იქნება იმ გლობალურ გამოწვევებთან, რომელთაც სააკაშვილი ებრძვის დონ კიხოტისებური შემართებით.

მოგვწონს ეს ფაქტი თუ არა, მოგვწონს თავად მიხეილ სააკაშვილი თუ გვძულს იგი, ვაღიარებთ მისი მმართველობის ცხრა წელს თუ ვგმობთ, ის იყო, რჩება და უახლოესი წლების განმავლობაშიც იქნება ყველაზე ბრენდული ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი მარცხი თუ გამარჯვება ელოდება წინ.

მიზნები?

შეიძლება ეს იყოს მსოფლიოს რომელიმე მივიწყებულ ქვეყანაში დემოკრატიისთვის ბრძოლა, საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა, საქართველოში დაბრუნების მცდელობა ან სულაც ამერიკის შეერთებული შტატების გათავისუფლება ოლიგარქ ტრამპის მმართველობისგან.

ვინ იცის რა მოუვა თავში დიადი იდეებით შეპყრობილ მიშას. მისთვის მთავარია, რომელიმე აკვარიუმში აღმოჩნდეს, რომ შემდეგ იქ დაატრიალოს ქარიშხალი.

სხვაგვარი მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წარმოუდგენელია.

ამირან გიგუაშვილი

28 ივლისი 2017 წელი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს