რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები - კვირის პალიტრა

რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები

„ჩვენ ვხედავთ ნაცისტების, ნეონაცისტების, ანტისემიტების პარპაშს, ის რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის კიევში. თქვენ ალბათ ნახეთ, ერთ-ერთ გუბერნატორს როგორ მოექცნენ, როდესაც სიცივეში წყალი დაასხეს და შემდეგ სარდაფში აწამებდნენ. ეს რა არის? დემოკრატიაა ასეთი? სხვათა შორის, ეს ადამიანი ახლახან იქნა დანიშნული გუბერნატორის თანამდებობაზე. სულ რომ ვივარაუდოთ, მთელი ხელისუფლება კორუმპირებულია, ამ გუბერნატორმა, დროის სიმცირის გამო, ალბათ ვერაფრის მოპარვა ვერც მოასწრო.“ - ეს გახლავთ ერთ-ერთი ციტატა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებას შეეხებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებები, მათ შორის კონკრეტული სიტყვითი კონსტუქციებიც პირდაპირ ირეკლება რუსულ საინფორმაციო საშუალებებში. ისინი იღებენ პროპაგანდისტული შეტყობინებების ფორმას და რეალიზდება რუსულ მასობრივ მედიაში.

მოცემული მეთოდების განსახორციელებლად, სიუჟეტში თუ სანიუსე პერიფრაზში წარმოდგენილი შეტყობინებები, რომლითაც ცენტრალური რუსული არხებია ნაწარმოები, ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდებია, რაც ნიუსმეიკინგში განსაზღვრული მეთოდების სახითაცაა ჩამოყალიბებული. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

მეიდნის აქციის მონაწილეები...” ამ სიტყვით კონსტრუქციაში რუსული მედია მიმართავს კარგად აპრობირებულ მეთოდს შეტყობინებების საწარმოებლად, ესენია: გაურკვეველი საქმიანობის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც არსებობენ დამნაშავე ელემენტები, ალკოჰოლის მომხმარებლები და ნარკომანები... რადიკალური განწყობის მქონე ახალგაზრდები, რომელსაც ექსტრემისტული თვალსაზრისები გააჩნიათ... ნაციონალები და ნეონაცისტები (ეს უკანასკნელი სიტყვა-შეფასებები  ვლადიმერ პუტინის მიერ არის წარმოებული და გადაცემული რუსულ საინფორმაციო საშუალებებს).

მეიდნის აქცია ფულის მეშვეობით იმართება...” ამ სიტყვით კონსტრუქციას კი მოჰყვება მახასიათებლები: უცხოური სპეცამსახურების, საერთაშორისო ტერორისტული ცენტრების...“ და ა.შ.

მეიდნის აქციის მიზნებია...” რუსული მედიასაშუალებები აქაც ცნობილ მოდელებს მიმართავენ და მეიდნის მიზნებად წარმოაჩენენ: ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა, სახელისუფლებო ორგანოების მუშაობისათვის წინააღმდეგობის გაწევა...“ და ა.შ.

 

ამ ნეგატიურ საიმიჯო და საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილ შეტყობინებებს მოსდევს „სასურველი რუსეთის“ აზრის გამომწვევი სიტყვითი კონსტრუქციები, მედიაში წარმოდგენილი შეტყობინებების მოხედვით, რუსეთის სახელმწიფო...” გვთავაზობს კონსტრუქციულ დიალოგს, იკავებს პოზიტიურ და პრაგმატულ პოზიციას, გვთავაზობს მოგვარდეს საკითხი ცივილიზებული საშუალებით, დემონსტრირებას უწევს კონსტრუქციული დიალოგისათვის მზადყოფნას, არ წარადგენს (და არც იღებს) ულტიმატუმებს, იცავს ეროვნებით რუსი მოქალაქეების ინტერესებს“ და ა.შ.

ასევეა წარმოებული მედიაშეტყობინებები რუსეთის თავდაცვითი სტრუქტურების შესაძლო მოქმედებასთან დაკავშირებით, რუსი სამშვიდობოები...” შეუპოვრად დაიცავენ კანონის მოთხოვნებს; იმოქმედებენ სიტუაციის ადეკვატურად; გამოიყენებენ შესაბამის ძალასა და საშუალებებს; შეეწინააღმდეგებიან დესტრუქციულ ძალებსა და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს; საჭიროების შემთხვევაში, იძულებით დაამყარებენ მშვიდობას; რუსი ჯარისკაცები მარტოს არ დატოვებენ რუსეთის მოქალაქეებს“ და ა.შ.

ამ სიტყვითი კონსტრუქციებისა და კომუნიკაციის საშუალების ზემოქმედებისას რომელი ადამიანი მოახერხებს თავის დაცვას შესაბამისი ზეწოლისაგან. სათანადო კონსტრუქციები ასევე გამოიყენება იმისათვის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას სათანადო ხასიათი. გათვლა აქ მარტივია, საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სტერეოტიპებით აზროვნებს: "ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს”, “რადგან ასე ამბობენ, _ ე.ი. ეს ასეა”. როგორც  წესი, აზრობრივი  და  ემოციური  ეფექტების  გასაძლიერებლად  კლასიფიკატორებს  თან  სდევს  ვიდეორიგები, ფაქტობრივი დამადასტურებელი სიუეჟეტები და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი ვიდეოები ან სრული მონტაჟია ან ნაწილობრივი.

ფაქტის  შესახებ  შეტყობინებას  თან  გასდევს  კომენტატორის  ინტერპრეტაციები, რომელიც  მაყურებელს  ან  მკითხველს  სთავაზობს  ახსნის  რამდენიმე  საზრიან  ვარიანტს. ამგვარ ფსევდოანალიტიკურ მსჯელობას ფართოდ ნახავთ ОРТ-ზე, РОССИЯ-ზე თუ რუსეთის სხვა საინფორმაციო საშუალებებში. კომენტატორის გამჭრიახობაზე  და  უნარზე  დამოკიდებულია  შექმნას აუცილებელი ვარიანტი მეტნაკლებად სიმართლის წილთან  მიახლოვებული.

სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ რუსული საინფორმაციო მედიისათვის მნიშვნელოვანია "საინფორმაციო კონფლიქტების" წინასწარ განზრახულად შექმნა. ამას მათთვის ინფორმაციულ-პროპაგანდისტული და პოლიტიკური კუთხით, მართალია მოკლევადიანი მაგრამ მაინც დივიდენდები მოაქვს. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რუსულმა მედიამ, რომელიც საერთაშორისო მედია ორგანიზაციების წევრიც არის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მრავალი საერთაშორისო მედიასაშუალებისათვის იყო ინფორმაციის მიმწოდებელი და შემდგომ, ეს ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ დასკვნებშიც აისახა გარკვეულწილად. იგივე მედიასივრცეების მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრის შედეგია, რომ დღეს ზოგიერთი რუსეთის პრეზიდენტს ნობელის პრემიაზეც წარადგენს მშვიდობის დარგში.

ამჟამად, საინფორმაციო ბრძოლის ველი კიბერ სივრცეშია გადატანილი, მოცემული კიბერ ომის პირველი შემთხვევად კი, სავარაუდოდ, 2008 წლის რუსულ-ქართული ომი შეიძლება დასახელდეს, თუმცა, ეს უკვე სხვა კვლევისა და წერილის თემაა.

არჩილ გამზარდიას ბლოგი